2021 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 10%-მდე გაზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანი მიმდინარე მაღალი ინფლაციის გრძელვადიან ინფლაციაში გადაზრდის პრევენციაა. შეგახსენებთ, რომ ივნისში წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები, ძირითადად, ერთჯერადია და ის არ არის კორელაციაში მონეტარულ პოლიტიკასთან. ინფლაციის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები მსოფლიო ბაზარზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფლაციაზე გავლენა შიდა მოთხოვნისა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ზრდამაც გამოიწვია. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორებმა გამოიწვია. სები იმედოვნებს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შემდეგი კვარტლიდან დაუბრუნდება.
საქართველოს ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ია. ამ მაჩვენებელზე დაბრუნების ტემპი კი ფინანსური ინტიტუტის მოსაზრებით 2022 წლიდან დაიწყება.
დატოვე კომენტარი