საფინანსო სექტორისთვის ახალი რეგულაციების პირველი ტალღა 2017 წელს ამოქმედდა. ამ დროიდან მოყოლებული ბაზარზე არსებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. მაისის ბოლოსთვის ქვეყანაში 58 მისო ოპერირებდა, ბოლო ერთ წელიწადში მსგავსი ორგანიზაციების რაოდენობა 15–ით შემცირდა. ამავე პერიოდიდან იწყება სექტორის მთლიანი მოგების შემცირებაც – გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური მოგება 7-წლიან მინიმუმზე იყო. გასული წლის ბოლოს სექტორს რეგულაციების მეორე ტალღა წარუდგინეს. წლის პირველი კვარტალი კი სექტორმა, ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, ზარალით დაასრულა. საფინანსო სექტორზე ახალი რეგულაციების გავლენის სრული შეფასება ჯერ არ მომხდარა, საცალო დაკრედიტების შემცირების პარალელურად ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ რეგულაციების შერბილებაზე მსჯელობა დაიწყება. ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ციფრებში გამოჩნდება, თუ რა მოუტანა საფინანსო სექტორს გამკაცრებულმა დაკრედიტებამ.
დატოვე კომენტარი