რუსეთმა ცამეტ უცხოურ, ძირითადად ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას მოსთხოვა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის, რუსეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად იყვნენ წარმოდგენილნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს შეზღუდვები ან პირდაპირი აკრძალვები ემუქრებათ. კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა ახალი მოთხოვნები ორშაბათს გამოაქვეყნა და ისეთი ფირმების ნაწილიც მოიცვა, რომლებიც რუსულ ოფისებს უკვე ფლობენ.
სოციალური მედიის უცხოური გიგანტები, პირველი ივლისის შემდგომ ახალი კანონის ამოქმედების შედეგად ვალდებულნი ხდებიან, ოფისები რუსეთშიც გახსნან. ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში პირველად გასაჯაროვდა იმ კომპანიათა სიაც, რომელთაც რუსეთის შეზღუდვები დაუწესდებათ. მათ შორის არის Google-ი, Facebook-ი, Twitter-ი, TikTok-ი და Telegram-ი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული კომპანიები რუსეთმა მას შემდეგ დააჯარიმა, რაც სოციალური მედიის გიგანტებმა უარი განაცხადეს წაეშალათ კონტენტი, რომელსაც ქვეყანა არაკანონიერად მიიჩნევდა. Apple-ი, რომელსაც რუსეთი ბაზარზე დომინანტობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს, სხვა კომპანიებთან ერთად სამიზნე სიაში მოხვდა.
სახელმწიფო მარეგულირებლის განცხადებით, ფირმებს, რომლებიც კანონმდებლობას დაარღვევენ, შესაძლოა რეკლამირებაზე, მონაცემთა შეგროვებასა და თანხის ტრანზაქციაზე შეზღუდვები ან პირდაპირი აკრძალვები დაუწესდეთ. რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არცერთ კომპანიას განცხადება არ გაუკეთებია.
რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები, სილიკონის ველის ალტერნატივებთან კონკურენციისას შიდა ტექნიკური სექტორის წასახალისებლად, მიმდინარე წელს უკვე გადადგა. მათ შორის, შემოიღო გადასახადები სხვა ქვეყნების საკუთრებაში არსებული ციფრული სერვისებისთვის, თუმცა შეამცირა ადგილობრივი IT ფირმებისთვის. გარდა ამისა, ქვეყანაში შემოტანილ სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა მოწყობილობებზე დააწესა მოთხოვნა მომხმარებლებისთვის რუსული პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზების შესახებ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ განმეორებითი ჯარიმები აკრძალული კონტენტის ხელახალი გამოქვეყნებისთვისაც შეიმუშავა და ასევე მოითხოვა, რომ რუსი მომხმარებლების მონაცემები მხოლოდ რუსეთში არსებულ სერვერებზე შეინახოს.
დატოვე კომენტარი