კოლოსალური ქარის მეურნეობიდან ოკეანის ტალღებზე მცურავი ასობით მზის პანელამდე – პორტუგალია განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდის ინოვაციურ გზებს იკვლევს. ასეთი პროექტის მასიური დანერგვა შესაძლოა ჯერჯერობით ძალიან ძვირია, მაგრამ საბოლოო სარგებელი მაინც აჭარბებს დანახარჯებს.
მზის პარკები და ქარის ტურბინები პორტუგალიის ლანდშაფტის ნაწილი წლების წინ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 70% განახლებადი წყაროებით იწარმოება, მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად , ქვეყანა კვლავ იყენებს იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავს. წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირება კი პარიზის შეთანხმების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა.
ჩრდილოეთ საპორტო ქალაქ ვიანა დო კასტელოს სანაპიროდან დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით, ატლანტის ოკეანეში ქარის სამი უზარმაზარი მცურავი ტურბინაა დამონტაჟებული.
„ეს მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ოფშორული მცურავი ქარის მეურნეობაა.“ – აცხადებს WindFloat Atlantic–ის პროექტის დირექტორი ხოსე პინეირო. მისი აზრით, ეს მეურნეობა თამაშის წესებს ცვლის არამხოლოდ პორტუგალიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
ღრმა ზღვაში, იქ სადაც ძლიერი ქარია, ტურბინების დაყენება გაცილებით მომგებიანია, რადგან გაცილებით მეტი ენერგიის წარმოებაა შესაძლებელი, ვიდრე ხმელეთზე დამონტაჟებულიჩვეულებრივი ქარის ტურბინის შემთხვევაში.
საბოლოოდ, ეს ელექტროენერგიას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, ხოლო პორტუგალია ნაკლებად იქნება წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული – აცხადებს პინეირო. ის გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტის განხორციელება ყოველთვის ძალიან ძვირი ჯდება, რაც საწყის ეტაპზე სირთულეს წარმოადგენს.
პორტუგალიის უმსხვილესმა კომუნალურმა EDP–იმ 2017 წელს ალტო რაბაგაოს კაშხლის წყალზე მცურავი ფოტოელექტრონული მზის ელექტროსადგური – სულ 840 პანელი დაამონტაჟა. ახლა ისინი კიდევ უფრო დიდ მსგავს პარკს ალკევას კაშხალზე აშენებენ.
EDP–ის ადგილობრივმა დირექტორმა ნუნო გუდესმა აღნიშნა, რომ კაშხლებზე მცურავი მზის პლატფორმების განთავსება უზარმაზარი სარგებელის მომტანია, რადგან ისინი ჰიდროელექტროენერგიის წარმოებას ავსებენ, ამასთან, არსებულ ობიექტებს დამატებით დატვირთვას უძებნიან და ზოგავენ ხმელეთზე გარკვეულ ადგილს.
„როდესაც მზის ენერგია მეტია და ნაკლები წყალი გვაქვს, ეს რესურსები ერთმანეთს ავსებენ, შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოება დანაკარგების გარეშე მიმდინარეობს.“ – აღნიშნა EDP–ის ადგილობრივმა დირექტორმა.
როგორც ჩანს, ხარჯები კვლავ მაღალია, თუმცა პორტუგალია აქტიურად იკვლევს ალტერნატივებს, რათა სრულად ჩაანაცვლოს არაგანახლებადი ენერგიის რესურსი.
დატოვე კომენტარი