ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Bank of America პანდემიის დროს დისტანციურ რეჟიმზე გადასულ თანამშრომლებს ეტაპობრივად ოფისებში აბრუნებს. როგორც ცოტა ხნის წინ ბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ბრაიან მოინიჰანმა განაცხადა, პრიორიტეტი თავდაპირველად მიენიჭება ორივე დოზით აცრილ თანამშრომლებს. მარტის მონაცემებით, საერთო ჯამში Bank of America 212 201 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის არის ქართველი დავით ხატიძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბანკის ერთ-ერთი უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა. Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა:
თქვენ Bank of America-ში უკვე შვიდი წელია, მუშაობთ. პროფესიით ფიზიკოსი, როგორ მოხვდით ამ ერთ–ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკში?
გზა მართლაც საინტერესო იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განათლებით ფინანსებთან კავშირი არ მაქვს, ფინანსების შესწავლა დამოუკიდებლად მოგვიანებით მომიწია. განათლებით ფიზიკოსი ვარ, დავამთავრე თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი და სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში გავაგრძელე, სადაც სადოქტორო ხარისხი მაღალი ენერგიების ფიზიკაში დავიცავი. ამის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს ფიზიკოსად ვიმუშავე და მერე გადავედი ფინანსებში. საფინანსო ინსტიტუტები დიდ ინტერესს იჩენენ ტექნიკური განათლების (ფიზიკოსები, მათემატიკოსები…) მქონე ხალხის მიმართ, რადგან ასეთი განათლება ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას და ტექნიკური ამოცანების გადაჭრის უნარ-ჩვევებს. ეს კი თანამედროვე საფინანსო ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორი დამსაქმებელია Bank of America? რა არის მისი, როგორც დამსაქმებლის, მთავარი ღირებულება?
BofA არის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბანკი, მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომავალშიც საუკუნეების მანძილზე აპირებს მოღვაწეობას, ამიტომაც ის ორიენტირებულია გრძელვადიან წარმატებაზე. მოკლედ რომ დავახასიათოთ, აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი ნაყოფიერი მუშაობისთვის. ბანკის გლობალურობის და მისი საქმიანობის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სამუშაოც ყოველთვის საინტერესოა.
თქვენ Bank of America-ში უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ახლახან დაიკავეთ. რას გულისხმობს ეს პოზიცია? რა შედის თქვენს მოვალეობაში?
მე პასუხისმგებელი ვარ ბანკის ერთ-ერთი ბიზნესის ხაზის რისკების მართვაზე. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ამ ბიზნესის ყველა საბაზრო რისკი აღრიცხული და სწორად დათვლილი იყოს.
საბანკო ბიზნესი ძალიან დინამიკურია, ყოველდღიურად უზარმაზარი მოცულობის ვაჭრობა იმართება, ფასები ყოველ წამს იცვლება. ასეთ დროს, იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, რისკების მართვა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე, როგორც კონცეპტუალურად, ისე ტექნიკურად. სწორედ ამაზეა პასუხისმგებელი ჩვენი გუნდი.
პანდემიამ მთელ მსოფლიოში, ყველა ორგანიზაციაში დიდი ცვლილებები გამოიწვია. რა შედეგები გაქვთ თქვენ Bank of America-ში? რა ძირეულ გადაფასებებს ხედავთ ორგანიზაციაში?
პანდემია იყო უდიდესი შოკი როგორც ზოგადად ეკონომიკისთვის, ისე კონკრეტულად კომპანიის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის. ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ასე რომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
ჩვენ წელიწადზე მეტია, სახლიდან ვმუშაობთ და ალბათ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მუშაობის ეფექტიანობა ამით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა შტატებში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში დაგვჭირდება გავიხსენოთ, თუ როგორ უნდა შევიკრათ ჰალსტუხი.
ყველა სფეროში სხვადასხვა ტენდენციაზე საუბრობენ, და თითქმის ყველა სექტორი ტექნოლოგიების კიდევ უფრო სწრაფ განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. როგორია თქვენი მოსაზრება და მოლოდინი ამ მიმართულებით?
საფინანსო სექტორი ძალიან აქტიურად იყენებს ტექნოლოგიებს, ამის გარეშე თანამედროვე ბანკების საქმიანობა წარმოუდგენელია. საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიაში მუშაობს, რითაც ჩვენ პირდაპირ კონკურენციაში ვართ „სილიკონის ველის“ ტექნოლოგიურ კომპანიებთან საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად.
მოლოდინი, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, არის ის, რომ ტექნოლოგიების მნიშვნელობა უფრო და უფრო გაიზრდება. უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია. ბევრი ახალი ტექნოლოგია შემოდის და ნელ-ნელა ინერგება, მაგრამ უახლოეს წლებში ადამიანები მაინც საჭირო ვიქნებით, როგორც თანამშრომლები. ათი წლის შემდეგ თუ მკითხავთ იმავეს, შეიძლება პასუხი უკვე არც ისე ცალსახა იყოს.
თქვენს გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ, რას უკავშირდება თქვენი მიზნები? არის თუ არა ის საქართველოსთანაც კავშირში?
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვადევნებ თვალყურს, კავშირი არ გამიწყვეტია. საქართველო უნდა შეეცადოს, რომ მოიზიდოს ისეთი ხალხი, ვისაც შეუძლია დისტანციურად მუშაობა. რამდენადაც ვხვდები, იდგმება ამისკენ ნაბიჯები, რაც ძალიან კარგია. მე თვითონ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი საქართველოში, სამწუხაროდ, ამის განხორციელების პრაქტიკული გზა ამ ეტაპზე არ ჩანს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ ახლახან დავიწყე ახალ პოზიციაზე მუშაობა და უახლოეს წლებში ამით ვიქნები დაკავებული. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.
დატოვე კომენტარი