კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (UBC) მკვლევრებმა შეიმუშავეს ინსულინის აბი, რომლის პერორალურად მიღებაა შესაძლებელი – მეთოდის ეფექტი ისეთივეა, როგორიც ინიექციის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, რაც მეცნიერები დიაბეტის სამკურნალოდ ინსულინის ინიექციის ალტერნატიული მეთოდის განვითარებას ცდილობენ. ამისთვის მათ ყლაპვადი აბები და დასალევი ინსულინიც კი შეიმუშავეს. თუმცა, ეს მცდელობები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან ამ გზებით მიღებული ინსულინის დიდი ნაწილი კუჭში გროვდება და დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს.
გარდა ამისა, იმისათვის, რომ ინსულინმა გლუკოზაზე ეფექტიანად იმოქმედოს, მან სწრაფად უნდა მიაღწიოს ღვიძლს. ზემოხსენებული მეთოდებით მიღებულ ინსულინს ორგანომდე მისაღწევად შეიძლება ორი-ოთხი საათი დასჭირდეს, რაც საკმაოდ დიდი დროა. ინიექციურ ინსულინს ღვიძლში მოხვედრა მიღებიდან დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შეუძლია და ის ორგანოში ორი-ოთხი საათის განმავლობაში რჩება.
ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტაბლეტები, რომელთაც ღვიძლამდე მისაღწევად საინიექციო ინსულინის მსგავსი დრო სჭირდება. აბები პირის ღრუში იხსნება და ლოყების შიდა მხარეს არსებული გარსის მიერ ათვისების შემდეგ ინსულინი, კუჭის გვერდის ავლით, პირდაპირ ღვიძლს მიეწოდება. ამ გზით კი დრო და ინსულინის რაოდენობა იზოგება.
მეცნიერებმა აბები ცხოველებზე წარმატებით გამოცადეს, ამჟამად კი კლინიკური ტესტირებისთვის ემზადებიან. ახალ მეთოდთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სპეციალისტების მიერ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გაეცნობით.
დატოვე კომენტარი