ოსკაროსანი კინორეჟისორის, პიტერ ჯექსონის მიერ ახალ ზელანდიაში თანადაფუძნებული ვიზუალური ეფექტების კომპანიის ნაწილი 1.6 მილიარდ აშშ დოლარად გაიყიდა. საკულტო ფილმებზე, „ბეჭდების მბრძანებელსა“ და „ავატარზე“ მომუშავე Weta Digital-ის გარკვეული ნაწილი ასევე ცნობილმა ვიდეოთამაშების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Unity-მ შეისყიდა.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოთამაშების კომპანია Unity-ის ვიდეონაწარმს შორის ცნობილი თამაში Pokemon Go და Call of Duty: Mobile-ი შედიან. რეჟისორ პიტერ ჯექსონის განცხადებით, აღნიშნული კომპანიების თანამშრომლობა ბევრ ახალ შესაძლებლობას გააჩენს დამწყები ხელოვანებისათვის, რომელთაც ბედის ცდა სათამაშო ინდუსტრიაში სურთ.
Weta Digital-ი პიტერ ჯექსონმა 1993 წელს დააფუძნა. მისი დახმარებით ისეთი ცნობილი პერსონაჟები შექმნილა, როგორებიც გახლავთ ნეირიტი „ავატარიდან“, გოლუმი „ბეჭდების მბრძანებლიდან“ და კეისარი „მაიმუნების პლანეტიდან“.
სხვაგვარად Weta Digital-ს სამხრეთ ნახევარსფეროს ჰოლივუდსაც უწოდებენ. ის კინოინდუსტრიაში უდიდესი რეპუტაციით სარგებლობს. შეთანხმების მიხედვით კი კომპანიას გაყოფა მოუწევს. მისი ტექნოლოგიური ქონება მთლიანად Unity-ის მფლობელობაში გადავა. კომპანიის ვიზუალური ეფექტების სტუდიას კი WetaFX დაერქმევა და ის ცალკე კომპანიად იფუნქციონირებს.
Weta-ს განცხადებით, პიტერ ჯექსონი კომპანიის ციფრულ ხელოვანებთან ერთად კვლავ დარჩება ახალ ზელანდიაში და განაგრძობს ფილმების გადაღებას. Unity-ის განცხადების თანახმად, კომპანიათა კოლაბორაცია მეტავერსული სამყაროს შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას შექმნის.
დატოვე კომენტარი