დღეს კომპანიების წარმატება ცალსახადაა დამოკიდებული მათ პიარზე.
ეფექტიანი პიარისთვის ისინი უამრავ ხერხს მიმართავენ, თუმცა ამ ხერხებიდან ყველაზე ეფექტიანი, როგორც წესი, რეკლამაა. დასათვლელად რთულია, თუ რამდენი რეკლამა გვხვდება თვალში ყოველდღიურად. ტელევიზორის ეკრანზე ერთმანეთს ელვის სისწრაფით ცვლიან სესხების, ავტომობილების, სარეცხი საშუალებების, ჩიფსებისა და შოკოლადების რეკლამები… ამ მრავალფეროვნებით მაძღარი სარეკლამო ბიზნესი უკვე საუკენეზე მეტია, რაც არსებობს; საინტერესოა, გამოირჩევა კი ერთი კონკრეტული რეკლამა სარეკლამო ბიზნესის არეალზე არსებული რეკლამათა ზღვისგან?
ანალოგიებში გაწაფული ადამიანი ადვილად დაადასტურებდა, რომ სარეკლამო ბიზნესი და კოკა-კოლას 1971 წლის რეკლამა, ეს იგივეა, რაც საახალწლო ნაძვის ხე და მისი კენწერო.
რეკლამა გადაღებულია მანზიანაში (იტალია). ფოკუსი გვიჩვენებს გორაკზე გვერდიგვერდ მდგომი განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდების სახეებს, რომლებიც კოლას ბოთლით ხელში “I’d Like to Buy the World a Coke”-ს მღერიან.
რეკლამის მიზანია, წარმოგვიდგინოს კოკა-კოლა არა მხოლოდ როგორც სასიამოვნო გაზიანი სასმელი, არამედ როგორც მსოფლიოში მშვიდობისა და ერთა ერთობის კრედო. რეკლამის ავტორმა ბილ ბეკერმა თქვა, რომ მისი იდეა იყო, ეჩვენებინა კოლა, როგორც მსოფლიო ხალხთა საერთო ინტერესი; როგორც უნივერსალურად მიღებული ფორმულა, რომელიც დაეხმარებოდა ხალხს საერთო ენის გამოძებნაში. ამ მიზნის რაობა კარგადაა გამოხატული რეკლამის საუნდტრეკის ტექსტითა და მონაწილეების მკვეთრად განსხვავებული შესახედაობებით. ის ფაქტი, რომ რეკლამაში სხვადასხვა რასისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები კოლას ბოთლით ხელში გვერდიგვერდ დგანან, იმაზე მიგვანიშნებს, რომ კოკა-კოლა ინტერნაციონალობის შესატყვისია. კოლა – ეს სასმელი ერთგვარი გზაა განსხვავებული წარმომავლობის პირების თავშეყრისა. ეს კონცეპტი ჩანს იქიდან, რომ რეკლამაში წარმოჩენილ ადამიანებს არაფერი აქვთ მსგავსი, გარდა ერთი კუთვნილებისა – კოკა-კოლის ბოთლისა და საერთო სიყვარულისა ამ კუთვნილების მიმართ. ეს ადამიანები კოლას სიყვარულს სიმღერის ტექსტით გამოხატავენ:
“მსურს ვასწავლო მსოფლიოს სიმღერა
აბსოლუტურ ჰარმონიაში
მსურს ვუყიდო მსოფლიოს კოლა
და ვიყო მის გარემოცვაში”.
აღსანიშნავია, რომ რეკლამა შეიქმნა 1971 წელს, როცა მსოფლიო ვიეტნამის ომით გამოწვეული ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა; რეკლამა კი მიზნად ისახავდა კოკა-კოლას ისეთ კონცეპტად წარმოჩენას, რომელსაც საერთაშორისო დაძაბულობის განეიტრალება შეეძლო. “მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტი გამოკვეთილად ანტისაომარი არაა, იგი მაინც გვაწვდის მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ მესიჯს”, – ამბობს როჯერ გრინვეი, საუნდტრეკის ერთ-ერთი ავტორი.
Daily Beast-ის მიხედვით, რეკლამის წარმოება 250 000 დოლარი დაჯდა, რის გამოც იგი იმდროინდელ ყველაზე ძვირ რეკლამად ითვლება. მაგრამ ღირდა კი ასეთი თანხის გახარჯვა ამ რეკლამაში? ნამდვილად. კოკა-კოლას 1971 წლის რეკლამამ, რომელიც “გორაკის რეკლამადაა” წოდებული, დიდი წარმატება მოუტანა კომპანიას და ასევე აღიარებულ იქნა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ რგოლად. ოფიციალური ცნობებით, კოკა-კოლას კომპანიამ 100 000-ზე მეტი წერილი მიიღო რეკლამის შესახებ. თუმცა მისი მთავარი წარმატება 2015 წელს გამოვლინდა, როდესაც რეკლამა წარმატებული დრამატული სერიალის Mad Men-ის დასასრულს დაერთო. ამით დამტკიცდა, რომ კოლას 1971 წლის “გორაკის რეკლამა” ათწლეულებს არ ემორჩილება და მართლაც დაუვიწყარია.
დატოვე კომენტარი