ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის, GGRC-ის ორგანიზებით, სექტემბერში, თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უნაყოფობა 35+” გაიმართა. რეპროდუქტოლოგიის მოწინავე კლინიკამ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას სიახლეები გააცნო, რომელთაც საქართველოსა და რეგიონში ნერგავს. რეპროდუქციული მედიცინის დარგისა და ინდუსტრიის შესახებ კითხვებს GGRC-ის კლინიკური დირექტორი, პროფესორი ნინო მუსერიძე პასუხობს.
რა შედეგებით დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია „უნაყოფობა 35+“, რომლის ორგანიზატორიც თქვენ იყავით? რას მოუტანს ეს საქართველოს სამედიცინო სექტორს?
რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციას უკვე მესამე წელია, ვატარებთ. მსგავსი ტიპის კონფერენცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ინფორმაცია, კვლევები, იდეები და გამოცდილება ერთმანეთში გავცვალოთ.
ქართულ რეპროდუქციულ მედიცინას აქვს დიდი წარსული და დღევანდელობა, პროფესორ არჩილ ხომასურიძის თაოსნობით, რაღა თქმა უნდა მომავალიც. ამისთვის ტარდება უკვე მესამედ ასეთი მასშტაბის კონფერენცია. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაზიარებელი ჩვენი კოლეგებისთვის სხვა ქვეყნებში, ასევე ვსწავლობთ მათგან.
მსგავს კონფერენციაზე მხოლოდ რეპროდუქციული მედიცინის წარმომადგენლების დასწრება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ მას გინეკოლოგები, ენდოკრინოლოგები, ონკოლოგები, უროლოგებიც ესწრებოდნენ, ვინაიდან მათ უნდა იცოდნენ, თუ რა დროს უნდა ურჩიონ პაციენტს, რეპროდუქტოლოგს მიმართოს. პაციენტები ჩვენთან ხშირად გვიან მოდიან, დროს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ შარშანდელ კონფერენციაზე დავპირდით მონაწილეებს, რომ გამოიცემოდა ჟურნალი Medical Times-ი. ეს პირობა შევასრულეთ, ჟურნალში არის ყველა ის მასალა, რომელიც რეპროდუქტოლოგიაში არსებულ სიახლეებს და კონფერენციის მოხსენებებს მოიცავს. ეს ჟურნალი წელიწადში ერთხელ გამოვა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში პირველ წელს რამდენიმე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მეორე წელს შვიდი და წელს უკვე ათი. გვინდა, რომ სამომავლოდ ის კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს.
გარდა მასშტაბებისა, კიდევ რით იყო გამორჩეული წლევანდელი კონფერენცია?
მნიშვნელოვანი იყო ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საკითხი, რაც მიმაჩნია, რომ ჩვენი სფეროს მომავალია. ამით საშუალება გვეძლევა, ქალის ბიოლოგიური საათი უკან დავაბრუნოთ. თურქი კოლეგები იყვნენ ჩამოსული, რომლებიც ამაზე უკვე ათი წელია, მუშაობენ და შედეგებიც აქვთ. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად, თურქეთში ბავშვიც დაიბადა. ჩვენ გვაინტერესებს, საქართველოში რა შედეგი გვექნება, ამიტომ შვიდ ქალს უკვე გადავუნერგეთ ღეროვანი უჯრედები და შედეგებს ველოდებით, რომელთაც მომავალი წლის კონფერენციაზე წარვადგენთ. ამ მხრივ საქართველოში პირველები ვართ. დამატებით ერთი რამ, რაც ჩვენთან გაკეთდა და თურქეთში არა, იყო ღეროვანი უჯრედების შეყვანა ენდომეტრიუმში. ჩვენ გვყავს პაციენტი ქალები, რომელთა სხეულში, თხელი ენდომეტრიუმის გამო, ემბრიონის გადატანას ვერ ვახერხებთ. ამიტომაც მათ შვილის გასაჩენად სჭირდებათ სუროგატი დედა. თუმცა, თუ ჩვენ ამ კუთხითაც შედეგს მივიღებთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და სუროგაცია და დონაცია ბევრ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო. ეს შვილოსნობის შანსს დაახლოებით 25%-ით ზრდის. გვინდა, მსგავსი ნაბიჯი გადავდგათ მამაკაცების შემთხვევაშიც, ვინაიდან არსებობს მძიმე ფორმის ოლიგოსპერმიები, რის გამოც ჯანმრთელი ემბრიონის მიღება რთულდება. თუ ჩვენი მცდელობა მამაკაცებშიც შედეგს გამოიღებს, დავიწყებთ ამის კეთებას და ამ კუთხით თურქეთსაც დავასწრებთ და ვიქნებით პირველები.
გამოდის, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ამ სფეროში?
