საწვავის და ზოგადად ენერგომატარებლების ფასი ყოველთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხს წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინი 3.04-3.10 ლარის ფარგლებში იყიდება.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საწვავის ადგილობრივი ღირებულება 45%-ით არის გაზრდილი, რასაც გარკვეული სოციალური პროტესტიც მოჰყვა.
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანახმად, საწვავის საცალო ფასთან ერთად, გაზრდილია სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი ბენზინის ღირებულებაც, რომლის ფასიც სატენდერო პირობების თანახმად პირდაპირ Platts-ის ღირებულებაზეა მიბმული. კონკრეტულად კი ნოემბერში სახელმწიფო უწყებების შესასყიდი რეგულარის მარკის საწვავი 2.89 ლარამდე გაძვირდა.
სახელმწიფო სტრუქტურები 1 ლიტრ რეგულარის მარკის ბენზინს 2.89 ლარად ყიდულობდნენ, დეკემბერში კი საწვავის გლობალური გაიაფებიდან გამომდინარე ის 2.76 ლარამდე შემცირდა.
ფორმულა, რომლითაც სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი ნავთობპროდუქტების ფასი გამოითვლება, ითვალისწინებს იმ ძირითად ცვლადებს, რომლებსაც ფასზე აქვთ გავლენა. ესენია ლარის გაცვლითი კურსი, Platts-ის მარკის საწვავის საერთაშორისო ფასი, აქციზის გადასახადი, დღგ და სხვა.
თავად Platts-ის ფასი ისეთივე საჯარო და ღიად ხელმისაწვდომი არაა, როგორიც ნედლი ნავთობის ფასი. თუმცა ის ამჟამად დაახლოებით $747 დოლარს შეადგენს, ერთი თვის წინ კი 793 დოლარი ღირდა.
განვიხილოთ, რა განსაზღვრავს ნავთობის ფასს საქართველოს ბაზარზე:
საქართველო, როგორც ნავთობიმპორტიორი 100%-ით საერთაშორისო ფასების ცვლილებაზეა დამოკიდებული. ამას გარდა, ფასებზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს:
- გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts) – დამოკიდებულია როგორც ნედლი ნავთობის ღირებულებაზე, ასევე სხვადასხვა კატეგორიის გადამუშავებული ნავთობპროდუქტის მოთხოვნაზე. მისი ფასები აშშ დოლარშია გამოსახული. ამჟამად ტონა რეგულარის მარკის Platts-ის ფასი $747 დოლარია. ერთ ტონა ბენზინში 1,322 ლიტრი შედის. შესაბამისად, ერთი ლიტრის ღირებულება ამჟამად 56.4 ცენტი, ანუ 1.75 ლარია. თუმცა ეს არის ფასი ტრანსპორტირებისა და სხვა გადასახადების გარეშე.
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით – თავად ნავთობის ფასის გარდა, მეორე ყველაზე დიდი ცვლადია, რაც კურსზე მოქმედებს და მის ცვლილებას არაერთ შემთხვევაში მოულოდნელობის ეფექტიც აქვს.
- სახელმწიფო აქციზის გადასახადი – 2017 წლის 1 იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 1 იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.
- დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. თუკი ლიტრი საწვავი 3.04 ლარი ღირს, მასში დღგ-ის ღირებულება 46 თეთრია. ჯამში დღგ-ისა და აქციზის წილი 3.04 ლარის ბენზინის საფასურში 84 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, ამ გადასახადების გარეშე საწვავის ფასი 2.20 ლარი იქნებოდა.
- ფასზე მოქმედი დანარჩენი ფაქტორებია ნავთობიმპორტიორის საოპერაციო ხარჯები, რაც მარაგების ლოგისტიკას, ქსელის მართვას, ხარისხის კონტროლს, საწვავის შენახვას, დასაქმებულთა ხელფასებს აერთიანებს. ასევე კაპიტალური დანახარჯები და ინვესტიციები, რომლებსაც ამოღება სჭირდება. კომპანიების ხარჯებში შედის საბანკო სესხების მომსახურებისა და ვალუტის ჰეჯირების საფასური და აქციზის და დღგ-ის გარდა სხვა გადასახადების მომსახურება, ასევე კომპანიის წმინდა მოგების მარჟა.
შესაბამისად, რომ არა აქციზისა და დღგ-ის გადასახადები, საქართველოში საწვავის ფასი 2.20 ლარი იქნებოდა.
