საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციებისა და ბოიკოტის გამო, ფრანგული კომპანია Renault რუსული ავტომწარმოებლის, Avtovaz-ის წილის გასხვისებისა და რუსული ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
ფრანგული კომპანია რუსული Avtovaz-ის 68%-იანი წილის მფლობელია. Avtovaz-მა 2021 წელს 350 000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რისი წყალობითაც Renault-მ 186 მილიონი ევროს მოგება მიიღო. რუსული ავტომწარმოებლის ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია: Lada Priora, Vesta და Niva.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Renault-მ მოსკოვში ავტომობილების ქარხნის დახურვის და წარმოების პროცესის გაურკვეველი პერიოდით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„საერთაშორისო სანქციებით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად კომპანია აუცილებელ ზომებს ატარებს“ – ნათქვამია Renault-ს განცხადებაში.
Bloomberg-ის ცნობით, Avtovaz-ის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის რიგით მეორე უმსხვილეს აქციონერს, Rostec-ს არ შეუძლია Renault-ს 68%-იანი წილის გამოსყიდვა, რადგან Rostec-ი დასავლეთის მიერ სანქცირებულ კომპანიათა სიაშია.
დატოვე კომენტარი