“მანიგრამი” ფულის სატრანსფერო, გლობალური კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისიც აშშ-ში, დალასში მდებარეობს. ქართული ოფისი 10 წელია, რაც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს და წელს საქართველოს ოფისი შემოსავლების სიდიდით რეგიონში მესამე იყო. მაშინ როცა ფულადი გზავნილების რაოდენობა მთელ ქვეყანაში 4%-ით გაიზარდა, “მანიგრამის” მაჩვენებელი 30%-იანი ნახტომით დაწინაურდა. Forbes-ი “მანიგრამის” რეგიონალურ დირექტორს,ევგენი ბუტიუგინს, ამ წარმატების მიზეზებზე ესაუბრა.
რა უპირატესობები აქვს კომპანია “მანიგრამს” და როგორ მიაღწიეთ წარმატებას ამ ბიზნესში?
გმადლობთ, რომ მომიწვიეთ ინტერვიუზე და მომეცით საშუალება, ვისაუბრო კომპანია “მანიგრამის” საქმიანობის შესახებ როგორც გლობალურად, ისე კერძოდ საქართველოს მაგალითზე. “მანიგრამი” ფულადი გადარიცხვების ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. ჩვენი განვითარების ისტორია 70 წელზე მეტს ითვლის. თუ გსურთ, გადარიცხოთ თანხა “მანიგრამის” მეშვეობით, თქვენ ამის გაკეთება იმ 200-მდე ქვეყანაში შეგიძლიათ, სადაც “მანიგრამის” მომსახურებაა წარმოდგენილი. ასევე საერთო რაოდენობა იმ წერტილებისა და ლოკაციებისა, სადაც თქვენ “მანიგრამის” მეშვეობით თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 350 000-ს აჭარბებს. ბოლო დროს ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფულადი გზავნილების მომსახურების ალტერნატიული გზების შემუშავებასა და განვითარებაზე. 2016 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით მომსახურების ალტერნატიული საშუალებების ბიზნესიდან მიღებულმა საერთო შემოსავლებმა მთლიანი შემოსავლების 13% შეადგინა.
შეგიძლიათ, Forbes-ს მოუყვეთ მართვის თქვენეული მეთოდების შესახებ, კერძოდ, საქართველოს ბაზარზე?
კომპანია “მანიგრამი” საქართველოს ბაზარზე პრაქტიკულად უკვე 10 წელია, წარმატებით ოპერირებს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი ბიზნესის განვითარების დინამიკით საქართველოში. ჩვენს რეგიონში საქართველო ამა წლის დასაწყისში შემოსავლებით ტოპ- ქვეყნების ჩამონათვალში მესამეა. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ 2016 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით ფულადი გზავნილების საერთო რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი. ამავდროულად ბიზნესკომპანია “მანიგრამის” საქართველოში მიღებული შემოსავლები იმავე პერიოდში მთელი 30%-ით არის გაზრდილი. ეს ციფრები იძლევა იმის საფუძველს, რომ განვითარების დინამიკით კმაყოფილები ვიყოთ. გვინდა, მადლობა ვუთხრათ ჩვენს სატრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი “საქართველოს ბანკს”, “ლიბერთი ბანკსა” და “თიბისი ბანკს”. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ “მანიგრამი” საქართველოს ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს, აქედან გამომდინარე, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ, ფულადი გზავნილები მიიღონ და ასევე გაგზავნონ მთელი მსოფლიოს გარშემო, პრაქტიკულად ქვეყნის ბანკების უმრავლესობის ნებისმიერი ფილიალიდან.
ფინანსური ბაზარი მუდმივად იცვლება, როგორც იცით, ჩნდება ახალი ტექნოლოგიებიც – ამის ფონზე როგორ ხედავთ თქვენი კომპანიის განვითარების პერსპექტივას ახალი არხების მიმართულებით და განიხილავს თუ არა კომპანია “მანიგრამი” ფულადი გზავნილების ძველი, ტრადიციული მეთოდებიდან ახალ, თანამედროვე გზებზე გადასვლას?
თქვენს შეკითხვაში სწორად აღნიშნეთ, რომ არსებობს განსხვავება ფულადი საშუალებების გაგზავნის ტრადიციულ მეთოდსა და ალტერნატიულ, არატრადიციულ მეთოდს შორის. დამეთანხმებით, რომ ამ უკანასკნელმა მეთოდმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი მსოფლიოში, შესაბამისად, გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ეს კომპანიები ვერასდროს შეძლებენ მომხმარებლებს ის სრულყოფილი სერვისი შესთავაზონ, რასაც თუნდაც კომპანია “მანიგრამი” სთავაზობს ძველი, ეგრეთ წოდებული ტრადიციული გადარიცხვების მეშვეობით. ჩვენ მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია ვართ, ჩვენ ვუსმენთ მათ და ასე ვიგებთ, თუ რისი მიღება სურთ მათ ჩვენი კომპანიისგან. ამის გათვალისწინებით, ჩვენი კომპანია ფეხს უწყობს განვითარებად ტექნოლოგიებს და ახლა უკვე ჩვენს მომხმარებლებს ფულადი გადარიცხვების განხორციელება შეუძლიათ მობილური ტელეფონის, ონლაინბანკინგის ან თუნდაც ბანკომატების მეშვეობით. ჩვენი კომპანია ფულადი გზავნილების განხორციელების ალტერნატიულ საშუალებას ან თუნდაც არატრადიციულ მექანიზმებს ამ მიმართულებით არ განიხილავს რისკფაქტორად, არამედ პირიქით – ჩვენ ამას ვუყურებთ და აღვიქვამთ, როგორც დამატებით შესაძლებლობას ბიზნესის განვითარებისთვის. “მანიგრამი” კლიენტებს გადარიცხვების განხორციელების რამდენიმე გზას სთავაზობს და შემდეგ მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, თუ რომელ მათგანს მიმართავენ. ბოლო პერიოდში ფულადი გადარიცხვების ალტერნატიული საშუალებების გამოყენების დინამიკა მკვეთრად მზარდია. 2016 წლის პირველი 6 თვის ოფიციალური მონაცემებით გადარიცხვების ალტერნატიული საშუალებების მთლიანმა საბაზრო წილმა 13% შეადგინა. აქედანაც ჩანს, რომ ეს იდეალური დამატებაა ჩვენი ქსელისთვის მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყნის მასშტაბით.
