გასული ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის, Binance-ის გამოყენებით თაღლითებმა, ჰაკერებმა, მექრთამეებმა და ნარკომოვაჭრეებმა $2.35 მილიარდი გაათეთრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ჟურნალისტებმა გააანალიზეს როგორც სამართლებრივი დოკუმენტები, ასევე სამართალდამცავი უწყებების მიერ შეგროვებული ინფორმაცია და კომპანიის ანგარიშები და დაადგინეს, რომ 2017-2021 წლებში, კრიპტობირჟის გამოყენებით, სულ მცირე, $2.35 მილიარდის არალეგალური შემოსავალი გათეთრდა.
გამოცემა კრიპტობირჟის დახმარებით ფულის გათეთრების ერთ-ერთ მაგალითსაც ავრცელებს: 2020 წლის სექტემბერში ჩრდილოკორეულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Lazarus-მა სლოვაკური კრიპტობირჟა Eterbase-ი დაჰაკა და $5.4 მილიონის კრიპტოვალუტა მოიპარა, ხოლო მოგვიანებით ეს კრიპტოვალუტა Binance-ის გამოყენებით გადაცვალა.
საინტერესოა, რომ თაღლითობით დაუფლებული თანხების წარმომავლობის გარდა, Reuters-მა Binance-ის მომხმარებლების მიერ დარქნეტის გამოყენებაც შეისწავლა. მონაცემების მიხედვით, 2017-დან 2022 წლამდე, ნარკოტიკებით ვაჭრობის მსოფლიოს უდიდესი ონლაინბაზრის, Hydra-ს მომხმარებლებმა Binance-ის დახმარებით $780 მილიონის ნარკოტიკები შეიძინეს და გაყიდეს.
აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ჟურნალისტურ გამოძიებას მალევე Binance-იც გამოეხმაურა – კრიპტობირჟის განცხადებით, გამოცემის მიერ წარმოდგენილი რიცხვები რეალობასაა აცდენილი, ხოლო მასალა მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მათ აღნიშნეს ისიც, რომ კრიპტოტრანზაქციები უაღრესად გამჭვირვალეა – Binance-ის თქმით, 2021 წელს, არალეგალურმა კრიპტოტრანზაქციებმა საერთო ტრანზაქციების მხოლოდ 0.15% შეადგინა, მაშინ როცა ფიატ-ვალუტის შემთხვევაში, ანალოგიური მაჩვენებელი 2-5%-ის ფარგლებში მერყეობს.
დატოვე კომენტარი