ტრამპი ამბობს, რომ გამარჯვებულია. გამარჯვებულ პრეზიდენტად ყოფნა ტრამპისგან იმის გამოსწორებას ითხოვს, რასაც ინვესტორი სკოტ გრენისი “ობამას ნაპრალს” უწოდებს. ეს ნაპრალი ამერიკული ზრდაა, რომელიც თხრილში ჩავარდა. 1966 წლიდან 2008 წლამდე აშშ-ის მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა წელიწადში 3.1%-ს შეადგენდა. 2009 წლიდან, 2%-იც ძლივსაა.
გრენისი აღნიშნავს, თუ როგორ იკრეფდა ძალას აშშ ყოველი რეცესიის შემდეგ, გარდა ბოლო რეცესიისა: “არასდროს ყოფილა აქამდე, აშშ- ის ეკონომიკას ასეთი სუსტი გამოჯანსაღება რომ ეჩვენებინოს და საშუალოზე დაბალი დონის ზრდის ასეთი ხანგრძლივი პერიოდი ჰქონოდეს”.
სად იყო ჩავარდნა? გრენისი მიზეზებს ჩამოთვლის: სუსტი ბიზნესინვესტიცია, სამუშაო ადგილების დაბალი ზრდა, მწარმოებლურობის მიკროსკოპული შემოსავლები და, რეკორდული მოგებების მიუხედავად, უცნაური, დეპრესიული მიუღებლობა რისკისა.
რას უნდა დავაბრალოთ? როგორც გრენისი წერს, “2009 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკას ტვირთად დააწვა (1) მთელი ჯანდაცვის ინდუსტრიის უპრეცედენტო გარდაქმნა (ObamaCare-ი), რამაც, თავის მხრივ, ლამის ყველა ადამიანის ცხოვრებასა და ჯანდაცვის ხარჯებზე იქონია გავლენა; (2) ახალი რეგულაციური ტვირთის დაკისრება ფინანსურ ინდუსტრიაზე (მაგ., Dod-Frank-ი); (3) სამთავრობო ხარჯებისა და სატრანსფერო გადასახადების მასიური ზრდა (American Recovery & Reinvestment Act-ი); (4) შემოსავლებზე, დივიდენდებსა და კაპიტალურ მოგებაზე გაზრდილი მარგინალური საგადასახადო ტარიფები; და (5) ფედერალური ვალის უზარმაზარი ზრდა. პოლიტიკურად მიკერძოებული სულაც არ უნდა იყო, რომ მიხვდე: ამ ცვლილებებს ლამის ამომწურავად შეუძლია, ახსნას, თუ რატომ დასუსტდა ეკონომიკა ასე ძალიან ობამას ხანაში.
მართლაც იმდენად დასუსტდა, რომ $3 ტრილიონი, რასაც ობამას რვაწლიანი მმართველობისას ეკონომიკურ აქტივობაში უნდა ჰქონოდა ადგილი, სრულიად არარეალური აღმოჩნდა… გეგონება, იმთავითვე მკვდრადშობილი იყოო. არადა, სამი ტრილიონი დოლარი უამრავ ახალ სამუშაო ადგილს, უფრო დიდ ზრდასა და მეტ იმედს ნიშნავს. მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. გრენისის თქმით, 5%-იანი ზრდის რვა წელიწადია საჭირო, აშშ რომ თავის 3.1%-იან ტენდენციას დაუბრუნდეს.
რაც ტრამპსა და რესპუბლიკელებს შეუძლიათ, – და უნდა (!) – გააკეთონ, ეს 1-დან მე-5- ის ჩათვლით, უკლებლივ ყველა დებულების გამოსწორებაა. არა, 5%-იან ზრდას ვერ მივიღებთ, მაგრამ გაცილებით მეტი გვექნება, ვიდრე ახლა გვაქვს.
რაც შეიძლება, სწრაფად… მაგრამ ცხვირის ჩაყოფის გარეშე
ტრამპსა და რესპუბლიკელებს შეუძლიათ, უფრო მაღალი ზრდისთვის ნიადაგი მოამზადონ. მაგრამ ისინი ზრდას ვერ მისცემენ მიმართულებას… და მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ არც შეეცდებიან. ტრამპი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს იმაზე, რასაც KPMG “დიდ გადაწერას” უწოდებს. “როგორც ვურთიერთობთ, როგორც ვყიდულობთ და ვყიდით, როგორც ვქმნით რაღაცებს, როგორც გადავადგილდებით – ყველაფერი გადაწერილია”, – ამბობს KPMG. “დიდი გადაწერა” ისაა, რასაც აჩქარებული ტექნოლოგიისა და ახალი ათასწლეულის წარმომადგენელთა სურვილებისა და საჭიროების კომბინირებით მიიღებ. ეს გლობალური ფენომენია. და შეუქცევადი. ეს მთლად სასურველ რეაქციას არ გამოიწვევს ტრამპის უფრო ასაკოვან ამომრჩევლებში, რომელთაც უნდათ, ამერიკა ისეთივე გახდეს, როგორიც მათ ახსოვთ.
