ვიდეოთამაშების ისტორიაში კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კლასიკად ქცეული ფრენჩაიზის, Grand Theft Auto-ს დეველოპერმა კომპანიამ, Rockstar Games-მა დაადასტურა, რომ თამაშის შემდეგ ნაწილზე აქტიურად მუშაობს. Rockstar Games-ისაგან ამგვარი განცხადების მოსმენას ვიდეოთამაშების მოყვარულები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, რადგან თამაშის უკანასკნელი ნაწილი – GTAV – 2013 წელს გამოვიდა.
„ვიცით, რომ GTAV-ის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი არსებობის ფონზე, ბევრი თქვენგანი Grand Theft Auto-ს სრულიად ახალ ეპიზოდს ითხოვდა. ყოველი ახალი პროექტის დაწყებასთან ერთად, მიზნად ვისახავთ, რომ იმაზე გაცილებით შორს წავიდეთ, ვიდრე ეს აქამდე გაგვიკეთებია – ახლა კი მოხარულნი ვართ მოგახსენოთ, რომ Grand Theft Auto-ს შემდეგ ეპიზოდზე მუშაობა უკვე დიდი ხნის დაწყებულია“, – ვკითხულობთ Rockstar-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Rockstar-ის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ახალი ვიდეოთამაშის სახელწოდების შესახებ – ცნობისთვის, 2008 წლიდან, მას მერე, რაც GTAIV გამოვიდა, Rockstar-ი ამ სერიის თამაშებს ნომრებით აღნიშნავს და მოსალოდნელია, რომ ახალ თამაშს GTAVI დაერქვას.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი თამაშის გამოშვება საკმაოდ გრძელვადიანი გეგმაა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Rockstar Games-ისგან განახლებებს ახლო მომავალშიც უნდა ველოდოთ: 15 მარტს, GTAV და Grand Theft Auto Online PS5-ზე და Xbox Series X-სა და S-ზე ჩაეშვება.
დატოვე კომენტარი