ათიდან ცხრა (ციდან მოწყვეტილი სტატისტიკა) ქართული სტარტაპი გაფართოების ჩვეულ გზას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ირჩევს და სრულიად გასაგები მიზეზების გამოც: კულტურული მსგავსება, ბაზრის ნაცნობი დინამიკა და კავშირების მოპოვების სიმარტივე. რა მოხდება, ცოტა შორსაც თუ გავიხედავთ? კონკრეტულად, აღმოსავლეთით და ოდნავ სამხრეთით დავინახავთ განვითარებად სუპერსახელმწიფოს, უპრეცედენტო პოტენციალითა და წარმოუდგენელი მასშტაბით.
ამ სტატიაში ვისაუბრებ იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც ღირს, ქართულმა სტარტაპებმა ინდოეთში გაფართოებაზე იფიქრონ.
ინდოეთი კლიშეების გარეშე
ბოლივუდის სცენებისა და ათასფრად შეკაზმული ხალხის შემდეგ, ინდოეთი უმეტესობისთვის უფრო სიღარიბესთან, სიბინძურესა და გაუნათლებლობასთან ასოცირდება, ვიდრე ტექნოლოგიებთან, ანტრეპრენიორობასთან და ინოვაციებთან. არც არის გასაკვირი. გარედან მართლაც ასე ჩანს. თუმცა შიგნიდან დანახული ინდოეთი სულ სხვაა და წარმოუდგენელ პოტენციალს ატარებს. საუბარი აღარ არის აუტსორსირებულ ქოლ-ცენტრებსა და ბოლივუდის საცეკვაო ნომრებზე. დღეს ინდოეთი ბევრად მეტია. ეს არის განვითარებადი ზესახელმწიფო, რომელიც უპრეცედენტო ტემპით ციფრულდება და ერთიმეორის მიყოლებით შობს სტარტაპ unicorn-ებს. მას 103 სტარტაპ unicorn-ი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილიც ბოლო სამ წელიწადში შეიქმნა და მათი საერთო შეფასება $340 მილიარდს უდრის.
შეიძლება საქართველო ჯერ კიდევ პირველი unicorn-ის მოლოდინშია, მაგრამ გაციფრულების პროცესი ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. რასაც ინდოეთი ახლა გადის, ჩვენ 15 წლის წინ გავიარეთ. ქართველებს უნიკალური თვალთახედვა გვაქვს იმ გაგებით, რომ, ერთი მხრივ, კარგად ვიცნობთ დასავლურ ტექნოლოგიას და, მეორე მხრივ, კულტურულად ძალიან ახლოს ვართ აზიური ქვეყნების ბაზრების დინამიკასთან. გვესმის მათი გამოწვევები და ტკივილი, რადგან ჩვენც ზუსტად იგივე გამოვიარეთ.
ინდოეთში რომ ჩავედი, მივხვდი, რას გულისხმობენ უცხოელი ინვესტორები, როდესაც საქართველოში ჩამოდიან და მეუბნებიან, თუ რამხელა პოტენციალი გვაქვს. შევეცდები, თქვენც ამავე თვალით დაგანახოთ ინდოეთი.
ინდოეთის მასშტაბის წარმოდგენა ძალიან რთულია ჩვენნაირი პატარა ერისთვის, ამიტომ ერთი ასეთი მაგალითი მომყავს ხოლმე: მუმბაი (600 კმ2 ) უფრო პატარაა, ვიდრე თბილისი (700 კმ2 ). და მუმბაის მოსახლეობა? 23 მილიონი! მის ერთ უბანში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთელ საქართველოში. არარეალური მასშტაბია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ინდოეთის 1,4-მილიარდიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი 25 წლამდე ასაკისაა! 700 მილიონი 25-წლამდელი ადამიანი. შედარებისთვის, ფაქტობრივად მთელი ევროპის მოსახლეობა. ზუსტად ეს ორი მიზეზია – მასშტაბი და ახალგაზრდა ერი – რაც ინდოეთის გაციფრულებას ცეცხლს უნთებს.
