ბრიტანული ენერგოგიგანტის, BP-ის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი პროექტი, რომელიც ფოლადის მილების მასითა და გამაგრებული კოშკებით ბუნებრივი აირის მოპოვების ინოვაციურ ტექნოლოგიას წარმოგვიდგენს, ომანის უდაბნოს სიღრმეში მდებარეობს. Reuters-ის მიერ განხილული ფინანსური დოკუმენტის თანახმად, დაწესებულებამ BP-ს 2019 წელს $650 მილიონზე მეტი მოცულობის მოგება მოუტანა, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიამ მისი აქციების მესამედის გაყიდვა წლის დასაწყისში მაინც გადაწყვიტა. გარიგება კი თავის მხრივ ასახავს კომპანიის უფრო დიდ სტრატეგიას, წიაღისეული საწვავის აქტივების ლიკვიდაციით მეტად გაზარდოს განახლებადი ენერგიის პროექტებში განხორციელებული ფულადი ინვესტიცია.
შეიძლება ითქვას, რომ BP-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიმბოლურია, რადგან დღეს Big Oil-ი (აშშ-ის მსხვილი ნავთობკომპანიები) სწორედ ამ რთული არჩევანის წინაშე დგას. ნავთობის ყველა მსხვილი კომპანია მთელ მსოფლიოში მზარდ ზეწოლას განიცდის მარეგულირებლებისა და ინვესტორების მხრიდან. მიზანი ერთია: განვითარდეს სუფთა ენერგიის წარმოება და შემცირდეს წიაღისეული საწვავი, სათბურის აირების ემისიის ძირითადი წყარო, რაც გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზია.
ამჟამად, BP-ის აღმასრულებელი დირექტორი ირლანდიელი ბერნარდ ლუნია, რომელიც კომპანიას 1991 წელს შეუერთდა, 2020 წლის თებერვალში კი CEO-ს თანამდებობა დაიკავა. ლუნი თვლის, რომ BP-ს აქვს პოტენციალი, მის კონკურენტებზე ბევრად სწრაფად გადავიდეს სუფთა ენერგიაზე. გარდა ამისა, გასულ წელს ლუნი ამ სფეროს პირველი მთავარი CEO გახდა, რომელმაც მიზანმიმართულად წარმოების შეწყვეტა დააანონსა. ლუნი მიზნად ისახავს გამომუშავების 40%-ით, ანუ დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელით შემცირებას, რაც 2019 წელს გაერთიანებული სამეფოს მიერ დღიურად საშუალოდ მოხმარებულ რაოდენობას უტოლდება. ამავდროულად, კომპანია გაზრდის განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას 50 გიგავატამდე, რაც ეკვივალენტურია აშშ-ის 50 ბირთვული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის.
დასახული მიზნის მისაღწევად, ლუნი 2025 წლისთვის წიაღისეული საწვავის აქტივების გაყიდვებიდან $25 მილიარდის მიღებას გეგმავს, რაც 2019 წლის მონაცემებით, კომპანიის მთლიანი ძირითადი აქტივების დაახლოებით 13%-ია. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, ლუნიმ წინამორბედებისგან მემკვიდრეობით მიღებული $15 მილიარდად შეფასებული პროექტები უკვე გაყიდა. გარდა ამისა, ლუნიმ გაყიდა კომპანიის მთლიანი ნავთობქიმიური სამუშაოები, რომელმაც ორგანიზაციას 2019 წელს $402 მილიონის მოგება მოუტანა.
განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოგებიანი აქციების გაყიდვის საპირისპიროდ კომპანია განახლებად წყაროებში განხორციელებული ორი ძირითადი ინვესტიციით ათობით მილიონდოლარიან დანაკარგს განიცდის. მათ შორისაა Lightsource-ი, მზის ენერგიის კომპანია, რომლის ნახევარსაც BP ფლობს. 2018-2019 წლებში Lightsource-ის საერთო ზარალმა $81.8 მილიონი შეადგინა. გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა ელექტრომობილების დასამუხტმა ფირმამ, BP Pulse-მა კი ბოლო ორი წლის განმავლობაში $30.8 მილიონის ზარალი ნახა. კომპანიამ აღიარა, რომ მისი სწრაფად მზარდი სუფთა ენერგიის ბიზნესი, მზის, ელექტრული ენერგიის დამუხტვისა და ქარის ჩათვლით, კვლავ კარგავს თანხებს. თუმცა ისიც დასძინა, რომ ისინი მინიმუმ 2025 წლამდე ამ ბიზნესიდან მოგების ნახვას არ ელიან.
მსგავსი მოცულობის დანაკარგი სულაც არ გულისხმობს ლუნის მიერ განახლებად ენერგიაში ინვესტიციების შემცირებას. პირიქით, 2030 წლამდე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ყოველწლიურად ინვესტიციის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ისახავს მიზნად, რაც 2019 წელთან შედარებით 10-ჯერ მეტია. BP Pulse-სთვის ეს ნიშნავს 2030 წლისთვის 70,000 დასამუხტი პუნქტის არსებობას, რომელთა რაოდენობაც დღეს მხოლოდ 11,000-ია. ამავდროულად, Lightsource-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა ტეხასის ჩრდილოეთით მზის ფერმის აშენება და დამატებით $220 მილიონად შეფასებული აშშ-ის მზის ენერგიის კომპანია შეიძინა. BP ბიზნესის გაფართოებას ოფშორული ქარის ენერგიის მიმართულებითაც აპირებს და მიზნის მისაღწევად უფრო ადრე დამკვიდრებულ კონკურენტებთან შედარებით მაღალ ფასსაც იხდის. 2020 წელს კომპანიამ დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ნორვეგიული ენერგეტიკული გიგანტი Equinor- (EQNR.OL)-ის 50% წილი იყიდა მიმდინარე წლის თებერვალში კი BP-მა და მისმა პარტნიორმა Energie Baden-Württemberg AG-მა 1.24 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადეს ირლანდიის ზღვაში ორი პროექტის მშენებლობის უფლებებისთვის.
