ქვეყნის საგადასახადო სისტემის უკან პირველ რიგში პოლიტიკური იდეოლოგიები დგას. ანუ თავი რომ დავანებოთ ე.წ. პრაგმატულ მიდგომას – დაბეგვრის რომელი სისტემა იქნება უფრო ხელსაყრელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის – ადამიანთა ნაწილს მიაჩნია, რომ მაღალშემოსავლიანი ვალდებულია, მეტი შეიტანოს ქვეყნის ბიუჯეტში და ამ გზით თავისი შემოსავალი გადაუნაწილოს დაბალშემოსავლიანებს, იზრუნოს მათ კეთილდღეობაზეც. ადამიანთა მეორე ნაწილი დაბეგვრის ასეთ სისტემასა და მთავრობის მიერ შემოსავლების გადანაწილებაში სოციალურ სამართლიანობას კი არა, სოციალურ უსამართლობას ხედავს. ეს დაპირისპირება მსოფლმხედველობრივ განსხვავებამდე მიდის და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში აქტუალურია. სწორედ შემოსავლების გადანაწილებაში მთავრობის როლი გახლავთ ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა სხვაობისა. მაღალი გადასახადებისადმი მხარდაჭერა (მით უმეტეს, თუ მაღალშემოსავლიანმა ადამიანმა შემოსავლის უფრო დიდი წილი უნდა გადაიხადოს ქვეყნის ბიუჯეტში) “მემარცხენე” პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, ხოლო დაბალი გადასახადებისადმი მხარდაჭერა – “მემარჯვენე” პოლიტიკური ძალებისა.
საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში საკითხი მარტივად დგას, არჩევნების წინ მოსახლეობას ყველა ჰპირდება მთავრობის ხარჯების ზრდას სხვადასხვა მიმართულებით და ამავე დროს, გადასახადების შემცირებას ან, მინიმუმ, გადასახადების არგაზრდას. ამის შედეგად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყოველთვის დეფიციტური ბიუჯეტი გვაქვს, შემოსავლები არ არის საკმარისი ხარჯების დასაფარავად. შედეგად იზრდება სახელმწიფო ვალი.
ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიური საუბარი დაიწყო ე.წ. პროგრესულ დაბეგვრაზე. პროგრესული დაბეგვრა გულისხმობს იმას, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო მეტი პროცენტით უნდა იბეგრებოდნენ, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონენი. აქ “მაღალი” და “დაბალი” პირობითია. პროგრესული დაბეგვრის შემთხვევაში მაღალ და დაბალ შემოსავალს კანონი განსაზღვრავს. შესაძლოა, ადამიანი, რომელიც არ თვლის, რომ მაღალი შემოსავალი აქვს, კანონის მიხედვით მაღალშემოსავლიანად ჩაითვალოს და სხვასთან შედარებით მეტის გადახდა მოუწიოს. თავის მხრივ, დაბალი და მაღალი შემოსავლის ზღვრების დადგენა მნიშვნელოვანწილად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზეა დამოკიდებული. მაგალითად, აშშ-ში ყველაზე დაბალშემოსავლიანად ითვლება ადამიანი, რომლის წლიური შემოსავალი 15 000 დოლარია და, შესაბამისად, ის ყველაზე დაბალი განაკვეთით იბეგრება. საქართველოში წლიურად 15 000 დოლარის (დაახლოებით 36 000 ლარი) შემოსავლის მქონე ადამიანი მაღალშემოსავლიანად ჩაითვლება და, სავარაუდოდ, მაქსიმალური საგადასახადო განაკვეთის გადახდა მოუწევს.