ჩვენი 90-იანები ხომ გახსოვთ? ინდოეთისთვის 90-იანები 2000-იან წლებში დადგა. მაგრამ ჩვენ თუ 30 წელი დაგვჭირდა აქამდე მოსასვლელად, ინდოეთი დღეს მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობით. პირველი – ჩინეთია. თუმცა ჩინეთის ინტერნეტსივრცე რადიკალურად რეგულირებული და ჩაკეტილია. დღეს ინდოეთში 700+ მილიონი ინტერნეტის მომხმარებელი და 800+ მილიონი სმარტფონის მომხმარებელია. ფაქტობრივად, ყველას აქვს სმარტფონი და ინტერნეტი და ეს სულ რაღაც 10 წელიწადში მოხდა! მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. აი, წარმოიდგინეთ, რომ დეზერტირების ბაზარზე ხილის გამყიდველს ან ქუჩის კუთხეში ჩამომჯდარ მათხოვარს ფული QR-კოდით გადაურიცხოთ. ეს ინდოეთში მართლა ხდება, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გადახდების სისტემის, UPI-ის, მეშვეობით. ეს არის გადახდების ერთიანი ინტერფეისი, სადაც ყველა ბანკი და ციფრული საფულე ერთ კოდშია თავმოყრილი. ტექნოლოგიურ ინოვაციებს და ციფრულ ბუმს რა მოჰყვება? სტარტაპების კულტურის აღზევება.
რომელი ინდუსტრიის სტარტაპები ყვავიან ინდოეთში?
სანამ უშუალოდ სექტორებს მიმოვიხილავთ, ერთი რამ უნდა ითქვას. ინდოეთში სახელმწიფო ძალიან დიდ როლს თამაშობს სტარტაპ-ეკოსისტემაში. მათი სტრატეგია ასეთია: „დაინახე პრობლემა – შეუწყვე ხელი ისეთი სტარტაპების შექმნას, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებენ”. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სექტორების ბუმი, დიდწილად, სახელმწიფოს ტექ-ინოვაციების, რეგულაციებისა და პროგრამების შედეგია. ახლა ჩამოვთვალოთ თითოეული ინდუსტრია და თითოეულის ჭრილში ვუპასუხოთ კითხვას – რა გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ ქართველებს?
დავიწყოთ FinTech-ით. ეს ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა მთელ ინდოეთში. რატომ? მიზეზი ორია: სახელმწიფო ინოვაციები და სახელმწიფო რეგულაციები. ისეთი ინოვაციები, როგორიცაა UPI (ზემოთ რომ გადახდების სისტემა ვახსენეთ), ის ხელს უწყობს ტრანზაქციებისა და, შესაბამისად, ბიზნესების გაციფრულებას. მხოლოდ 2021 წელს 2.2 მილიარდი ტრანზაქცია განხორციელდა ამ ტექნოლოგიით. რაც შეეხება რეგულაციებს, საქართველოში 15-20 წლის წინ ახალი ციფრული საგადასახადო რეგულაციები რომ შემოვიღეთ, გახსოვთ, რამხელა დაბნეულობა გამოიწვია ამან ქართულ ბიზნესებში? ახლა იგივე ხდება ინდოეთშიც. სახელმწიფო ბიზნესებს აიძულებს, რომ გაციფრულდნენ და ახალ უცხო გადასახადს დაექვემდებარონ. ბიზნესებმა კი ჯერ არ იციან, ეს როგორ გააკეთონ. დაბოლოს – ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე credit-hungry-ქვეყანაა, სადაც საფინანსო ორგანიზაციები, იქნება ეს მიკროსაფინანსოები თუ ბანკები, ვერ აუდიან კრედიტზე მოთხოვნას და შედეგად ასობით მილიონი ადამიანის კრედიტ-მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი რჩება. გახსოვთ, ქართულმა ბანკებმა კრედიტის გაციფრულება რომ დაიწყეს 2008-2012 წლებში? ჩვენს შემთხვევაში ეს მხოლოდ ასიათასობით ადამიანს ეხებოდა. ინდოეთის შემთხვევაში კი ასობით მილიონ ადამიანზეა საუბარი. ჩვენ ვიცით, ეს პროცესი როგორ წარიმართება და რა გამოწვევები დგას.