როგორ ნაწილდება საწვავის ღირებულება მისი შემადგენელი კომპონენტების მიხედვით 3.04 ლარის რეგულარის მარკის შემთხვევაში:
რაც შეეხება საწვავის ფასს არა ქსელურ, არამედ არაბრენდულ სადგურებზე, მათ შემთხვევაში ფასდაკლება მიღებულია თავად იმპორტირებული საწვავის ხარისხით. თუკი კონკრეტულ ბრენდულ სადგურებში ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი იყიდება, არაბრენდულ ქსელებში რეალიზებული საწვავის ხარისხი განსხვავებულია და არ წარმოადგენს ქსელური სადგურების მიერ გაყიდული საწვავის ანალოგს.
უფრო დეტალურად, კომპონენტების მიხედვით, საქართველოში საწვავის ფასი ასე ნაწილდება:
- საწვავის ღირებულება Platts – 57.6%;
- დღგ – 15.1%;
- აქციზის გადასახადი – 12.5%;
- ხელფასები; ტრანსპორტირება, ლოგისტიკა, მარკეტინგი, კომპანიის მოგების მარჟა; ინვესტიციები; ფინანსური ხარჯები – 14.8%.
საწვავის აქციზის განაკვეთი უფრო დაბალია რეგიონის სხვა ქვეყნებში. მაგალითად, სომხეთში ტონა ბენზინი 40,000 დრამით, ანუ 256 ლარით იბეგრება. აქციზის საფეხურებრივი დაბეგვრა მოქმედებს რუსეთში. კერძოდ, ევრო 4-ის მარკის ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი 9,916 რუბლი (415 ლარი), ევრო 5-ის მარკის ტონა ბენზინის აქციზი კი 6,450 რუბლი (270 ლარია). დიფერენცირებული დაბეგვრა მიზნად ისახავს შემცირდეს ფასთაშორისი სხვაობა დაბალი და მაღალი ხარისხის საწვავს შორის და მომხმარებლები სწორედ მაღალი ხარისხის საწვავზე გადავიდნენ.
თუმცა საქართველოს საგადასახადო სისტემა მსგავს დიფერენცირებულ მიდგომას არ ითვალისწინებს და ნებისმიერი სახის ბენზინი და დიზელი ტონაზე 500 ლარით იბეგრება.
საწვავის რეგიონული ფასები ასეთია:
- აზერბაიჯანში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი – 2.88 ლარს შეადგენს;
- რუსეთში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი – 2.14 ლარი;
- საქართველოში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი – 3.08 ლარი;
- სომხეთში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინი 3.39 ლარს შეადგენს;
- უკრაინაში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი – 3.71 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, საქართველოში საწვავი ღირს უფრო ძვირი, ვიდრე ნავთობმომპოვებელ რუსეთსა და აზერბაიჯანში, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ნავთობის იმპორტიორია და ქვეყანაში მაღალი სააქციზო განაკვეთია, თუმცა საქართველოში ფასი უფრო მცირეა, ვიდრე ნავთობიმპორტიორ უკრაინასა და სომხეთში.
საწვავის საერთაშორისო და ადგილობრივი ფასები 2014-2021 წლებში, ლურჯი – რეგულარის მარკის ბენზინის ადგილობრივი ფასი ლარებში, მწვანე – ბარელი ნავთობის საერთაშორისო ფასი ლარებში:
რეგიონალური შედარებით ჩანს, რომ საქართველოში საწვავის ფასი სხვა არამომპოვებელ ქვეყნებთან შედარებით უფრო იაფია, თუმცა ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო რეჟიმის, საერთაშორისო ფასებისა და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, საწვავის ფასის უფრო დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება რთულია.
ერთადერთი ცვლადი, რომელზეც გავლენის მოხდენა საქართველოს შეუძლია, არის საგადასახადო მოსაკრებლები. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში ბიუჯეტში ნავთობპროდუქტების აქციზიდან 450 მილიონი ლარი შევიდა. ეს თანხობრივად თითქმის იმდენივეა, რაც ერთი წლის განმავლობაში ისეთი ნავთობიმპორტიორის მიერ რეალიზებული საწვავის ღირებულება, როგორიც „ვისოლი” ან „ლუკოილია”. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია წვლილი საწვავის ფასის ფორმირებაში.
დატოვე კომენტარი
Thanks for finally talking about > როგორ დგინდება საწვავის
ფასი საქართველოში? •
Forbes Georgia !
Way cool! Some extremely valid points! I appreciate you writing this write-up and also the rest of the website is also really good.
This page certainly has all the info I needed about this subject and didn’t know who to ask.
Howdy! I simply would like to give you a huge thumbs up for the excellent info you have got here on this post. I am returning to your website for more soon.