ელექტრომობილების სტარტაპი, Rivian-ი, პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომელმაც სამომხმარებლო ბაზარზე ელექტროპიკაპი წარმოადგინა. აღნიშნული ქმედებით მან აჯობა ელექტრომობილების ისეთ მსხვილ და ინოვატორ მწარმოებლებს, როგორიც Tesla, General Motors-ი და Ford-ი არიან.
Rivian-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, არჯი სკარინჯმა, ტვიტერის საკუთარ პროფილზე განაცხადა, რომ კომპანიის პირველმა R1T პიკაპმა მომხმარებლებისათვის უკვე გაიარა საწარმოო ხაზი ილინოისში მდებარე ქარხანაში.
„თვეების განმავლობაში განხორციელებული წარმოებამდელი ავტომობილების გამოცდის შემდეგ, კომპანიამ საკუთარი პირველი ელექტროპიკაპი წარმოებაში დილით ჩაუშვა. ეს კი შესაძლებელი ჩვენი გუნდის დაუღალავმა შრომამ გახადა. ერთი სული მაქვს, პროდუქტმა მომხმარებლებამდე მალე მიაღწიოს“, – აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ეს ცნობა დაადასტურა Rivian-ის სპიკერმაც. მისი მტკიცებით, არჯი სკარინჯის მიერ გამოქვეყნებული ავტომობილის ფოტოები რეალურია და ის გაყიდვაშიც მალე ჩაეშვება. თუმცა მან წარმოებული ავტომობილების რაოდენობისა და პირველი მომხმარებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავა.
პიკაპის წარმოების პროცესი ბევრჯერ გადაიდო. თუმცა მას შემდეგ, რაც Amazon-ისა და Ford Motor-ის მხარდაჭერილმა კომპანიამ IPO-ს სარეგისტრაციო ფორმაზე განცხადება შეიტანა, Rivian-მა ელექტრომობილის წარმოება საბოლოოდ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქმედებით Rivian-ი ელექტრომობილების მწარმოებელ პირველ კომპანიად იქცა, რომელმაც ელექტროპიკაპი ბაზარზე წარადგინა. ნავარაუდებია, რომ მეორე ამგვარი კომპანია GM იქნება, რომელიც ელექტრო Hummer-ს წარადგენს.
დატოვე კომენტარი