გარდაქმნის დაწყებისთანავე ლუნიმ კომპანიაში მნიშვნელოვნად შეამცირა სამუშაო ადგილები და თანამშრომლების 15% გაათავისუფლა, ანუ ჯამში 10,000 დასაქმებული. ამასთან ერთად კი 39%-ით დაეცა BP-ის აქციების ფასები, რაც ამ პერიოდში ნავთობკომპანიებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, როგორც BP-ის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა მიურეი ოჩინკლოსმა განაცხადა, ელექტრიფიკაცია იზრდება ბევრად უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ეს აქამდე შესაძლებელი იყო და ინვესტორებსაც შეუძლიათ გადალახონ სწრაფი ტრანსფორმაცია. ოჩინკლოსმა ასევე დასძინა, რომ BP-ის ქარისა და მზის ინვესტიციები იწყებს ჯანსაღი მოგების დაბრუნებას. შემოსავალი უფრო დაბალი იქნება, ვიდრე BP მოელის ნავთობისა და გაზისგან, თუმცა ბევრად უფრო სტაბილური ნავთობის “სუპერარასტაბილურ” ბიზნესთან შედარებით, სადაც ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს ან, პირიქით, სწრაფად დაეცეს.
BP-ის შვიდმა, როგორც ახლანდელმა, ასევე ყოფილმა აღმასრულებელმა, ანონიმურობის დაცვით Reuters-ს ლუნის გარდამავალ გეგმებზე თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს. ისინი ძირითადად მხარს უჭერენ ლუნის გეგმას, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი CEO ზედმეტად სწრაფად მოქმედებს მაღალი ხარისხის ნავთობის აქტივებით ვაჭრობის შემთხვევაში. ისინი შიშობენ, რომ ღირებული აქტივების გაყიდვამ კომპანია შესაძლოა მხოლოდ შედარებით დაბალი ხარისხის აქტივების ამარა დატოვოს, რაც შემდგომში უფრო გაართულებს მათგან განთავისუფლებას, რადგან კომპანია მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლას აპირებს. ბოლოდროინდელი გაყიდვის მცდელობაც ასახავს ნავთობის აქტივების გაყიდვის მზარდ გამოწვევას. როდესაც BP–მა ჩრდილოეთ ზღვის საბადოების ორი წილის მიყიდვა სცადა Premier Oil– ისთვის, მას, მოლაპარაკებების პროცესში ფასის ორი მესამედით შემცირება მოუწია – შესაბამისად 205 მილიონ დოლარამდე.
2020 წლის ოქტომბერში, გაზის გამომუშავების გასაძლიერებლად BP-ის მიერ ომანის პროექტის გაფართოებას ლუნიმ კომპანიის სტრატეგიის ბირთვი უწოდა. მისი თქმით, ბუნებრივი აირი, რომელსაც ატმოსფეროს გამათბობელი ნახშირბადის დაბალი ემისია აქვს, იქნება გრძელვადიანი შემოსავლის წყარო კომპანიის მეტამორფოზის დასაფინანსებლად. 2021 წლის დასაწყისში ლუნიმ მოიწვია კომპანიის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელები და შეხვედრაზე მოუწოდა მათ, სასწრაფოდ ეპოვათ გზა ვალის $35 მილიარდამდე შემცირებისთვის. მალევე, პირველ თებერვალს, კომპანიამ $2.6-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა ტაილანდის PTT Exploration and Production-თან ომანის გაზის საბადოს წილის მიყიდვის თაობაზე. BP-მა ამ გარიგებით საკუთრების 60%, ანუ მთლიანად პროექტის 20% დათმო. გარდა ამისა, ომანის გარიგებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2020 წლის ივნისში, BP–მ თავისი ნავთობქიმიკატების ბიზნესი 5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა ქიმიურ გიგანტ INEOS-ს. 2019 წელს ბიზნესმა BP-ის მთლიანი წლიური მოგების დაახლოებით 4% წარმოქმნა.
თუმცა წლები სჭირდება იმის გარკვევას, თუ რამდენად მოგებიანი იქნება კომპანიისთვის ლუნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ფაქტია, რომ BP-ის სწრაფი ტრანსფორმაცია კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ როლს ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ ეტაპზე განახლებად ენერგიაზე გადასვლით ზარალს ნახულობს, HSBC ბანკის ნავთობისა და გაზის ანალიტიკოსი, კიმ ფუსტიე მიიჩნევს, რომ BP-ის შემოსავალი განახლებადი წყაროებიდან და დაბალი ნახშირბადის მქონე ბიზნესებიდან ათწლეულის შუა რიცხვებში მთლიანი შემოსავლის 4-5%-ს, 2030 წლისთვის კი 10-15%-ს მოიცავს.
This article was originally published on Reuters: Special Report: BP gambles big on fast transition from oil to renewables | Reuters
დატოვე კომენტარი