შემცირებული მოთხოვნისა და მაღალი ხარჯების გავლენით, ელექტრომობილების მწარმოებლებს ფულად სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებთან უწევთ გამკლავება. სწორედ ამ მიზეზით, ავტომწარმოებელი Rivian Automotive-ი $1.3 მილიარდის ღირებულების ობლიგაციების გაყიდვას გეგმავს. ცნობისთვის, ბირჟის დახურვის შემდგომ, Rivian-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით დაეცა.
Rivian-ის განცხადებით, თავდაპირველ ინვესტორებს საშუალება ექნებათ, ობლიგაციების გამოშვებიდან 13 დღის ვადაში, დამატებით $200 მილიონის ღირებულების ობლიგაციები შეიძინონ. ავტომწარმოებლის სპიკერის ინფორმაციით, შეთავაზებიდან მიღებული კაპიტალი Rivian-ს მცირე ზომის R2-მანქანების გამოშვებაში დახმარება. ობლიგაციების ნაღდ ფულად ან აქციებად გადაქცევის საშუალება ინვესტორებს 2029 წელს ექნებათ.
Rivian-ი 2025 წლამდე თავისი ოპერაციების დაფინანსებას კომპანიის არსებული ფულადი სახსრებით გეგმავს. ცნობისთვის, Rivian-ი კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც R1T-ელექტროპიკაპებსა და R1S SUV-ებს აწარმოებს. დეკემბერში, ავტომწარმოებლის შეფასებით, Rivian-ის ნაღდმა ფულმა და ნაღდი ფულის ეკვივალენტმა $11.57 მილიარდი შეადგინა, როდესაც ერთი კვარტალით ადრე ეს მაჩვენებელი $13.27 მილიარდს უტოლდებოდა.
ხარჯების შემცირების მიზნით, კომპანიამ გასულ თვეში თანამშრომელთა 6%-იც გაათავისუფლა. გასული წლის დასასრულს, ევროპაში, Mercedes-თან თანამშრომლობით ფურგონების წარმოების გეგმაც შეაჩერა, ამასთან ერთად კი ჯორჯიაში მშენებარე $5 მილიარდის ღირებულების ქარხანაში R2-მოდელების გამოშვების დაწყება 2026 წლამდე გადაავადა.
დატოვე კომენტარი