2018 წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) ბიუჯეტში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) 113.9 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის 30 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან ყველაზე დიდი წილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოდის.
სსიპ “კონკურენციის სააგენტოს” მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დაწესებული სანქციების გამო, ბიუჯეტში 2.5 მლნ ლარი შევიდა. აღნიშნული სავარაუდოდ, უკავშირდება სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიებისთვის დაწესებულ ჯარიმას. მიმდინარე წელს, სააგენტომ კომპანიებისთვის დაწესებული 55 მილიონიანი ჯარიმა 3 მილიონამდე შეამცირა, რომლის გადახდაც ბიზნესმა უკვე დაიწყო.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქციებიდან ბიუჯეტში 1.6 მლნ ლარი შევიდა.
მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო–კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში სამართალდარღვევებისთვის გადახდილმა თანხამ 650 827 ლარი შეადგინა.
დასუფთავების წესების დარღვევის გამო, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბიუჯეტის სასარგებლოდ 532 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო გადახდილმა ჯარიმებმა კი 113 000 ლარს გადააჭარბა.
თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების გამო ბიუჯეტში 5350 ლარი შევიდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო კი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილმა ჯარიმების მოცულობამ 52 787 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, ბიუჯეტში 12 000 ლარზე მეტი შევიდა.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 61,269,715 ლარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 20 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო მოქალაქეებმა ბიუჯეტში 3.9 მლნ ლარი გადაიხადეს. მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო კი 418 000 ლარზე მეტი.
ვაჭრობის და ფინანსების დარგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო, ბიუჯტში 700 000 ლარზე მეტი შევიდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე გადახდილმა სანქციებმა 59 000 ლარს გადააჭარბა.
გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო, გადახდილმა სანქციებმა 1 192 716 ლარი შეადგინა.
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო გადახდილმა საქნციებმა 3.7 მლნ ლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი