რეგულაცია – ეს სიტყვა ხშირად არ ასოცირდება ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებულ პროცესებთან და პროცედურებთან. პირიქით, უფრო ხშირად ის გადაჭარბებულ ბიუროკრატიას და დაბრკოლებებს გვახსენებს. მიუხედავად ამისა, აზარტული თამაშების ინდუსტრიაში, კომპანიების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რეგულაცია არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, აუცილებელიცაა. რატომ ხდება რომ ეს სფერო ითხოვს რეგულაციას, მაშინ როცა სხვა ბევრი ინდუსტრია ოცნებობს მათ შემცირებაზე ან საერთოდ გაუქმებაზე. ეს სტატია შეეცდება უპასუხოს ამ კითხვას როგორც ზოგადად აზარტული თამაშების ინდუსტრიის, ასევე ადგილობრივი, ქართული ბაზრის გადმოსახედიდან.
აზარტული თამაშების ხსენებისას, მაშინვე ლას ვეგასი, მონაკო ან მაკაო ახსენდებათ ხოლმე – გემბლინგის ტრადიციული ცენტრები მდიდარი და ფერადი ისტორიებით. ეს ბასტიონები დღეს ისეთ ქვეყნებთან ინაწილებენ ყურადღებას, სადაც ასობით ადგილი გაჩნდა ონლაინ აზარტული თამაშებისთვის, ესენია: კურასაო, გიბრალტარი და მალტა. ისინიც არ უჩივიან ფერად ისტორიებს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრად “ახალგაზრდები” არიან, ინდუსტრიაზე მკვეთრი ზეგავლენა აქვთ. ყველა ამ ადგილს ერთი საერთო აქვს – რეგულაციები. ეს ქვეყნები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ, მათ შორის არსებული პოლიტიკური კლიმატის მხრივაც, მაგრამ ყველა მათგანს ჰქონდა ურყევი, სტაბილური მოთხოვნები, რაც მიმზიდველი აღმოჩნდა აზარტული თამაშების კომპანიებისთვის და წარმოქმნა ეკონომიკური ბუმი ადგილობრივ ბაზრებზე.
იმისთვის, რომ გავიგოთ რატომ სურთ აზარტული თამაშების ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს რეგულაციები – აქვე უნდა დავაზუსტო, რომ საუბარია ლოგიკურ, პრაქტიკულ და ბაზრის მდგომარეობასთან პროპორციულ რეგულაციებზე – აუცილებლად უნდა გადავხედოთ აზარტული თამაშების ისტორიას. იმის გამო, რომ ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მე გამოვიყენებ ლას ვეგასს და შეერთებული შტატების ბაზარს, როგორც მაგალითს და შემდეგ დავუკავშირებ საქართველოს.
ლას ვეგასი – მარეგულირებლის წარმატების ისტორია
აზარტული თამაშები ლას ვეგასში ლეგალურად 1931 წელს დაიწყო და ორგანიზებული დანაშაული ამ ბიზნესის დიდი ნაწილი იყო. იმ დროს, ლას ვეგასში რამდენიმე პატარა კაზინო გაიხსნა ისეთი სახელებით, რომლების პოვნა მხოლოდ ისტორიის წიგნებში შეიძლება. ადრეულ 1940იანებში “ლას ვეგასის” სტილის რამდენიმე კომპლექსი გაიხსნა, რომლებიც იაფი ელექტროენერგიით ჰუვერის კაშხლიდან (Hoover Dam) მარაგდებოდა, ეს იყო ფართოდ ხელმისაწვდომი დანაშაულებრივი ფულისა და შეზღუდული, კანონიერი ბიზნეს ინვესტიციების კომბინაცია. ასე დაიბადა ლას ვეგას სტრიპი.
1955 წელს ნევადის საკანონმდებლო ორგანომ დააარსა ნევადის თამაშობების კონტროლის საბჭო (Nevada Gaming Control Board – NGCB) და მას სამი მიზანი ჰქონდა: აღმოეფხვრა ორგანიზებული დანაშაული; დაეწესებინა რეგულაციების ნაკრები სათამაშო ბიზნესის ლიცენზიების გაცემისთვის; და შეექმნა წესები გადასახადების აღრიცხვისთვის.
1966 წელს, საბჭოს დაარსებიდან ათწლეულის შემდეგ, ახალი კაზინოების გახსნის ბუმმა ლას ვეგასში ამ ადგილს საბოლოოდ დაუმკვიდრა სათამაშო მექის სახელი, როგორც ის დღესაა ცნობილი. 6 წლის შემდეგ, 1972 წელს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე აზარტული თამაშების პირველი კომპანია Harrah’s Entertainment Inc. გამოჩნდა.
