სამშაბათს, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ხანის დაკავებამ ქვეყანაში დიდი საპროტესტო მუხტი წარმოშვა და დემონსტრაციებმა ქუჩაში გადაინაცვლა. იმრან ხანი პაკისტანურმა ანტიკორუფციული სააგენტოს შესაბამისმა დანაყოფმა ისლამაბადის უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
პაკისტანის მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებით, იმრან ხანის დაკავება 2018 წელს, ჯერ კიდევ მისი პრემიერობის დროს თავის მეუღლესთან, ბუშრა ბიბისთან ერთად განხორციელებულ გარიგებებს უკავშირდება. პაკისტანის მინისტრთა აპარატის ზოგიერთი წევრის მტკიცებით, იმრან ხანი და მისი მეუღლე მათ მიერ მოპოვებულ ნდობასა და მათ ხელთ არსებულ კონტროლის მექანიზმებს, ქრთამის სახით პაკისტანში ძვირადღირებული მიწის ნაკვეთების მისაღებად საფარველად იყენებდნენ.
კერძოდ, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რანა სანაულა ხანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ იმრან ხანმა მოპოვებული ნდობის საფუძველზე პაკისტანელი მშენებლისაგან სავარაუდოდ უნივერსიტეტის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი მიიღო. სანაცვლოდ კი, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციამ მაგნატთან გარიგება გააფორმა, რის შედეგადაც სახელმწიფო ხაზინამ 240 მილიონი დოლარი დაკარგა.
Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის იუსტიციის მინისტრის თანახმად, იმრან ხანი სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო დააკავეს. თავად იმრან ხანი ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ უკანონოდაა დაკავებული.
შეგახსენებთ, კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავი იმრან ხანი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი 2018 წელს, პოპულარობის ზენიტში გახდა. თუმცა, 2022 წელს ეკონომიკური კრიზისის გამო ის დაკავებული თანამდებობიდან პარლამენტმა გადააყენა. მიუხედავად ამისა, იმრან ხანი საზოგადოებაში კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავდა.
Al-Jazeera-ს ინფორმაციით, იმრან ხანს კორუფციის გარდა ბრალი 100-მდე სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში მონაწილეობისათვის ედება. იმრან ხანის განცხადებით, ბრალდებების მიზანი მისთვის პოლიტიკურ აქტივობებში ხელის შეშლაა. იმრან ხანი ანტიკორუფციული ტრიბუნალის წინაშე წარდგება.