Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების 2022 წლის რეიტინგში შვიდი უკრაინელი მოხვდა, რომელთა ქონება საერთო ჯამში $11.9 მილიარდად არის შეფასებული – ცნობისთვის, ეს $7 მილიარდით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს. მიუხედავად ამისა, უკრაინელი მილიარდერების უმეტესობა ომით დაზარალებული სამშობლოსთვის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას არ იშურებს.
გასულ კვირას, Forbes Georgia-მ იმ უკრაინელების ჩამონათვალი შემოგთავაზათ, რომლებიც Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების 2022 წლის რეიტინგში მოხვდნენ, ახლა კი გვსურს მიმოვიხილოთ, თუ როგორ ეხმარებიან ისინი საკუთარ ქვეყანას ომის ჟამს.
რინატ ახმეტოვი
ქონება: $4.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფოლადი, ქვანახშირი
ომის დაწყებიდან დაკარგა: $4.3 მილიარდი
ინდუსტრიული მაგნატი და უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, რინატ ახმეტოვი ერთ-ერთი მათგანია, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის გამო ფინანსურად ყველაზე მეტად დაზარალდა. საქმე ისაა, რომ ახმეტოვი ფოლადის მომპოვებელ კომპანიას, Metinvest Group-ს ფლობს, რომლის საბადოები ალყაში მოქცეულ მარიუპოლსა და ფრონტის წინა ხაზზე არსებულ ქალაქ ავდიივკაში მდებარეობს, რის გამოც, 28 თებერვალს კომპანიას ფორს-მაჟორის გამოცხადება მოუხდა. ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ახმეტოვმა განაცხადა, რომ მისი ჰოლდინგური კომპანია, სახელწოდებით SCM-ი რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, რინატ ახმეტოვის Metinvest-მა უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა და ექვსი ათასი ადამიანი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყო ქალაქ ზაპოროჟიეში. ამასთანავე, რინატ ახმეტოვის კომპანიებში დასაქმებული ადამიანები კუთვნილ ანაზღაურებას დღემდე იღებენ.
ფოლადის წარმოებაში ჩართული კომპანიის გარდა, რინატ ახმეტოვს ეკუთვნის უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომიმწოდებელი კომპანიის, DTEK-ის წილი – რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ეს კომპანია ქვეყნის ენერგომოთხოვნის 30%-ს აკმაყოფილებდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ DTEK-ის ქვანახშირის ელექტროსადგურებზე, რომლებიც უკრაინის დასავლეთში, ლუჰანსკში მდებარეობს, რუსეთმა შეტევა ჯერ კიდევ 22 თებერვალს მიიტანა.
Metinvest-ის მსგავსად, უკრაინელებს დახმარება რინატ ახმეტოვის DTEK-მაც აღმოუჩინა: 29 მარტს კომპანიამ მარიუპოლიდან და რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკიდან 900 ადამიანი გამოიყვანა. ისე კი, ჰუმანიტარული დახმარების გარდა, საკუთარი მრავალპროფილური ბიზნეს-საქმიანობიდან გამომდინარე, რინატ ახმეტოვი ქვეყანას სამხედრო შეიარაღებითაც ეხმარება – ამ დრომდე, მათ 35 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ზღარბულის დამზადება მოახერხეს. ამასთანავე, რინატ ახმეტოვის თქმით ის საკუთარ კომპანიებსა და უკრაინაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შემაძრწუნებელი ვითარება იქნება ქვეყანაში.
„მე უკრაინაში ვარ და ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ. იმავეს ვგრძნობ, რასაც ყველა უკრაინელი: ერთი სული მაქვს, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს. მას მერე, ქვეყნის აღდგენას შევუდგებით და მას კიდევ უფრო ბედნიერს და ბარაქიანს გავხდით. მე კი არაფერს დავიშურებ ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ახმეტოვმა ამერიკულ Forbes-თან ინტერვიუსას, რომელიც 10 მარტს გამოქვეყნდა.
ვიქტორ პინჩუკი
ქონება: $1.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფოლადის მილები, სხვადასხვა
ომის დაწყებიდან დაკარგა: $700 მილიონი
ვიქტორ პინჩუკი უკრაინის მილიარდერთა სიაში მეორე ადგილს იკავებს – მისი სიმდიდრის მთავარ წყაროს ფოლადის მილების მწარმოებელი კომპანია, Interpipe წარმოადგენს. კომპანიამ მუშაობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა, ხოლო რუსეთთან ვაჭრობა კიდევ უფრო ადრე – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს.
