29 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მრჩეველთა სტრატეგიული ჯგუფი (SAGE) სპეციალურად შეიკრიბა ორი ჩინური ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. ექსპერტებმა აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოადგინეს მათი ძირითადი შეფასებები სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საბოლოო რეკომენდაციები ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით ჯერ არ გასაჯაროებულა.
გასაჯაროვდა ის პრეზენტაციები და ექსპერტთა შეფასებები, რომელიც 29 აპრილის შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი.
რა გავიგეთ სინოფარმის ვაქცინაზე
სინოფარმის ვაქცინის ტესტირების მესამე ფაზამ, რომელიც რამდენიმე ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, აჩვენა, რომ ვაქცინის საერთო ეფექტიანობა(efficacy) 78.1%-ია. ბევრად დამაიმედებელი შედეგები აჩვენა ვაქცინამ ბაჰრეინში – ქვეყნის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 18-დან 60-წლამდე ასაკის ადამიანებში ვაქცინის ეფექტიანობა(effectivnes) 90%, ხოლო 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში 91% იყო.
ამასთან, ექსპერტების პრეზენტაციაში მოცემულია ის ძირითადი მიმართულებები, რომლის კვლევაც კვლავ საჭიროა, კერძოდ:
- როგორ გვიცავს ვაქცინა დაავადების მძიმედ მიმდინარეობისას;
- რა ვადით გვიცავს ვაქცინაცია, სჭირდება თუ არა ე.წ. Booster დოზები;
- როგორ გვიცავს ვაქცინა ვირუსის განსხვავებული ვარიანტებისგან;
- უსაფრთხოების საკითხი ფეხმძიმობისას და სხვა (დეტალურად იხილავთ ანგარიშში).
SAGE-ის საბოლოო შეფასებები სინოფარმის ვაქცინის მიმართ შემდეგნაირია:
- მაღალი საიმედოობით, 18-59 წლის ადამიანებში ვაქცინის 2 დოზა ეფექტიანია;
- საშუალოზე მაღალი საიმედოობით, 18-59 წლის ადამიანებში ვაქცინის 2 დოზის მიღების შედეგად არ გამოვლინდება გართულებები;
- მცირეა საიმედოობა, რომ 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში ვაქცინა იქნება ეფექტიანი;
სხვა ძირითადი შეფასებები შეგიძლიათ ამოიკითხოთ ანგარიშში.
რა გავიგეთ სინოვაკის ვაქცინაზე
სინოვაკის ვაქცინის ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინის საერთო ეფექტიანობა(effectivnes) 67%-ია. ამასთან, ვაქცინა 85%-იანი ეფექტიანობით აარიდებს ადამიანებს ჰოსპიტალიზებას, 89%-იანი ეფექტიანობით რეანიმაციულ განყოფილებაში (ICU) განყოფილებაში მოხვედრას, ხოლო 80%-იანი ეფექტიანობით გარდაცვალების დადგომას.
ამასთან, ექსპერტების პრეზენტაციაში მოცემულია ის ძირითადი მიმართულებები, რომლის კვლევაც კვლავ საჭიროა, კერძოდ:
- რა ვადით გვიცავს ვაქცინაცია, სჭირდება თუ არა ე.წ. Booster დოზები;
- როგორ გვიცავს ვაქცინა ვირუსის განსხვავებული ვარიანტებისგან;
- უსაფრთხოების საკითხი ფეხმძიმობისას და სხვა (დეტალურად იხილავთ ანგარიშში).
SAGE-ის საბოლოო შეფასებები სინოვაკის ვაქცინის მიმართ შემდეგნაირია:
- მაღალი საიმედოობით, 18-59 წლის ადამიანებში ვაქცინის 2 დოზა ეფექტიანია;
- საშუალოზე მაღალი საიმედოობით, 18-59 წლის ადამიანებში ვაქცინის 2 დოზის მიღების შედეგად არ გამოვლინდება გართულებები;
- საშუალოზე მაღალი საიმედოობით, 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში ვაქცინა იქნება ეფექტიანი;
- მცირეა საიმედოობა, რომ 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში ვაქცინის 2 დოზის მიღების შედეგად არ გამოვლინდება გართულებები;
დეტალურ ანგარიშებს შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის ბმულებზე:
დატოვე კომენტარი