ლას ვეგასის გაზრდის მთავარი მიზეზი სწორედ ნევადის საბჭოს დაარსება აღმოჩნდა. ლიცენზირებისა და რეგულაციების საკანონმდებლო ჩარჩო ნიშნავდა რომ პროექტების დაფინანსება ლას ვეგასში ახლა უკვე კანონიერი ინვესტიცია იყო. ამ შესაძლებლობით კერძო ინვესტორებმა, ბანკებმა და უოლ სტრიტმა ისარგებლა. 1970-იანი წლებში, როდესაც ინვესტორები უკვე ლას ვეგასის ნაწილი გახდნენ, სათამაშო ინდუსტრიამ ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლის მოტანა დაიწყო.
ნევადის საბჭოს დაარსებასა და სუფთა საინვესტიციო კაპიტალის მოდინებასთან ერთად, ლას ვეგასში კაზინოს მესაკუთრეობის ტიპიც შეიცვალა და ერთი მესაკუთრის ან პარტნიორობის პრინციპის ნაცვლად კორპორაციებად გადაკეთდა. ისინი მარეგულირებელ ჩარჩოს და ლიცენზირების პროცესს უყურებდნენ როგორც გემბლინგის ლეგალურ ბიზნესად გადაქცევის საშუალებას. აღარ მოიხსენიებდნენ საკუთარ თავს აზარტული თამაშების ინდუსტრიად, არამედ სათამაშო ინდუსტრიად გადაიქცნენ, რომ სიტყვა “gambling”-ის შესაძლო ნეგატიური მნიშვნელობა შეემცირებინათ. კაზინოები სრულფასოვან კომპლექსებად გადაიქცნენ სასტუმროებით, მსოფლიო დონის რესტორნებით, თეატრებითა და მაღალი კლასის ღამის კლუბებით, ბუნებრივიც იყო მათი სურვილი აღქმულიყვნენ როგორც გასართობი დაწესებულებები და კიდევ უფრო ფართო, სასტუმროების ინდუსტრიის ნაწილი.
ნევადის საბჭოს მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნების თანახმად, ყველა კორპორატიული თანამშრომელი შემოწმებული და ლიცენზირებული უნდა ყოფილიყო, რომ ორგანიზებული დანაშაულის პატარა ნიშანიც კი უკვალოდ გამქრალიყო. უფრო მეტიც, კაზინოებში სათამაშო მანქანებს საბჭოს ტექნიკური განყოფილება ამოწმებდა და ადასტურებდა, რომ დანადგარები სამართლიანად და თანმიმდევრულად მუშაობდა, დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისად. კონტროლი მაგიდის თამაშებზეც ვრცელდებოდა – მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი კონტროლის მექანიზმების შესაბამისად. სხვა სიტყვებით, გემბლინგი მიმდინარეობდა პატიოსნად და სამართლიანად, დადგენილი წესებით. ამან გააჩინა ნდობა მოთამაშეებში. მათ შეეძლოთ ნდობა ჰქონოდათ თამაშების სამართლიანობის და წესების სრული გამჭვირვალობის ნაწილში და შეეძლოთ მიემართათ საბჭოსთვის კაზინოს ოპერატორების წინააღმდეგ.
სფეროში მოქმედმა ოპერატორებმა და მიმწოდებლებმა დაინახეს, რომ გავრცელებული რეგულაციები შეიძლებოდა ნევადის გარეთ გაფართოვების ხელშემწყობი გამხდარიყო. რეგულაციებთან ბრძოლის ნაცვლად მათი მხარდამჭერები გახდნენ. გემბლინგის ლეგალიზების მიზნით ამ კორპორაციებმა სხვადასხვა შტატებში ლობირება დაიწყეს უკვე მიღებული, საუკეთესო პრაქტიკის ტექნიკური და საოპერაციო რეგულაციების გათვალისწინებით. სწორედ მკაცრი რეგულაციები აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ შეერთებულ შტატებში გემბლინგი გავრცელებულიყო. ნევადის მიღმა, ნიუ ჯერსი გახდა პირველი შტატი, რომელმაც აზარტული თამაშების ლეგალიზება მოახდინა, მიიღო კაზინოს კონტროლის აქტი 1977 წელს და 1978 წელს პირველი კაზინო გახსნა ატლანტიკ სითიში.