დიახ, ასე მიმაჩნია. ჩვენს კონფერენციაზეც, სტუმრები მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებიდან, რეპროდუქტოლოგები და გინეკოლოგები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში რეპროდუქციული მედიცინა ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და შედეგები ევროპული კლინიკების ანალოგიური გვაქვს. ზოგადად ჩვენს კლინიკაში პაციენტების 60% უცხოელია. უცხოურ ბაზარზე ძალიან პოპულარულები ვართ და ეს ჩვენი მიღწევების დამსახურებაა.
ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია ლეგალური არაა. რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ რეპროდუქციული მედიცინის განვითარების მიმართულებით? ვის გამოცდილებას იზიარებთ? და ასევე ვის უზიარებთ?
კანადა, გერმანია, თურქეთი, ისრაელი, ავსტრია, ინგლისი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა. წელს კანადიდან იყო ჩამოსული პროფესორი გომელი. ის ეხმარებოდა პროფესორს, რომელმაც პირველი ინ ვიტრო განაყოფიერება გააკეთა მსოფლიოში. სწორედ მისი თაოსნობით დაიბადა კანადაში პირველი ბავშვი ინ ვიტრო განაყოფიერებით, პროფესორი გომელი მეორედ ესტუმრა საქართველოს საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და ამბობს,რომ ქართველი კოლეგების შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებულია. მან კონფერენციის შემდეგ აღნიშნა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ესწრება შეხვედრებს რეპროდუქციულ თემებზე და ისეთი დიდი დაინტერესება, როგორიც საქართველოშია, მხოლოდ ჩინეთში უნახავს. ისრაელიდანაც გვყავდა პროფესორი, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა ისრაელში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესის წარმართვაში. ისრაელიც ამ კუთხით დღეს ერთ-ერთი მოწინავეა, სადაც სახელმწიფო ინ ვიტრო განაყოფიერებას სამ შვილამდე აფინანსებს. ჩვენ ერთმანეთის გამოცდილებებს აქტიურად ვიზიარებთ.
რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით ჩვენი კონკურენტები ძირითადად რუსეთი და უკრაინა იყვნენ. რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ისინი დღესაც მივიჩნიოთ ჩვენს კონკურენტებად?
ამჟამად უკრაინაში ომის გამო, პრაქტიკულად ყველა პაციენტი, ვინც რუსეთსა და უკრაინაში უნდა წასულიყო, საქართველოში ჩამოდის. ამიტომაც მომართვიანობით უკვე საქართველო ლიდერობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში მომართვიანობის 10-20%-იანი ზრდაა. GGRC-ში კი 30%-იანი ზრდა გვაქვს.
ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ინვიტრო კლინიკები სექტემბრიდან ლიცენზირებას დაექვემდებარა. რა მოლოდინი გაქვთ ამ რეგულაციის ამოქმედების შედეგად?
რეგულაცია ხარისხის ამაღლებას განაპირობებს. ჩვენს კლინიკაში რა ხარისხიც გვინდოდა, იმ ხარისხის მიღწევისთვის თავიდანვე ვიბრძოდით. შექმნისთანავე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რა სტანდარტით გვინდოდა, რომ გვემუშავა. მოთხოვნები არ იყო, თუმცა მაინც ასე გავაკეთეთ და დღეს საქართველოში ერთადერთი რეპროდუქციული ცენტრი ვართ სამი უმაღლესი სტანდარტით, ესაა ISO, FDA ლაბორატორიის ამერიკული ხარისხი და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია. მივესალმები ლიცენზირების ინიციატივას, რადგან, როცა რეგულაცია გაქვს, ის მაინც იცი, რა სტანდარტი უნდა დააკმაყოფილო. ასე უფრო მარტივია. პაციენტიც დაცულია და ხარისხიც ამაღლდება. განვითარება გვჭირდება. ჯანდაცვა, ცხადია, ამას უნდა აკონტროლებდეს.
ფასებზეც მინდა გკითხოთ. რეპროდუქციული სერვისები ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სამედიცინო სერვისად რჩება. რა გამოსავალს ხედავთ?
სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო არ აფინანსებს ინ ვიტრო განაყოფიერებას. არც სადაზღვევო კომპანიები… თუმცა აღსანიშნავია, რომ აჭარის მოსახლეობისთვის ცოტა ხნის წინ საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. კერძოდ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს აფინანსებს, რაც დიდი მიღწევაა.
მარტივად რომ ვთქვათ, გამოსავალი არ იქნება, თუ დაფინანსება არ იქნება. ჩვენი სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ინ ვიტრო განაყოფიერება კი მინიმუმ 15 000 ლარი ჯდება. ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კლინიკამ, მოვძებნეთ გამოსავალი, მაგრამ ეს არაა საკმარისი, თუმცა კარგი მაგალითია, თუ სხვა კლინიკებიც გაიზიარებენ: ჩვენ გვაქვს შიდა ფონდი, „შენთვის”, რომელიც ივსება უცხოელი წყვილების მიერ გადახდილი ფასნამატის ხარჯზე და ამ თანხით ვეხმარებით ქართველ უშვილო წყვილებს.
გახსნიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ GGRC, როგორც ბიზნესი, სხვა მასშტაბებზეა გასული. როგორია ზრდის ბოლო მაჩვენებლები?
პირველ რიგში, გაიზარდა ნდობა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაზარზე ერთადერთი ვართ, ვისაც სოციალური პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს ყველაზე მეტად მეამაყება. მართალი გითხრათ, მგონი, ამან მოიტანა ნდობაც. ნდობის გარდა, ქვეყანას ფონდის დახმარებით უკვე 445 ახალი სიცოცხლე შეემატა. ჩვენ გვაქვს პროგრამა 40+ ქალებისთვის. გამოკვლევებს, სკრინინგს ვუკეთებთ და დანიშნულებას ვაძლევთ. გარდა ამისა, საამაყოა ისიც, რომ ჩვენ ერთადერთი კლინიკა ვართ საქართველოში, რომელსაც ამერიკაში ბიოლოგიური მასალის გაგზავნა შეუძლია, ვინაიდან გვაქვს FDA აკრედიტაცია. ისრაელშიც გავიარეთ ამ კუთხით აკრედიტაცია და იქაც შეგვიძლია ჩვენი ბანკიდან, აქ გაყინული კვერცხუჯრედის გაგზავნა.
უცხოეთში რით შემოიფარგლება თქვენი მარკეტინგული კამპანიები?
ჩინეთში, ისრაელში, მალტაზე ჩვენი პარტნიორი სამედიცინო ტურიზმის კომპანიები, ენდობიან GGRC-ის ხარისხს და ინტენსიურად გვიგზავნიან პაციენტებს.
ახალ გეგმებზეც გკითხავთ, რა სიახლეებია მოსალოდნელი GGRCში?
ბარნოვის ქუჩაზე ჩვენი დამატებითი შენობის მშენებლობა უკვე სრულდება. ვფართოვდებით. ასევე ვაპირებთ ტრენინგ-ცენტრის გახსნას. გამოწერილი გვაქვს სრული სამედიცინო ტექნიკა, რომელიც მალე ჩამოვა. ამასთან, ვაპირებთ ახალი ტექნოლოგიის Timelabs-ის შემოტანას. ეს არის ინკუბატორი ლაბორატორიაში, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ ემბრიონს საერთოდ არ შეეხო, და რომელიც იღებს ემბრიონის განვითარების კადრებსაც. ონკოლოგიური პაციენტებისთვის წიგნის გამოცემას ვაპირებთ, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება, რათა მათ გაუჩნდეთ რწმენა, რომ შვილი აუცილებლად ეყოლებათ. ეს ყურადსაღები საკითხია, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ყოფილი ონკოპაციენტები მოდიან ჩვენთან, შვილის გაჩენა სურთ, თუმცა, ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების გამო, კვერცხუჯრედების რეზერვი აღარ აქვთ. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ონკოლოგმა მას ქიმიოთერაპიის დაწყებამდე უნდა შესთავაზოს კვერცხუჯრედის გაყინვა. შესაძლოა, პაციენტი იმწუთას ფიქრობდეს, რომ მთავარია, გადარჩეს, მაგრამ მათ უნდა ვუთხრათ, რომ შეიძლება დღეს ებრძოდნენ ონკოდაავადებას, თუმცა მომავალში, როცა მას დაამარცხებენ, მათ ენდომებათ შვილის გაჩენა. როდესაც პაციენტს ელაპარაკები იმაზე კი არა, გადარჩები თუ არა, არამედ იმაზე, შვილი გეყოლება თუ არა, ის ყოველთვის ფიქრობს, რომ ის უკვე გადარჩა. ხოლო როცა გეუბნებიან, რომ შენ ჯერ დაამარცხე დაავადება და მერე ვნახოთ, ესე იგი თავიდანვე ვუკლავთ იმედს. ონკოლოგის მიერ შვილოსნობაზე საუბრით კი პაციენტი განეწყობა, რომ გადარჩება და შვილი ეყოლება. მაგალითად, ისრაელში როდესაც ონკოპაციენტი მიდის ექიმთან, მას ჯერ უყინავენ ბიოლოგიურ მასალას და შემდეგ იწყებენ მკურნალობას.
დაბოლოს, ისრაელელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სპერმის ბანკის შექმნაზეც. მსოფლიოში არ არსებობს მაღალი ხარისხის ბანკი. სპერმის ბანკები არსებობს, თუმცა მამაკაცები ძირითადად მხოლოდ ინფექციებზე არიან გატესტილი და ჩვენ გვინდა უფრო მაღალი ხარისხის ბანკის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დონორებს გენეტიკურ კვლევასაც ჩავუტარებთ. ამ საკითხზე სერიოზულად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ესეც აუცილებლად გამოგვივა.
დატოვე კომენტარი
Thanks for sharing. I read many of your blog posts, cool, your blog is very good.