კონკრეტულად როგორ ავითარებს “მანიგრამი” ახალ ტექნოლოგიებს ფულადი გზავნილების თვალსაზრისით?
სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩემი ან თუნდაც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კომპანია “მანიგრამმა”, გააცნობიერა რა კლიენტების მოთხოვნები, მათ სურვილებსა და მოთხოვნებზე მორგებული სერვისი შესთავაზა ფულადი გადარიცხვების ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით. ხომ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენს მომხმარებელს არა აქვს ბანკში წასვლის შესაძლებლობა ფულადი გადარიცხვის განსახორციელებლად და ურჩევნია, რომ სახლიდან გაუსვლელად მოახერხოს ეს? სწორედ ესაა ტექნოლოგიების მთავარი ხიბლი – მინიმალურ დროში მიიღო მაქსიმალური მომსახურება ისე, რომ სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდეს. ჩვენ, შეიძლება ითქვას, ტექნოლოგიები მაქსიმალურად ავითვისეთ და მოვახერხეთ მათი ინტეგრაცია ჩვენს სერვისებში. ეს, რასაკვირველია, ციფრებშიც გამოიხატა: 2016 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით ჩვენს ციფრულ არხებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, გადარიცხვების რაოდენობა 10%-ით არის გაზრდილი, ბრუნვა კი – 17 %-ით.
ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით რა დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდა კომპანია “მანიგრამისთვის”?
ციფრული ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საგრძნობლად გაიზარდოს კომპანია “მანიგრამის”, როგორც ბიზნესის, წილი გლობალურ ბაზარზე, მათ შორის საქართველოშიც. აღარაფერს ვამბობ ციფრული ტექნოლოგიების როლზე ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებაში, რომლებსაც დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ჩვენი მომსახურება .
როგორია “მანიგრამის” წარმატების ფორმულა?
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ “მანიგრამი” კლიენტზე ორიენტირებული კომპანიაა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მაღალია კლიენტების ნდობისა და კმაყოფილების ხარისხი ჩვენი კომპანიის მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით საზღვარგარეთ, თქვენ მოდიხართ “მანიგრამის” ფილიალში და უგზავნით თქვენს ნათესავებს საქართველოში გარკვეული რაოდენობის თანხას. ისინი თქვენს ფულად გზავნილს გაგზავნიდან, არც მეტი არც ნაკლები, 10 წუთის შემდეგ მიიღებენ. საერთო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თამამად შეიძლება გითხრათ, რომ უსაფრთხო და პრაქტიკულად მყისიერი გადარიცხვები “მანიგრამის” მთავარი პრიორიტეტებია.
ბატონო ევგენი, გვითხარით, როგორ უზრუნველყოფს კომპანია “მანიგრამი” ფულადი გადარიცხვების უსაფრთხოებას ?
“მანიგრამი” ამერიკის სახელმწიფო კომპანიაა და ჩვენი აქციებით ვაჭრობა საფონდო ბირჟა NASDAQ-ზე ხორციელდება. სწორედ აქედან გამომდინარე, “მანიგრამისთვის” უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი პროდუქცია და სერვისები სრულად შეესაბამებოდეს როგორც ამერიკის, ისე ნებისმიერი იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც ჩვენ ვოპერირებთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი ჩავდეთ ფუნქცია Compliance-ის გასაუმჯობესებლად. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ ნებისმიერი სახის თაღლითობა ჩვენს საქმეში და აღვკვეთოთ დანაშაულებრივი მეთოდებით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია. კომპანია “მანიგრამის” საქმიანობაში ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროგრამას, რომელიც ინფორმაციას აწვდის ჩვენს კლიენტებს თაღლითობის რისკების შესახებ. ჩვენი თანამშრომლები, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ბანკების თანამშრომლები, მუდმივად გადიან გადამზადებას ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით კომერციული პარტნიორობა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ შევიდნენ ვებგვერდზე scamawareness.org და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის ფულადი თაღლითობისა და მათი აღმოჩენის შესახებ. “მანიგრამისთვის” უსაფრთხო ფულადი გადარიცხვების უზრუნველყოფა აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს კომპანიის განვითარების მიმართულებით.
დატოვე კომენტარი