კომპანია Red Bull-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ავსტრიელი მეწარმე, დიტრიხ მატეშიცი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მატეშიცის სახელს უკავშირდება არა მარტო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ენერგეტიკულ სასმლის, Red Bull-ის შექმნა, არამედ არაერთ ექსტრემალურ სპორტში Red Bull-ის გუნდის მიერ მოპოვებული უამრავი გამარჯვება, მათ შორის, ავტომობილების უმაღლეს სარბოლო ლიგა Formula 1-ში.
აღსანიშნავია, რომ Red Bull-ის გუნდმა Formula 1-ის ჩემპიონობა უკვე მეხუთედ სწორედ დღეს მოიპოვა. რბოლის ლიდერისა და ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის განცხადებით, Red Bull Racing-ის ეს გამარჯვებაცა და ჩემპიონობაც მატეშიცის ხსოვნას ეძღვნებოდა.
ავსტრიელმა მეწარმემ ენერგეტიკული სასმლის საწყის რეცეპტს აზიაში მიაკვლია, სადაც კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე სასმელს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.
სასმლის ენერგეტიკული ეფექტით აღფრთოვანებულმა მატეშიცმა 1987 წელს კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა, ინვესტიციის დიდი ნაწილი კი ტაილანდელი ინვესტორის, ჩალეო იოვიდიას მხრიდან მოიზიდა.
აზიური ვერსიისგან განსხვავებით, Red Bull-მა გაზიანი სასმლის ფორმა მიიღო, მისი რეცეპტი კი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ფუნდამენტური გემო და არომატი, რომელზეც Red Bull-ის მრავალმილიარდიანი იმპერია დგას, არასოდეს შეცვლილა.
Forbes-ის შეფასებით, მატეშიცის ქონება 20.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 71-ე ადგილს იკავებდა.
Formula 1-ის გარდა, Red Bull-ის გუნდები წარმოდგენილია დრიფტის, რალის, დრაგის, ველოსპორტისა და მოტოსპორტის დისციპლინებში. მატეშიცის ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში Red Bull-ის გუნდმა არაერთ გამარჯვებას და ჩემპიონობას მიაღწია, თავად ბრენდი კი ახლა უკვე არა მარტო ენერგეტიკულ სასმელებთან, არამედ ყველაფერ ექსტრემალურთან ასოცირდება, რაც თავად მატეშიცის ცხოვრების მიზანი იყო – კაცისა, რომელმაც საკუთარი ოცნებების ფრთების შესხმით, მილიონობით ადამიანს მისცა “გაფრთიანების” საშუალება.
დატოვე კომენტარი