ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი უკრაინას An-225-ტიპის ახალი თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება, – ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით არახამიამ საკუთარ ტელეგრამ-არხში დაწერა.
„რიჩარდმა გვითხრა, რომ მზადაა დაგვეხმაროს ყველაფრით, რითაც შეძლებს. ამასთანავე, ის ძალზე აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი ოპტიმიზმით და იმით, რომ ურთულეს დროშიც კი, აეროდინამიკურ და კოსმოსურ ინდუსტრიაში გარღვევებზე ვოცნებობთ“, – წერს არახამია.
ფოტო: Taras Dumenko via Telegram
შეგახსენებთ, რომ Mriya („ოცნება“) – მსოფლიოს უდიდესი სატვირთო თვითმფრინავი იყო, რომლის ერთადერთი ეგზემპლარი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში, ერთ-ერთ დაბომბვას ემსხვერპლა. 175-ტონიანი Mriya კიევის მექანიკურ ქარხანაში აიწყო, 1980-იან წლებში. თვითმფრინავს ასობით მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული ასაფრენი წონისა და ტვირთამწეობით – Mriya-ს 250 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეეძლო.
“Mriya ლეგენდარული [თვითმფრინავი] და უკრაინის ერთ-ერთი სიმბოლოა. ეს ერთადერთი თვითმფრინავია თავის კატეგორიაში, რომელსაც 240 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული“, – წერს არახამია და დასძენს, რომ ახალი თვითმფრინავი, რომლის აწყობა თანამედროვე ციფრულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაყრდნობით იგეგმება, კიდევ უფრო მძლავრი იქნება.
საინტერესოა, რომ რიჩარდ ბრენსონი „ანტონოვის“ აეროდრომის აღდგენითაც არის დაინტერესებული, – ამის შესახებ ქალაქ გოსტომელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტარას დუმენკომ Facebook-ზე დაწერა.
დატოვე კომენტარი