პროგრესულ დაბეგვრაზე გადასვლა აქტუალური გახდა ახალ კონსტიტუციაზე მსჯელობის პარალელურად, რადგან გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას ითხოვს. 94-ე მუხლის მიხედვით, საქართველოში ახალი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადების განაკვეთის ზრდას (გარდა აქციზისა და ქონების გადასახადისა) რეფერენდუმის ჩატარება და მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობა სჭირდება. ცხადია, 94-ე მუხლის გაუქმება წინაპირობაა იმის, რომ მომავალში გადასახადების ზრდა უფრო მარტივად მოხდეს. ამ მუხლის მოწინააღმდეგეთა ნაწილი იმასაც აცხადებდა, რომ მომავალში საქართველო შემოსავლის პროგრესულ დაბეგვრაზე უნდა გადავიდეს და მთავრობამ მეტი როლი უნდა ითამაშოს შემოსავლების გადანაწილებაში.
დაბეგვრის ობიექტის ან განაკვეთის ცვლილება ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია და ეს რეფერენდუმით მოხდება თუ ურეფერენდუმოდ, ამომრჩეველს ცვლილების შესახებ დაწვრილებით უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და ამ ცვლილების განხორციელებაში ჩართული უნდა იყოს. ამის საპირისპირო მაგალითი იყო “ქართული ოცნების” მიერ საწვავისა და ავტომობილების აქციზის გადასახადის გაზრდა, როცა საარჩევნო პროგრამასა და წინასაარჩევნო საჯარო გამოსვლებში მსგავსი არაფერი უთქვამთ. ქართული პოლიტიკური კულტურა ჯერჯერობით ასეთია: არჩევნების წინ, მომავალი გეგმებიდან მხოლოდ კარგს გვიმხელენ და მტკივნეული ან არაპოპულარული რეფორმები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ ხდება ცნობილი. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველს არა აქვს შესაძლებლობა, არჩევანის გაკეთების მომენტში გაითვალისწინოს გადასახადების ზრდაზე თანახმაა, თუ არა. გაცილებით მარტივია არჩევანის გაკეთება, თუ შენი კეთილდღეობის ზრდას გადასახადების ზრდის გარეშე (შენი ხარჯის ზრდის გარეშე) გპირდებიან. აქედან გამომდინარე და ჩვენი ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარე, გამართლებულად მიმაჩნია, გადასახადების ზრდა რეფერენდუმის (ან პლებისციტის) გარეშე არ შეიძლებოდეს და თუ ვინმე მის გაზრდას დააპირებს, მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს. მინიმუმ, თუ რომელიმე ძალა გადასახადების ზრდის სურვილით რეფერენდუმის საჭიროების გაუქმებას მოითხოვს, ეს საპარლამენტო არჩევნების წინ უნდა განაცხადოს და აუხსნას მოსახლეობას, რომელ გადასახადს გაზრდის და რამდენით.
ეკონომიკა ზუსტი მეცნიერება არ არის, მაგრამ მსოფლიო ისტორია, უამრავი ქვეყნის გამოცდილება, უამრავი კვლევა და, უბრალოდ, საღი ლოგიკა ადასტურებს, რომ დაბალი გადასახადები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს და რაც მეტია საგადასახადო ტვირთი, სხვა თანაბარ პირობებში, უფრო რთულდება ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის მიღწევა. აქ მთავარი მომენტი ის არის, რომ დაბალი გადასახადი წარმოების ნაკლებ დანახარჯს და, შებასამისად, წარმოებული პროდუქციის მეტ კონკურენტუნარიანობას ნიშნავს. კონკურენტუნარიანობა მით უმეტეს აქტუალურია დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ტრანსპორტის, ინტერნეტისა და თავისუფალი ვაჭრობის განვითარებამ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთმანეთის კონკურენტი გახადა. ამასთან, მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკურ კონკურენციაში ჩაერთვნენ აზიური ვეფხვები: ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, აფრიკის კონტინენტის ზოგიერთი ქვეყანა. 90-იანი წლებიდან მათ დაემატა ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზიის განვითარებადი ქვეყნები და აფრიკის სხვა ქვეყნები. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) უკვე 164 ქვეყანას აერთიანებს (საქართველოს ჩათვლით) და ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანია, წევრმა ქვეყნებმა ერთმანეთს სატარიფო და არასატარიფო ბარიერები შეუმცირონ. ამ ფონზე, უდიდეს მნიშვნელობას იძენს ის, თუ სად უფრო იაფი ჯდება წარმოება და, შესაბამისად, სად ჯობია ბიზნესის კეთება.
