ჯუნ-იუკ ბანის მობილური თამაშები უკვე მეგაჰიტებად იქცა კორეაში და ახლა ის ამერიკის დაპყრობასაც ლამობს.
უახლესი ეპიკური საგა, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, უსწრაფესი ტემპებით ვითარდება: მობილური თამაში Marvel Future Fight-ი თავს კომპლექსური ნარატივით იწონებს, რომელიც ალტერნატიულ განზომილებებშია დადგმული და რომლის პერსონაჟთა მარად მზარდი ნუსხა კომიქსების ისეთი პირველხარისხოვანი გმირებისგან შედგება, როგორიც გახლავთ რკინის კაცი და კაცი-ობობა. მისი დებიუტი 2015 წლის აპრილში შედგა, მას მერე 50 მილიონზე მეტჯერ ჩამოიტვირთა და 118 ქვეყანაში პირველ ათეულებშიც მოიპოვა ადგილი, მათ შორის, აშშ-ში, ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეაში.
მისი კორეული წარმატება გასაკვირი არც არის. Marvel Future Fight-ი სეულში დაფუძნებული Netmarble Games-ის შექმნილია – 47 წლის ჯუნ-იუკ ბანის ინტელექტუალური პირმშოსი. Netmarble-ს ისეთი ჰიტების შექმნაში მიუძღვის წვლილი, როგორიცაა არსებათა დამარცხების სათავგადასავლო თამაში, Monster Taming-ი და ნორდიკული მითისა და “სატახტოთა თამაშის” ნაზავი თამაში, Seven Knights-ი. ბანმა იცის, როგორ უნდა მოქსოვოს კარგი ზღაპარი თავისი თამაშებისა და თავისი ცხოვრებისათვის: მას სტივ ჯობსს ადარებენ იმ ნიშნით, რომ ორივემ მიატოვა თავისივე დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია (ბანის შემთხვევაში, მიზეზები ჯანმრთელობას უკავშირდებოდა) და მერე ორივე დაუბრუნდა ამ კომპანიებს, რათა მათთვის ახალი სიცოცხლე შთაებერათ. ბანმა Netmarble-ი 2000 წელს დააფუძნა, ექვსი წლის მერე იქიდან წამოვიდა, 2011 წელს კი კვლავ დაბრუნდა და თან ისე, რომ კონცენტრაცია დესკტოპიდან მობილურზე გადაიტანა: “ვხედავდი, როგორც [იზრდებოდა] ჭკვიანი ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი კორეაში და მივხვდი, რომ ეს ახალ კულტურად მოგვევლინებოდა – უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ ტელეფონი”.
ახლა, როცა მისი 32%-იანი წილი Netmarble-ში $1.2 მილიარდადაა შეფასებული, მან თვალი აშშ-ს დაადგა: ამ ქვეყანას თავისი ზრდის მომდევნო ბაზრად ხედავს. იმედებს Marvel-ის პარტნიორებზე ამყარებს და იმ $130 მილიონზე, რომელიც გასულ ივლისს Netmarble-მა ლოს-ანჯელესში დაფუძნებული SGN Games-ის საკონტროლო წილისთვის გადაიხადა. ეს ბანისთვის ერთგვარი განსვლაა – როგორც გეოგრაფიის, ისე სტილის კუთხით. გაინტერესებთ SGN-ის ყველაზე დიდი ჰიტი? ეს მარტივი სიუჟეტის, მაგრამ მოხდენილი სახელის მქონე Cookie Jam-ია – Candy Crush-ისებრი საკონდიტრო თამაში.
დატოვე კომენტარი