რატომ უნდა დახარჯოთ თქვენი ფული გამოცდილებაზე და არა ნივთებზე

რატომ უნდა დახარჯოთ თქვენი ფული გამოცდილებაზე და არა ნივთებზე

როდესაც ყოველდღე ამდენს მუშაობთ და ჩვეული ხარჯების შემდეგ მხოლოდ მცირედი ფული გრჩებათ, აუცილებელია, ეს დარჩენილი ფული სწორად დახარჯოთ. დახარჯეთ თქვენი შეზღუდული თანხები იმაზე, რაც, მეცნიერების აზრით, გაგაბედნიერებთ.

ნივთების ფლობის პარადოქსი

კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ტომას გილოვიჩის მიერ ჩატარებულმა 20-წლიანმა კვლევამ დაასკვნა: ნუ დახარჯავთ ფულს ნივთებზე. ნივთების ფლობით მიღებული ბედნიერება ძალზე ხანმოკლეა, რაც შემდეგი სამი მნიშვნელოვანი მიზეზით არის განპირობებული:

– ჩვენ ვეჩვევით ახალ ნივთებს. ის, რაც ერთ დროს ახალი და ამაღელვებელი იყო, მალევე ხდება ჩვეული.

– ჩვენი მოლოდინი და სტანდარტები მუდმივად იზრდება. ახალ შენაძენს ახალი მოლოდინი მოჰყვება. როგორც კი მივეჩვევით ახალ შენაძენს, მაშინვე კიდევ უფრო უკეთესის შეძენის სურვილი გვიჩნდება.

– “ჯონსების” ოჯახი ყოველთვის ახლომახლო დაიარება. ნივთების ფლობას ყოველთვის მოჰყვება შედარება. ვყიდულობთ ახალ მანქანას და აღფრთოვანებული ვართ ჩვენი შენაძენით მანამ, ვიდრე მეგობარი უკეთეს მანქანას არ იყიდის. ყოველთვის გამოჩნდება ის, ვისაც ჩვენზე უკეთესი აქვს. “ბედნიერების

ერთ-ერთი მტერი არის ადაპტაცია, ანუ მიჩვევა, – ამბობს გილოვიჩი. – ვყიდულობთ ნივთებს იმისათვის, რომ ბედნიერება მივიღოთ და ასეც ხდება, მაგრამ ეს ბედნიერება მხოლოდ დროებითია. ახალი ნივთები თავიდან გვანიჭებს სიხარულს, დროთა განმავლობაში კი ჩვენ მათ ვეჩვევით”.

ნივთების ფლობის პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვგონია, ახალი ნივთის ყიდვით მიღებული ბედნიერება გასტანს ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თავად ნივთი გვექნება. თითქოს ლოგიკურია ფულის ინვესტიცია იმაში, რასაც მუდმივად ვხედავთ, გვესმის ან ვეხებით, მაგრამ ეს ასე არ არის.

გამოცდილების ძალა

გილოვიჩმა და სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამოცდილება, რაოდენ სწრაფადაც არ უნდა გადიოდეს იგი, უფრო ხანგრძლივ ბედნიერებას გვანიჭებს, ვიდრე ნივთები. და აი, რატომ:

გამოცდილება ჩვენი იდენტობის ნაწილი ხდება: ჩვენ არ განვასახიერებთ იმას, რასაც ვფლობთ, მაგრამ ჩვენ ვართ იმ ყველაფრის ერთობლიობა, რაც გვინახავს, გაგვიკეთებია და სადაც ვყოფილვართ. Apple-ის მაჯის საათის ყიდვა ვერ შეცვლის თქვენს პიროვნებას, მაგრამ სამსახურიდან შვებულების აღებას და აპალაჩის ბილიკების ფეხით დალაშქვრას ნამდვილად შეუძლია თქვენი შეცვლა.