დავუბრუნდეთ სტატიის მთავარ თემას – პროგრესულ დაბეგვრას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გავრცელებული აზრი, თითქოს არაპროგრესული (წრფივი) დაბეგვრის დროს მდიდარი და ღარიბი თანაბრად იხდის, მცდარია. საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ყველასთვის 20%-ია. შესაბამისად, თუ ადამიანს თვეში 5 000 ლარი აქვს შემოსავალი, იბეგრება 1000 ლარით, ხოლო თუ 500 ლარი აქვს შემოსავალი, იბეგრება 100 ლარით. მთავრობისგან კი ძირითადად ერთსა და იმავე მომსახურებას იღებენ (ან ღარიბი მეტს იღებს). ამ კონკრეტული მაგალითიდან გამოდის, რომ მაღალშემოსავლიანი იმავე სერვისში, რასაც დაბალშემოსავლიანიც იღებს, 10-ჯერ მეტს იხდის. პროგრესული დაბეგვრის თანახმად, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, 20-ჯერ ან მეტჯერ მეტის გადახდა მოუწიოს (გააჩნია გადასახადის პროგრესულ განაკვეთებს).
შემოსავლის დაბეგვრის შემდეგ მაღალშემოსავლიანი ადამიანები და სამეწარმეო ორგანიზაციები ქონების გადასახადით იბეგრებიან. საწარმოების ქონება მაქსიმუმ 1%-ით იბეგრება. ფიზიკური პირის ქონება 0.05-0.2%-ით იბეგრება, თუ მისი წლიური შემოსავალი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდეა, ხოლო 0.8-1%-ით იბეგრება, თუ მისი წლიური შემოსავალი 100 000 ლარზე მეტია. დაბეგვრის ობიექტია მიწაც, ოღონდ ფიზიკური პირის 5 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა გადასახადისგან გათავისუფლებულია. სხვა შემთხვევაში, მიწის გადასახადის განაკვეთი დამოკიდებულია მიწის კატეგორიასა და მდებარეობაზე, რადგან მიწის გადასახადი ადგილობრივი გადასახადია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა განაკვეთია დაწესებული.
დავანებოთ თავი იმას, რომ დღეს საქართველოში, საშემოსავლო გადასახადის სახით, მაღალშემოსავლიანი უფრო მეტს იხდის, ვიდრე დაბალშემოსავლიანი (რადგან შემოსავალი პროცენტულად იბეგრება და ყველას ერთი და იგივე ფიქსირებული თანხა არ ეჭრება) და მაღალშემოსავლიანი დამატებით ქონების გადასახადსაც იხდის. თუ მთლიანობაში შევხედავთ ჩვენს საბიუჯეტო პოლიტიკას, აღმოვაჩენთ, რომ პროგრესული დაბეგვრა უკვე გვაქვს და პროგრესული გადასახადის შემოღების მომხრეები ამას უბრალოდ ვერ ხვდებიან, ან უნდათ, მეტად პროგრესული იყოს, ან უნდათ, ეს აუცილებლად საშემოსავლო გადასახადის განაკვეთებში იყოს ასახული (ფორმა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე შინაარსი).
რატომ გვაქვს პროგესული დაბეგვრა, თუ მთლიან საბიუჯეტო პოლიტიკას შევხედავთ? დღეს საქართველოში დაბალშემოსავლიანი ადამიანები უფრო მეტ მომსახურებას ან ფულს იღებენ ქვეყნის ბიუჯეტიდან (სოციალური პროგრამებისა და შეღავათების გამო), ვიდრე მაღალშემოსავლიანები, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის დავუშვათ, რომ თუნდაც თანაბრად იღებენ. 2016 წელს ქვეყნის ბიუჯეტის (რომელსაც ნაერთი ბიუჯეტი ჰქვია) ხარჯმა საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 3 000 ლარი შეადგინა. ამ დროს, თვეში 500 ლარის ხელფასის მქონე ადამიანი ბიუჯეტში წლის განმავლობაში იხდის დაახლოებით 2 100 ლარს და 5000 ლარის ხელფასის მქონე იხდის 18 000 ლარს. საკმაოდ დიდი სხვაობაა, მაგრამ თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს საკმარისი არაა, მაშინ მხარს უნდა უჭერდეს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს და არა საყოველთაოს.
მაგალითად, საყოველთაო უფასო ჯანდაცვა, განათლება, ვაუჩერიზაცია და ა.შ. ნიშნავს, რომ მოსახლეობას გარკვეული ფული ბიუჯეტიდან უკან უბრუნდება (ეს ყველაზე კარგად ჩანს კომუნალური გადასახადების ვაუჩერების დარიგებაში). თუ მაღალშემოსავლიანი, 5 000 ლარის ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადით თვეში 1000 ლარს იხდის ბიუჯეტში და ვაუჩერით ან სხვა პროგრამით, დავუშვათ, 50 ლარს უკან აძლევ, გამოდის, რომ რეალურად გადაგიხადა 950 ლარი, ანუ დაიბეგრა არა 20%-ით, არამედ 19%-ით. მაგრამ, 500 ლარის ხელფასის მქონე ადამიანს რომ საშემოსავლო გადასახადში გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარს უკან დაუბრუნებ, გამოდის, რომ 20%-ით კი არა, 10%-ით დაიბეგრა. ასეთია საქართველოს და ყველა ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკა და ის თავის თავში პროგრესულ დაბეგვრას გულისხმობს. თუ საყოველთაო ხასიათის პროგრამები არ ექნება სახელმწიფოს, შეძლებს დაბალშემოსავლიანებს 50 ლარზე მეტი დაუბრუნოს და პროგრესული დაბეგვრის დიაპაზონი კიდევ უფრო გაიზრდება.
რატომ არის უფრო სწორი გადასახადების არგაზრდა და შემოსავლების ხარჯებით გადანაწილება? 1. ქართული პოლიტიკის დისკურსი ამ მიმართულებით წავიდა და ეკონომიკაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიებიც კი მიზნობრივ პროგრამებს უჭერენ მხარს, ასე კონსენსუსის მიღწევა უფრო იოლი იქნება; 2. ასეთ გადანაწილებას შეჩვეულია ბიზნესი; 3) ასეთი გადანაწილების გაღრმავება არ გამოიწვევს საგადასახადო განაკვეთების ზრდას და მეტიც, შემცირებაც შესაძლებელი იქნება. მით უმეტეს, როდესაც ბიზნესისთვის ძირითადი პრობლემა გადასახადის მარჟინალური ზღვარია და არა პროგრესირებული იქნება ის, თუ წრფივი. თავის მხრივ, პროგრესირებული დაბეგვრა ართულებს საგადასახადო ადმინისტრირებას.
ესე იგი, თუ გინდა, რომ უფრო მეტად დაეხმაროს სახელმწიფო დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, საყოველთაო ხასიათის სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა და ა.შ. პროგრამებს კი არ უნდა ითხოვდე, მიზნობრივზე უნდა აკეთებდე აქცენტს. მით უმეტეს, როდესაც მთლიანად ქვეყანა არ არის მაღალშემოსავლიანი და გადასანაწილებელი ფული საკმაოდ ცოტაა.
გადასახადებს თუ გავზრდით და თან საყოველთაო სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებას გავაგრძელებთ, შედეგად მივიღებთ, რომ უფრო დიდხანს დავრჩებით დაბალშემოსავლიანი ქვეყანა და უფრო არაეფექტიანად გადავანაწილებთ შემოსავალს.
როდესაც ამ სიტუაციიდან პრაგმატულად სწორი გამოსავალი არსებობს, უპასუხისმგებლობაა, რწმენამდე აყვანილი პოლიტიკური იდეოლოგიის გამო არასწორი პოლიტიკის გატარება მოითხოვო და ამით ქვეყნის განვითარება და ადამიანების კეთილდღეობის რეალურად ამაღლება შეაფერხო.
დატოვე კომენტარი