12 ივნისს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან სიცოცხლის ბოლო წუთები მილანში მდებარე სან-რაფაელეს საავადმყოფოში გაატარა. შეგახსენებთ, აპრილში ბერლუსკონი ფილტვების ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო მკურნალობდა, რომელიც ქრონიკულ ლეიკემიასთან იყო დაკავშირებული.
სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკაში 57 წლის ასაკში გამოჩნდა. მან პირველად პრემიერი-მინისტრის თანამდებობა 1994 წელს დაიკავა და ამის შემდეგ იგი, 2011 წლამდე, ოთხ მთავრობას ხელმძღვანელობდა. ბერლუსკონი პატრია Forza Italia-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე იტალიის ამჟამინდელი პრემიერის, ჯორჯია მელონის ალიანსს შეუერთდა. არჩევნები ალიანსის ტრიუმფით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე ამერიკული Forbes-ი სილვიო ბერლუსკონის ქონებას $6.8 მილიარდად აფასებდა. 1988 წელს, გამოცემის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიგით მეორე სიაში დებიუტის შემდეგ, როდესაც მისი ქონება 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეიტინგში ყოველწლიურად ხვდებოდა. საინტერესოა, როგორ დააგროვა სიმდიდრე იტალიის ოთხი მთავრობის მეთაურმა.
პოლიტიკის გარდა, ბერლუსკონი აქტიურად იყო ჩაბმული ბიზნესში. პოლიტიკაში მოსვლამდე და მედიამაგნატის სახელის მოპოვებამდე, მან 1960-იანი წლების ბოლოს სიმდიდრე დააგროვა, როგორც უძრავი ქონების დეველოპერმა. 1970-იან წლებში კი ბერლუსკონიმ თავისი ინტერესების დივერსიფიკაცია გადაწყვიტა და სატელევიზიო საკაბელო კომპანია Telemilano დააარსა, ასევე, იტალიაში ორი სხვა საკაბელო არხი შეიძინა.
1978 წელს ეს არხები მის ახლად ჩამოყალიბებულ საოჯახო ჰოლდინგში, Fininvest-ში გაერთიანდა. სწორედ Fininvest-ის მეშვეობით შეიძინა ბერლუსკონიმ მნიშვნელოვანი წილები ევროპის მთავარ მედია-ფირმებში, ასევე საფეხბურთო კლუბ „მილანში“. Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის ყოფილი პრემიერი 2021 წლისთვის ჰოლდინგში 61.3%-იან წილს ფლობდა.
Fininvest-ი არის MediaForEurope-ის უმსხვილესი აქციონერი (ძველი სახელწოდებით Mediaset), რომელშიც ჰოლდინგი 48%-იანი წილს ფლობს. მაუწყებელი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაა 1.6 მილიარდ ევროს უტოლდება, მართავს კომერციულ სატელევიზიო არხებს იტალიასა და ესპანეთში, გარდა ამისა, ფლობს მნიშვნელოვან წილს გერმანიის ProSiebenSat.1-ში. ამასთანავე, Fininvest-ს აქვს 53%-იანი წილი იტალიის წიგნებისა და ჟურნალების უმსხვილეს გამომცემლობაში, Mondadori-ში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სილვიო ბერლუსკონის ჰოლდინგი საფეხბურთო კლუბ „მილანსაც“ ფლობდა, რომელიც 2017 წელს, 31-წლიანი მფლობელობის შემდეგ, 740 მილიონ ევროდ გაყიდა. თავად ბერლუსკონი წლების განმავლობაში იტალიური კლუბის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
თავისი აქტიური პოლიტიკური და ბიზნესსაქმიანობის ფონზე, იტალიის აწ გარდაცვლილ პრემიერს სამართლებრივი პრობლემები არ აკლდა. პოლიტიკაში ყოფნის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მას სულ მცირე 17 ბრალდება წაუყენეს, რომლებიც ეხებოდა გაფლანგვას, საგადასახადო თაღლითობასა და მექრთამეობას. ბერლუსკონი დანაშაულს ყოველთვის უარყოფდა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეებიდან ბევრი საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოში გაუქმდა.
თუმცა, 2012 წელს მილანის სასამართლომ იტალიის ყოფილი ლიდერი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით გაასამართლა. პროკურორებმა დაადგინეს, რომ ბერლუსკონიმ, Mediaset-ის აღმასრულებლებთან ერთად, იყიდა ფილმების სატელევიზიო უფლებები და შემდეგ ისინი „გაბერილ“ ფასებში გაყიდა. სასამართლომ იტალიის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს თავისუფლების ოთხი წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, ბერლუსკონის ორი წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. 76 წლის ასაკში იგი პირდაპირი პატიმრობიდან გათავისუფლდა და სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გაწევის ფორმით მოიხადა.
აღსანიშნავია, რომ ბერლუსკონის ორი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს. თითოეული მათგანი Fininvest-ში მნიშვნელოვან აქციებს ფლობს. თუმცა, მისი უფროსი შვილი, 56 წლის მარინა კომპანიას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს და, როგორც ცნობილია, მამის ბიზნესიმპერიის მართვაში დანარჩენებზე მეტად არის ჩართული.
ბერლუსკონის ვაჟი, 53 წლის პიერ სილვიო MediaForEurope-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის და მარინა Fininvest-ში 7.7%-7.7%-იან წილებს ფლობენ. ხოლო ბერლუსკონის სამი შვილი მეორე ქორწინებიდან ჰოლდინგში ერთობლივად 21.4%-იან წილს ფლობს.