“ჩვენი გამოცდილება გაცილებით უფრო დიდ ადგილს იკავებს ჩვენს იდენტობაში, ვიდრე მატერიალური ფასეულობები, – ამბობს გილოვიჩი. – შეიძლება მართლაც ძალიან მოგწონდეთ თქვენი ნივთები, შეიძლება იმასაც კი ფიქრობდეთ, რომ თქვენი იდენტობის რაღაც ნაწილი ამ ნივთებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ნივთები თქვენგან დამოუკიდებლად არსებობენ. ნივთებისგან განსხვავებით, გამოცდილება ჭეშმარიტად არის თქვენი ნაწილი. ჩვენ ყველანი ვართ მიღებული გამოცდილების საერთო ჯამი, ერთობლიობა”.

შედარებები არც ისეთი მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთის გამოცდილებას ისე, როგორც ამას მატერიალური ფასეულობების შემთხვევაში ვაკეთებთ. ჰარვარდში ჩატარებული კვლევის დროს გამოკითხულებს დაუსვეს ასეთი შეკითხვა: რომელი უფრო მისაღებია თქვენთვის – მაღალი ხელფასი, რომელიც თქვენი კოლეგების ხელფასზე ნაკლები იქნება, თუ დაბალი ხელფასი, რომელიც თქვენს კოლეგებზე მაღალი იქნება? გამოკითხულთა უმეტესობა დაიბნა და არ იცოდა, რა ეპასუხა. მაგრამ როდესაც მათ იგივე შეკითხვა დაუსვეს შვებულების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ყველა მათგანმა არჩევანი უფრო ხანგრძლივ შვებულებაზე შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მათი კოლეგების შვებულებაზე მოკლე იქნებოდა. ძალიან რთულია ორი განსხვავებული გამოცდილების შეფარდებითი ღირებულების რაოდენობრივად გამოთვლა და სწორედ ამიტომ არის გამოცდილება უფრო მეტი ბედნიერების მომგვრელი.

მოლოდინის გრძნობა ძალზე მნიშვნელოვანია. გილოვიჩის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაიმე გამოცდილების მოლოდინი სასიამოვნო მღელვარებასა და სიხარულთან არის ასოცირებული, ხოლო ნივთის შეძენის მოლოდინი მოუთმენლობის გრძნობას იწვევს. გამოცდილება არის სასიამოვნო იმ პირველივე წუთიდან, როდესაც მის დაგეგმვას იწყებ და ყოველთვის, როდესაც სიამოვნებით იხსენებ ამ გამოცდილებას.

გამოცდილება მალევე გადის (რაც ძალიან კარგია). ოდესმე გიყიდიათ ისეთი რამ, რაც საერთოდ არ ყოფილა ისეთი მაგარი, როგორიც თქვენ გეგონათ? როგორც კი ასეთ ნივთს იყიდით, იგი თქვენ თვალწინ აღმოჩნდება და შეგახსენებთ თქვენს იმედგაცრუებას. მაშინაც კი, როდესაც ნაყიდი ნივთი ამართლებს თქვენს მოლოდინს, მყიდველში სინანულის სინდრომი იჩენს ხოლმე თავს: “უდავოდ კარგია, მაგრამ ღირდა ამაში ფულის ხარჯვა?” გამოცდილების შემთხვევაში კი ასე არ ვიქცევით. ჩვენ უფრო მეტად ვაფასებთ გამოცდილებას იმიტომ, რომ იგი ასე ცოტა ხანს გრძელდება, ხოლო რაც დრო გადის, ჩვენ მას კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ.

შეჯამება

გილოვიჩისა და მისი კოლეგების მსგავსად, სხვებიც დარწმუნებულები არიან, რომ გამოცდილებას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე ნივთებს. ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ელიზაბეთ დანი ასევე სწავლობდა აღნიშნულ საკითხს. ნივთების ყიდვით მიღებულ დროებით სიხარულს იგი “სიამოვნების პატარა გუბეს” ადარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარი ბედნიერება მალე ქრება და გვიტოვებს უფრო მეტის სურვილს. შესაძლოა ნივთები უფრო დიდხანს არსებობდეს, ვიდრე გამოცდილება, მაგრამ გამოცდილების შედეგად მიღებული სიამოვნება და მისი მოგონებები მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *