Wall Street-ის მარეგულირებელმა მისი არსებობის ისტორიაში Robinhood-ს ყველაზე დიდი ჯარიმა დაუწესა – დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ოდენობით, საიდანაც 12,6 მილიონი დოლარი ათასობით დაზარალებული მომხმარებლის ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დააკისრა.
ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანო სავაჭრო პლატფორმას ბრალს სდებს სისტემური ზედამხედველობის ჩავარდნებსა და ინვესტორებისთვის ზიანის მიყენებაში, რაც კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება.
FINRA–ს დაწესებული მაღალი სანქციები Robinhood-ის დარღვევების მოცულობასა და სერიოზულობას ასახავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ათასობით მომხმარებელმა 7 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა კომპანიის ცრუ განცხადებების გამო. ამასთან, Robinhood–ის გაუმართავმა სისტემამ 2020 წლის მარტის დასაწყისში ინდივიდუალურ მომხმარებლებს ათიათასობით დოლარი დააკარგვინა. აღნიშნული ზარალის ასანაზღაურებლად FINRA–მ Robinhood-ს მომხმარებლებისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადი დაუწესა.
FINRA–ს სანქციები Robinhood–ის სისტემის მასშტაბურ ხარვეზებზეა ფოკუსირებული. მარეგულირებელმა განსაკუთრებით 2020 წლის ივნისში თვითმკვლელობით გარდაცვლილი 20 წლის ტრეიდერი ალექსანდერ კერნსი გამოყო, რომელიც ამ გადაწყვეტილებამდე მის სავაჭრო ანგარიშზე არსებულმა ცრუ ინფორმაციამ – 730,000 დოლარის ოდენობის უარყოფითმა ბალანსმა – მიიყვანა.
ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს გამოძიების თანახმად, 2017 წლის ბოლოდან, როდესაც Robinhood–მა ოფციებით ვაჭრობა დაიწყო, კომპანიამ ვერ მოახერხა სათანადო ზედამხედველობა ტრანზაქციების დამტკიცებამდე. კერძოდ, Robinhood-ის ალგორითმი ხშირად მომხმარებლების სავაჭრო გარიგებებს აშკარა საშიშროების ან ალოგიკური ინფორმაციის მიუხედავად ამტკიცებდა, რის გამოც ოფციებით ვაჭრობისას ათასობით მომხმარებელი დაზარალდა.
Robinhood-ის განცხადებით, კომპანიამ კერნსის სიკვდილის შემდეგ პლატფორმის სტაბილურობის, საგანმანათლებლო შეთავაზებების, მომხმარებელთა მხარდაჭერის, ოფციებით ვაჭრობისა და იურიდიული გუნდების გაუმჯობესებაში დიდძალი თანხები ჩადო. აღნიშნული ღონისძიებების მიუხედავად, Robinhood-ი კვლავ მარეგულირებლისა და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში რჩება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად, Robinhood-მა IPO–ს მისაღებად მარტში კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა.
დატოვე კომენტარი