2018 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 56 დაწესებულება, საიდანაც 47 ერთეული წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მათ მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 128.3 მილიონი ლარი შეადგინა.
კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობამ 15 522 შეადგენა, რომელთაგან 11 174 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 53 პროცენტი ქალია, ხოლო 47 პროცენტი კაცი. მკვლევართა 65.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 30.1 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 4.2 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.
რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო კაცებში – 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე.
მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 2 745 ერთეულს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 500-მდე კაცია დასაქმებული.
საქართველო კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. კვლევებსა და განვითარებაში (R&D) დახარჯულ თანხას ყოველთვის მყისიერი შედეგი არ მოაქვს, თუმცა აღიარებულია, რომ ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისთვის ის ერთ-ერთი წინაპირობაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კვლევებისა და განვითარებისთვის ინვესტირებულ თანხას UNESCO-ს სტატისტიკის ინსტიტუტი (UIS) აფასებს. კვლევაში მოცემულია თუ რა მოცულობის თანხას ხარჯავენ ამ მიზნისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტები და კერძო სექტორი PPP-ის (მსყიდველუნარიანობის პარიტეტი) გათვალისწინებით.
მსოფლიოში კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხების თითქმის ნახევარი ორ ქვეყანაზე – ამერიკასა და ჩინეთზე მოდის.
საქართველო კი იმ ქვეყნების სიაში, რომელებიც კვლევებსა და განვითარებაზე ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავენ. კერძოდ, საქართველოში R&D-ზე მშპ-ს მხოლოდ 0.2% იხარჯება, რაც თანხობრივად $63 მილიონს შეადგენს. დანახარჯების უდიდესი წილი უნივერსიტეტებზე მოდის – $53,9 მლნ, ხოლო მთავრობაზე კი $9.5 მილიონი.
მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც კვლევებსა და განვითარებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ შემდეგია:
აშშ: $476.5 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 26.4%
ჩინეთი: $370.6 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 20.6%
იაპონია: $170.5 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 9.5%
გერმანია: $109.8 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 6.1%
კორეის რესპუბლიკა: $73.2 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 4.1%
საფრანგეთი: $60.8 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 3.4%
ინდოეთი: $48.1 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 2.7%
გაერთიანებული სამეფო: $44.2 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 2.5%
ბრაზილია: $42.1 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 2.3%
რუსეთი: $39.8 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 2.2%
დატოვე კომენტარი