მიწოდების ჯაჭვის პრობლემებით დაწყებული, ბუნებრივი კატასტროფებისგან გამოწვეული შეფერხებებით დამთავრებული, რისკები, რომელთაც ბიზნესი უპირისპირდება, ცვალებადი და ერთმანეთისგან განსხვავებულია. პანდემიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, Allianz Risk Barometer-მა რისკების მართვის 3,0000-მდე ექსპერტი გამოჰკითხა და იმ საშიშროებების ტოპ-ათეული გამოავლინა, რომელთაც ლიდერები უნდა უფრთხილდნენ.
პანდემიის შედეგების გავლენის მიუხედავად, ბიზნესისთვის რისკების ტოპ-ათეულს კვლავ ბოლო შვიდი წლის პირველი ადგილის მფლობელი „ბიზნესის შეწყვეტის რისკი“ ლიდერობს. „ბიზნესის შეწყვეტის რისკი“, რომლის მაგალითიც ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პრობლემაა, 41%-ით Allianz Risk Barometer-ის რეიტინგის სათავეშია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების 94% 2020 წელს მიწოდების ჯაჭვის პრობლემის გამწვავების ერთ-ერთ მიზეზად პანდემიას ასახელებს.
თავად პანდემია, კვლევის შედეგების 40%-ით, 15 პუნქტით დაწინაურების შემდგომ ბიზნესის რისკების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ვაქცინაციის მიუხედავადაც, ვირუსის უკონტროლო გავრცელება და მუტაცია ბიზნესის მფლობელებში შეშფოთებას იწვევს. პასუხების 40%-იანი შედეგით რეიტინგის სამეულს კი ყველაზე ცნობილი და ამასთან ერთად მზარდი რისკი, კიბერთავდასხმები იკავებს. ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებლით, კიბერთავდასხმების ზარალმა ეკონომიკისთვის $1 ტრილიონს მიაღწია. პანდემიით გამოწვეული დიგიტალიზაციისკენ სწრაფვაც სულ უფრო მოწყვლადს ხდის ბიზნესებს კიბერშეტევების მიმართ.
გლობალურად, 2020 წელს დაფიქსირებული -4,5%-იანი კლების შემდგომ, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის +4,4%-ით აღდგენაა ნავარაუდები. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მსოფლიოს რეკორდული მოცულობის, $277-ტრილიონიანი ვალი დასჭირდება, რამაც პოტენციურად შესაძლოა გავლენა იქონიოს ეკონომიკური ზრდის პროექტებზე. გადახდისუუნარობის მაჩვენებლის ზრდა ასევე რჩება პოსტპანდემიური მსოფლიოს მთავარ პრობლემად. რაც შეეხება ტრადიციულ რისკებს, როგორიცაა ხანძარი და აფეთქება, მხოლოდ ბეირუთის აფეთქებამ 2020 წელს $15 მილიარდის ზარალი გამოიწვია. ამას ემატება პოლიტიკური ხასიათის რისკები – სამოქალაქო არეულობა და პროტესტები, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ მილიარდობით დანაკარგები გამოიწვიოს წარმოებასა და მრეწველობისთვის.
ურთიერთდამოკიდებული „პანდემიური ტრიოს“ შემდგომ, ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- ბიზნესის შეწყვეტა
- პანდემიის შედეგები
- კიბერთავდასხმები
- ბაზრის განვითარება
- კანონმდებლობა, მარეგულირებელი ცვლილებები
- ბუნებრივი კატასტროფები
- ხანძარი, აფეთქება
- მაკროეკონომიკური განვითარება
- კლიმატური ცვლილებები
- პოლიტიკური რისკები, ძალადობა.