ინდოეთში Ecommerce-ის ბაზრის ზომა 2025 წლისთვის $200 მილიარდს მიაღწევს. გასაკვირი არცაა, რომ ინტერნეტისა და სმარტფონების უპრეცედენტო ზრდამ ციფრულ კომერციაზე დადებითად იმოქმედა. თანაც, სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ინოვაციების ფონზე, როგორიცაა UPI და ONDC. საქართველოში ხომ ციფრული კომერცია უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, იქნება ეს „ვოლტის“ მეშვეობით პროდუქტების შეკვეთა თუ „გლოვოთი“ ბურგერის გამოძახება. ახლა წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი ინდოეთის მასშტაბზე, სადაც ჩვენსავით ორი დიდი მოთამაშე Zomato და Swiggy არსებობს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნის სიდიდეს. თუმცა ციფრულ კომერციას ორი ტიპის მომხმარებელი ჰყავს – ბიზნესები და კონსუმერები. რეალურად, მთავარი გამოწვევა ბიზნესების მხარესაა, როდესაც საქმე გაციფრულებაზე მიდგება. ციფრული კომერცია ხომ სხვა არაფერია, თუ არა ფიზიკური პროდუქტის ციფრულად გაყიდვა. ქართულ რეალობაში კი ბიზნესებს ამის პრობლემა აღარ აქვთ. ჩვენი მასიური იქომერს-საიტები, „ვენდუ”, onoff.ge, extra.ge, mymarket.ge, „გლოვო“ და „ვოლტი“ ბიზნესების ამ მოთხოვნას დიდწილად აკმაყოფილებენ. ამას დამატებული, ქართული ეკოსისტემა ყოველწლიურად შობს ecommerce-სტარტაპებს, რომლებიც ქვეყნის გარეთაც ფართოვდებიან და გლობალურად კონკურენტუნარიანნი არიან.
შემდეგი ინდუსტრიაა HealthTech-ი. ასევე ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა – ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები. ინდოეთში დღეს 8 000 HealthTech-სტარტაპი არსებობს. 2024 წლისთვის ეს სექტორი $372 მილიარდს მიაღწევს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ინდოეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს (განსაკუთრებით, რურალურ ტერიტორიებში) ხელი არ მიუწვდება სამედიცინო დახმარებაზე. ამის მიზეზი პოპულაციის მასშტაბი და ცხოვრების დაბალი დონეა. საქართველოში მსგავსი გამოცდილება უკვე გვაქვს, იქნება ეს Ekimo-ს მსგავსი აგრეგატორი პორტალები, დაზღვევის აპლიკაციები, საავადმყოფოების მენეჯმენტის ციფრული სისტემები თუ უბრალოდ აფთიაქიდან წამლის გამოსაწერი პლატფორმები. საკმაოდ მსუყე გამოცდილება გვაქვს სამედიცინო სფეროს გაციფრულებაში.
ინდოეთში ასევე მზარდი ინდუსტრიებია EdTech-ი და AgriTech-ი, თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ გამოსაჩენი გვაქვს თავი ამ სექტორებში, და ამიტომ არ ჩავუღრმავდები.
ამ ხუთიდან ერთის ამორჩევა რომ მიწევდეს, ფინტექს ავირჩევდი ორი მიზეზის გამო. პირველი – იმიტომ, რომ ეს ის სექტორია, რომელშიც საქართველოს უზადოდ დიდი გამოცდილება აქვს (ჩვენზე მოწესრიგებული და გამართული ციფრული საბანკო სისტემა ცოტა ქვეყანას თუ აქვს). მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მთავრობის მხრიდან ყველაზე დიდი ძვრები ამ სექტორში ხდება, იქნება ეს ტექნოლოგიური ინოვაციებისა თუ ახალი რეგულაციების შედეგი. და არ დაგვავიწყდეს ინდოეთის მძვინვარე credit-hungriness-ი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიუწვდება ფინანსურ სერვისებზე ხელი.