საინტერესოა, რომ ამა წლის 14 მარტს, ვიქტორ პინჩუკმა ავტორიტეტულ ამერიკულ გამოცემაში, The Wall Street Journal-ში ოპ-ედი გამოქვეყნა, რომელშიც დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს უკრაინის სამხედრო შეიარაღებით დახმარებისკენ უბიძგა. „ჰიტლერის ჯარები ბრიტანეთს რომ უახლოვდებოდნენ, 1941 წლის თებერვალში, ჩერჩილმა ფრანკლინ დელანო რუზველტს უთხრა, იარაღები მოგვეცი და საქმეს ჩვენ გავაკეთებთო. დღეს, უკრაინელები სწორედ ამას ითხოვენ: იარაღებს, რომლითაც იმ ბრუტალური ტირანის დამარცხება იქნება შესაძლებელი, რომელმაც მშვიდობისმოყვარე და თავისუფალ დემოკრატიაზე მიიტანა იერიში, სწორედ იმის გამო, რომ ის თავისუფალი დემოკრატიაა“, – ვკითხულობთ ოპ-ედში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ვიქტორ პინჩუკი ერთ-ერთი ყველაზე ევროპულად მოაზროვნე უკრაინელი მილიარდერია – ყოველ წელს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პინჩუკი სადღესასწაულო საუზმეს მართავს. წელს კი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პინჩუკმა უკრაინულ ლანჩს უმასპინძლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
ვადიმ ნოვინსკი
ქონება: $1.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფოლადი
ომის დაწყებიდან დაკარგა: $2.2 მილიარდი
რუსეთში დაბადებული მილიარდერი ვადიმ ნოვინსკი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა 2012 წელს მიიღო, რუსეთ-უკრაინის ომამდე ვლადიმირ პუტინთან ყველაზე დაახლოებულ უკრაინელ ბიზნესმენად მიიჩნეოდა. ეს სიახლოვე ნოვინსკის იდეოლოგიურ მიკუთვნებაზეც აისახა – ის რამდენიმე მოწვევის რადის წევრია პრორუსული პარტიიდან. ამასთანავე, ნოვინსკი რინატ ახმეტოვის Metinvest-ის არასაკონტროლო წილს ფლობს.
ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ვადიმ ნოვინსკი მარიუპოლს ეწვია რინატ ახმეტოვთან ერთად, რათა ქალაქისთვის საკუთარი ერთგულება ეჩვენებინა.
რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ პოზიცია ნოვინსკიმ საჯაროდ დააფიქსირა საკუთარ ვებგვერდზე: „კიევში ვარ – არსად გავფრენილვარ და არც ვაპირებ. მუდამ ვიქნები აქ, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ და რადას წევრი ვარ და ქვეყანას შევფიცე, რომ უკანასკნელ წამამდე მასთან ერთად ვიქნებოდი. ომის დაწყების დროსაც აქ ვიყავი. ჩემი ემოციები? რა ემოცია შეიძლება გქონდეს, კიევს რომ ბომბავენ? ასეთი რამ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა“, – წერს ნოვინსკი. ამასთანავე, ნოვინსკიმ ნათლად აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინაში წარმოადგენს აგრესიას, რომელსაც გამართლება არ აქვს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ვადიმ ნოვინსკის ფონდმა უკრაინელებს არაერთი სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინა: ომის დაწყებიდან პირველ კვირაში, ნოვინსკის ფონდმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის 250 მილიონი გრივნა გამოყო, რასაც მოგვიანებით, ჩერნოვიცკის ოლქში მცხოვრები ადამიანებისთვის 10 მილიონი გრივნა დაამატა. 17 მარტს, ფონდმა ხარკოვის ოლქის მაცხოვრებლებისათვის დამატებით 3 მილიონი გრივნა გამოყო, ხოლო რამდენიმე დღეში, ზაპოროჟიეს მე-9 სახელმწიფო საავადმყოფოს ვაკუუმური თერაპიის 60 აპარატი და პირველადი მოხმარების ნივთების 1050 ნაკრები გადასცა – სამედიცინო აღჭურვილობის საერთო ღირებულებამ 15 მილიონ გრივნაზე მეტი შეადგინა. ამასთანავე, მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში ვადიმ ნოვინსკის ფონდმა ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა მარიუპოლს და ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვსა და ხარკოვს, ხოლო კრივი როგის ოლქს ფინანსურად დაეხმარა.
