უცხოური მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, ღამე პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლისას 28 პირი დააკავეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით BBC-ი წერს, რომ პოლიციამ თბილისში მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ათასობით ადამიანი გამოვიდა მიტინგზე ორშაბათს საღამოს; ისინი მოქმედ საარჩევნო სისტემას აპროტესტებდნენ და მთავრობას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო სამშაბათს გამთენიისას, რამდენიმე აქტივისტი და პოლიტიკოსი დააკავეს.
BBC-ი აღნიშნავს, რომ რამდენიმე საათით ადრე, სანამ პოლიცია დაარბევდა მიტინგს, მმართველი პარტიის პოლიტიკოსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: “თუ მომიტინგეები კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად”.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებმა გადაწყვიტეს დაებლოკათ პარლამენტის რამდენიმე შესასვლელი, რათა პოლიტიკოსებისთვის სამშაბათს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. ბოლო ორი კვირაა ტარდება მიტინგები, რომლის დროსაც აქტივისტები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” კი აცხადებს, რომ ათასობით ადამიანი საქართველოში მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. მათი ცნობით, მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში მთავრობის მიერ შეუსრულებელმა დაპირებამ გამოიწვია, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.
“ევრონიუსის” ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 37 ადამიანი დააკავა. გასულ ორშაბათს, პოლიციამ ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი საპროტესტო აქციის დასაშლელად. გამოცემის ცნობით, ოპოზიცია დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
საქართველოს შსს-მ წუხელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების განმარტებით, სპეცრაზმის გამოყენება იმის გამო მოხდა, რომ “აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს მათ მიერ ბლოკირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები”.
დატოვე კომენტარი