საქართველო – წარმატების გზაზე
ეჭვს გარეშეა, რომ საქართველოში 1992 წელს დაწყებული გემბლინგ ინდუსტრია საკმაოდ კარგად მიდის. სლოტ კლუბების, კაზინოების და ონლაინ კაზინოების რაოდენობაც ადასტურებს, რომ ისინი ყვავიან და ათასობით ადამიანს ასაქმებენ. თუმცა, სამართლიანად უნდა ითქვას, რომ რეგულაცია და კონტროლი არ იყო ისეთი მტკიცე, როგორიც შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო.
საქართველოს მთავრობა რეგულირების საუკეთესო პრაქტიკის ამოქმედების გზაზეა, რომ ინდუსტრიას ზრდაში დაეხმაროს, იმის გათვალისწინებით რაც ნევადამ და მსოფლიოს სხვა კარგად დარეგულირებულმა იურისდიქციებმა უკვე წარმატებით გააკეთეს. ყველა ამ იურისდიქციისათვის მიზანი საერთოა – ნდობის მოპოვება შემდეგი გზებით: ლიცენზირება, პროდუქტის სერტიფიცირება, საოპერაციო კონტროლი და მოწყვლადი პირების დაცვა.
ამ პროცესში რეგულაციები ლოგიკურად და პრაქტიკულად უნდა დაინერგოს და მათი მოცულობა ბაზრის მდგომარეობას უნდა შეეფერებოდეს. საქართველოში ეს გზა აზარტული თამაშების შესახებ ახალი კანონით და ტექნიკური მოთხოვნების დაწესებით დაიწყო. ოპერატორები და მიმწოდებლები უნდა იყვნენ ლიცენზირებული, ხოლო მოთამაშეებისთვის მიწოდებული პროდუქტების სერტიფიცირება დამოუკიდებელ ლაბორატორიებში უნდა მოხდეს ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს მიდგომა ევროპული და ჩრდილო ამერიკული რეგულირებადი იურისდიქციების იდენტურია და ტექნიკურ მოთხოვნებში არაფერია ისეთი, რაც არ არის ამ ქვეყნების პრაქტიკაში. ამიტომაა საქართველო მიმზიდველი მსოფლიოს ოპერატორებისა და მიმწოდებლებისთვის, რამდენადაც მათი რწმენით სხვა იურისდიქციებში ნებადართული მათი პროდუქტები საქართველოშიც მისაღები იქნება. ეს მწყობრი რეგულაციური მიდგომა მომხიბვლელია როგორც ოპერატორებისთვის, ისე მიმწოდებლებისთვის.
როგორც ნევადასა და ლას ვეგასში, მარეგულირებელი ორგანოს, ტექნიკური რეგულაციების და ლიცენზირების პროცესის გაჩენა ინდუსტრიისთვის დადებით შედეგს გამოიღებს. რეგულირებადი გარემო ბევრად მიმზიდველია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ლიცენზია სხვა ქვეყნებში და ამ ლიცენზიებს საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებენ სუსტად რეგულირებულ იურისდიქციაში ბიზნესის კეთებით. როგორც ჩანს ეს მიდგომა მუშაობს, რადგანაც სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია გამოთქვამს ინტერესს დაიწყოს ოპერირება საქართველოში ან მიაწოდოს თავისი პროდუქტები ქართულ ბაზარს. ქართული ეკონომიკისა და ადგილობრივი ბიზნეს გარემოსთვის ეს კარგი ამბავია. კაზინოები ააქტიურებს მათი არსებობისთვის აუცილებელ სხვა ინდუსტრიებსაც. კაზინოები, როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ, ასაქმებენ ბევრ ადამიანს, ხოლო მათი მსყიდველობითუნარიანობის ზრდას კი დადებითი ეკონომიკური ეფექტი აქვს.
ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაში ვართ და რადგანაც საქართველო აგრძელებს ამ გზას, მოსალოდნელია, რომ რეგულაციები განვითარდება როგორც ინდუსტრიის გაფართოვების, ისე სახელმწიფოს მიზნების მხარდასაჭერად. კოვიდის შესუსტებასთან ერთად, მაშინ როცა ზაფხულიც კარს მოგვადგა, უნდა გამოჩნდეს სათამაშო ინდუსტრიის მზარდი შემოსავლები, რაც დამატებით ზრდას გამოიწვევს და საბოლოო ჯამში სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის.
მარკ პეისი აზარტული თამაშების სექტორის საერთაშორისო ექსპერტია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება,
როგორც კაზინოების მართვის, ისე აზარტული თამაშების სისტემების განვითარებისა
და სექტორის რეგულირებაზე მუშაობის მიმართულებით.