Forbes Georgia-ს ავტორები ხშირად განიხილავენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს, როგორც ხელისუფლების ეფექტიანობის მთავარ მაჩვენებელს. ჩვენ ეს თემა არ გვბეზრდება და ვფიქრობთ, რომ დანარჩენმა მედიამაც მას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. მ, შ, პ — ეს ეკონომიკური, რაციონალური, პრაგმატული, რაოდენობრივი აზროვნების ანბანია. ამ ანბანის ცოდნა აუცილებელი მედიკამენტია ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკური განვითარებაც ამბიციებსა და საკუთარ წარსულზე წარმოდგენას ბევრად ჩამორჩება. ბედით უკმაყოფილებას მხოლოდ ოცნებებსა და რეალობას შორის უფსკრულის დაძლევა შეამსუბუქებს.
რამდენად სინქრონულად მოძრაობენ საქართველოს რეგიონები ამ რთულ მარშრუტზე? Forbes Georgia-მ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ისგან ამომწურავი პასუხი მიიღო და ორ ძირითად მაჩვენებელს გთავაზობთ: მშპ-სა და საშუალო ხელფასის დინამიკას. როგორც აღმოჩნდა, აჭარულ ეიფორიას უშედეგოდ არ ჩაუვლია: 2006 – 2013 წლებში ყველაზე მეტად სწორედ ამ რეგიონის მშპ გაიზარდა (143%-ით). სამწუხაროდ, მეზობლის წარმატება გადამდები არაა: გურია ამავე წლებში მშპ-ის ზრდის მაჩვენებლით (53%) ბოლო ადგილზეა.
ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი, 2013 წლის მონაცემებით, ასევე გურიაშია (328 ლარი), ყველაზე მაღალი კი თბილისში (877 ლარი). ამ ფონზე ორმაგად საეჭვოა, მოსახლეობის სოფლად შეკავების ხელისუფლებისეული პრიორიტეტი რეალისტური აღმოჩნდეს. ადამიანებს მეტი შემოსავლისკენ მოძრაობას ვერ აუკრძალავ (თუ ძალადობრივ დიქტატურას არ დაამყარებ): მომავალ წლებში ქვეყნის მოსახლეობაში დედაქალაქის 30%-იანი წილის კიდევ უფრო ზრდა პრაქტიკულად გარდაუვალია. ტენდენცია მხოლოდ მაშინ შეტრიალდება, როდესაც სოფლის მეურნეობასა და სხვა, თბილისს მიღმა არსებულ აქტუალურ სფეროებში ქართველების ცოდნა (მასთან ერთად კი პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა) მკვეთრად გაიზრდება. ჯერჯერობით დედაქალაქი ასეთი ცოდნის დაგროვების მსურველებისთვისაც კი მთავარი, თუ არა ერთადერთი ცენტრია ქვეყანაში.
დატოვე კომენტარი