ვინ შეაჩერებს დემოგრაფიულ ცვლილებას? ახალი ათასწლეულის წევრები პირველი ასაკობრივი კოჰორტაა, რომლებმაც რიცხოვნობის თვალსაზრისით ბეიბი- ბუმერებს გაასწრეს. ახალი ათასწლეულის ადამიანები განსხვავებულნი არიან და თავისას გაიტანენ, როგორც ეს ბუმერებმა გააკეთეს თავის დროზე. საუკუნის შუა პერიოდისთვის აშშ- ის მოსახლეობა 440 მილიონს მიაღწევს. ამ ზრდის შეჩერება თუ გინდა, მაშინ სოციალურ უსაფრთხოებასა და სამედიცინო დაზღვევაზე უარი უნდა თქვა. საკმაოდ ბევრი ხალხი არ იმუშავებს, ამ დაზღვევებისთვის რომ გადაიხადოს.
გლობალური მოსახლეობა 7.3 მილიარდიდან 9 მილიარდამდე ავა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ასაკოვანი, უფრო მდიდარი და უფრო ურბანული გახდება.
და ტექნოლოგია. ეს უკანასკნელი მურის კანონისეული გაუმჯობესების ტემპით მიდის და დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში ორჯერ უკეთესი ხდება.
ლოგარითმულ სკალაზე მოხდენილ სწორ ხაზს შეამჩნევთ, რომელიც ზემოთ და მარჯვნივ მიიწევს. მაგრამ ადამიანურ სკალაზე ეს ცვლილება ექსპონენციურია. საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ ეს ცვლილება მუდმივი პროგრესიაა. მაგრამ მას მოულოდნელი შედეგები ახლავს: რობოტები, რომლებიც აუტისტ ბავშვებს ასწავლიან; მანქანები, რომლებიც თავისით დადიან; დრონები, რომელთაც კლიენტებთან IKEA-ს ავეჯი მიაქვთ; ადამიანის ორგანოები, რომლებიც რეპლიკაციური მანქანებიდან ხტებიან; რეაქტიული ძრავები, რომლებიც გატყობინებენ, როცა შეკეთებას საჭიროებენ; ლითონები, რომლებიც “იზრდებიან” და არასდროს გიმტყუნებენ; ცოცხალი კონცერტები, რომლებზეც ისეთი კარგა ხნის გარდაცვლილი მუსიკოსების მოსმენაა შესაძლებელი, როგორებიც ელვის პრესლი, მაიკლ ჯეკსონი და ახლახან წასული პრინსი არიან – ჰოლოგრამებში გარდაქმნილებს, მსმენელი ცოცხლებისგან ვერც კი არჩევს.
ცხადია, ეს ყველაფერი სპეკულაციაა. რეალობაში, ატრეპრენიორები ათას რამეს ათასჯერ შეეცდებიან. მათში ვენჩურული კაპიტალის სახით ასობით მილიარდი დოლარი ჩაიღვრება. ბაზრები შეიქმნება და გაქრება, ისევე როგორც კომპანიები და პროფესიები. რასაკვირველია, ეს სპეკულაციაა, მაგრამ მანძილი სპეკულაციასა და რეალობას შორის სულ უფრო სწრაფად მცირდება.
ამჯერად, ტრადიციების დამცველი ძველი პლეადა გრძნობს დიდი ტალღის მოახლოებას. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ტალღა ასეთი დიდი და ძლიერია. რამდენიმე კვირის წინ, დეტროიტში, Original Equipment Suppliers Association-ის კონფერენციაზე, თავად ვნახე, როგორი ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდნენ ავტოინდუსტრიის ლიდერები გარეშე ცვლილებებსა და ანტრეპრენიორებთან პარტნიორობებს. ეს ახლებური მენტალური განწყობაა… და ეს კარგია. დონალდ ტრამპმა ცხვირი არ უნდა ჩაყოს.
დატოვე კომენტარი