კონსტანტინ ჟევაგო
ქონება: $1.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამთო მოპოვება
ომის დაწყებიდან დაკარგა: $800 მილიონი
სხვა უკრაინელი მილიარდერების მსგავსად, კონსტანტინ ჟევაგოს ქონებაც სამთო მოპოვების ინდუსტრიას არის მიბმული – ჟევაგო ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიის, Ferrexpo-ს საკონტროლო პაკეტს ფლობს. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეორე დღეს, კომპანიას ფორს-მაჟორის გამოცხადება მოუხდა იმ კლიენტებისთვის, რომლებიც კომპანიისგან რკინის მადნის ბურთულებს ყიდულობდნენ.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ამა წლის 7 მარტს, ჟევაგოს Ferrexpo-მ $7.5-მილიარდიანი ჰუმანიტარული ფონდი შექმნა, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრისით, საკვებით, ბავშვთა მოვლის პროდუქტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით ეხმარება. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, სად არის თავად კონსტანტინ ჟევაგო, რომელიც 1998-2019 წლებში უკრაინის რადის წევრი გახლდათ – მისი არაერთი ძვირადღირებული იახტისა და პერსონალური თვითმფრინავების მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებში შეინიშნება, ხოლო Ferrexpo-ს წარმომადგენლის თქმით, მას კომპანიის არააღმასრულებელი ხელმძღვანელის ადგილმდებარეობის შესახებ საუბარი არ შეუძლია.
გენადი ბოგოლიუბოვი
ქონება: $1.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ბანკინგი, ინვესტიციები
ომის დაწყებიდან დაკარგა: $900 მილიონი
გენადი ბოგოლიუბოვი უკრაინის უდიდესი კომერციული ბანკის, PrivatBank-ის თანადამფუძნებელია – ეს ბანკი მან და იგორ კოლომოისკიმ გასული საუკუნის 90-იან წლებში, $1 მილიონის საწყისი კაპიტალით შექმნეს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, PrivatBank-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც სახელმწიფომ მისი ნაციონალიზაცია მოახდინა. აღსანიშნავია, რომ დღესაც კი, ბოგოლიუბოვსა და კოლომოისკის და PrivatBank-ს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს, რომელიც ორი კვირის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებით გადაიდო უკრაინაში მიმდიანრე ომის გამო – PrivatBank-ი მის დამფუძნებლებს $5.5 მილიარდის მოცულობის თაღლითობაში ედავება.
აღსანიშნავია, რომ დღემდე უცნობია, ეხმარება თუ არა გენადი ბოგოლიუბოვი ომით დაზარალებულ უკრაინას და თუ ეხმარება – რა გზებით.
ვლად იაცენკო
ქონება: $1.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფინტექი
ომის დაწყებიდან დაკარგა: –
ვლად იაცენკო Forbes-ის მილიარდერთა სიაში მას მერე მოხვდა, რაც მის მიერ დაარსებულმა ციფრულმა ბანკმა, Revolut-მა $800 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა და გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფინტექ-კომპანიად იქცა, რომელიც დღეს $33 მილიარდად არის შეფასებული – იაცენკო Revolut-ის 4%-ზე ოდნავ მეტს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ იაცენკო, რომელიც წლებია, რაც გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას მალევე გამოეხმაურა: „იმედი მაქვს, რომ რუსების უმეტესობა ახლა მაინც დაინახავს, რომ მათი პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე თავხედი მატყუარაა კაცობრიობის ისტორიაში… რუსების „დაცვის“ საბაბით, პუტინმა მშვიდობისმოყვარე უკრაინაზე იერიში მიიტანა. უკრაინა არის და მუდამ იქნება თავისუფალი!“, – წერს იაცენკო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომით დაზარალებულთა დასახმარებლად, ვლად იაცენკოს კომპანიამ, Revolut-მა უკრაინული „წითელი ჯვრის საზოგადოებაში“ $2 მილიონი გადარიცხა და უკრაინელ ლტოლვილებს აპლიკაციაზე წვდომა მისცა – ერთ კვირაში, Revolut-ს 19 ათასი უკრაინელი შეუერთდა.
იგორ კოლომოისკი
ქონება: $1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ბანკინგი, ინვესტიციები
ომის დაწყებიდან დაკარგა: $800 მილიონი
წიაღისეულის გარდა, უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი და მისი ბიზნეს პარტნიორი, იგორ ბოგოლიუბოვი ფლობენ როგორც ფოლადის, რკინისა და შხამ-ქიმიკატების კომპანიების წილებს, ასევე ელექტროენერგიის სადისტრიბუციო ბიზნესს, საზღვაო პორტებსა და ბიტკოინის მაინინგით დაკავებულ კომპანიას.
აღსანიშნავია, რომ გენადი ბოგოლიუბოვის მსგავსად, იგორ კოლომოისკის ადგილსამყოფელი და ის, ეხმარება თუ არა ეს უკანასკენლი ომით დაზარალებულ უკრაინას – ჯერჯერობით უცნობია.
დატოვე კომენტარი