სამ მიზეზად რომ შევაჯამოთ
ყოველი ამ ინდუსტრიის აღზევების უკან სამი მთავარი მამოძრავებელი ძალა დგას: ციფრული რევოლუცია, სახელმწიფოს ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალი. ახალგაზრდა, ციფრული და ტექნოლოგიურად აღჭურვილი ბაზარი, მზარდი საშუალო კლასით. ინდოეთი მომხმარებელთა ოქროს მაღაროა, სადაც მოსახლეობამ უკვე ჩინეთს გაუსწრო. მაგრამ აქ მიმზიდველი სწორედ ბაზრის ბუნებაა. სწრაფად მზარდი საშუალო კლასი მზარდი შემოსავლით უფრო და უფრო მეტ ინოვაციურ პროდუქტსა და სერვისს ითხოვს. ამას დაუმატეთ ინტერნეტსა და სმარტფონებზე მზარდი წვდომა.
სახელმწიფოს რეგულაციები, ტექ-ინოვაციები და პროგრამები. როგორც ვთქვით, ინდოეთის მთავრობა სტარტაპ-ეკოსისტემაში აქტიურადაა ჩართული. მისი ინიციატივები, „სტარტაპ ინდოეთი“ და „ციფრული ინდოეთი“, ინოვაციები, როგორიცაა UPI და ONDC და რეგულაციები, როგორიცაა ახალი ციფრული საგადასახადო სისტემა – ეს ყველაფერი სტარტაპების ხელშეწყობისკენაა მიმართული.
დაბოლოს – ადამიანური კაპიტალი და ხარჯეფექტიანობა. ადამიანური კაპიტალი ინდოეთის უდიდესი აქტივია. ქვეყანას ყოველწლიურად უამრავი კვალიფიციური კურსდამთავრებული ჰყავს, განსაკუთრებით – ტექნიკურ სფეროში. საოპერაციო ხარჯები ინდოეთში, საოფისე ფართიდან ხელფასებამდე, შედარებით დაბალია, ვიდრე დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. სტარტაპებისთვის, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპებზე, ასეთი დაბალი ხარჯები გადამწყვეტია რესურსების მაქსიმიზაციისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად.
მგონი, საინტერესოა, არა? ამომავალი სუპერსახელმწიფო, წარმოუდგენელი მასშტაბის, უპრეცედენტო გაციფრულების ტემპითა და სტარტაპ-ეკოსისტემით, რომელიც დღითი დღე უფრო მეტად ყვავის. თანაც ისეთი გამოწვევებით, რომლებიც საქართველოს უკვე გამოვლილი აქვს, ან ახლა გადის. ასე რომ, პასუხი კითხვაზე, თუ „რატომ უნდა გავიდნენ ქართული სტარტაპები ინდოეთის ბაზარზე?” არის – „იმიტომ, რომ ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ და ვიცით, როგორ კეთდება”. მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, ინდოეთს თავისი გამოწვევები აქვს, კერძოდ, ჩვენს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ. პირველი პრობლემა ინვესტორების ნდობის მოპოვებაა. რთულია, დააჯერო, რატომ და როგორ შეძლებს ქართული სტარტაპი ინდოეთში ფეხის მოკიდებას. მეორე – ინვესტორების მცირე ნაწილს თუ აქვს ინდოეთის პოტენციალზე წარმოდგენა. ამის გამო, სტარტაპებს იდეის გაყიდვასთან ერთად ინვესტორების განათლებაც უწევთ. და მესამე – უცხო კულტურა. იქნება ეს ბიზნესის კეთების გზა, მოლაპარაკებების დინამიკა, ბაზრის მსყიდველობითი ჩვევები თუ სხვა კულტურული ნიუანსები, ინდოეთი ძალიან უცხოა და ფიზიკურად ადგილზე ყოფნის გარეშე შეუძლებელია მათი გააზრება. თუმცა ამ სტატიის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ინდოეთის ბაზრის პოტენციალი იმხელაა, რომ ნებისმიერ სირთულეს წონის. მსგავს პოტენციალს ვერცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვერ იპოვით.
Comments are closed.