როგორ გაიზარდა მილიონერთა რაოდენობა ბოლო ათწლეულში?

როგორ გაიზარდა მილიონერთა რაოდენობა ბოლო ათწლეულში?

ტექნოლოგიური რევოლუციის, ბაზრის ბუმისა და სხვა ფაქტორების გავლენით, ბოლო ათწლეულში მილიონერთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 2022 წელს მილიონიან ნიშნულს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 1.1%-ის ქონება აჭარბებდა, მაშინ როდესაც 2012 წელს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.6%-ს უტოლდებოდა.

Visual Capitalist-მა 2012-2022 წლებში მილიონერი მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების დასადგენად Credit Suisse-ის გლობალური სიმდიდრის ანგარიში გამოიყენა. როგორც უახლესი მონაცემებით ირკვევა, 2022 წელს, მილიონერთა კოლექტიურმა ქონებამ გლობალური სიმდიდრის 45.8%, შესაბამისად $208.3 ტრილიონი შეადგინა. ეს არის 138%-იანი ზრდა 2011 წელთან შედარებით, როდესაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ჯამურად, მხოლოდ $87.5 ტრილიონის ქონებას ფლობდნენ.

სიმდიდრის ზრდის ბევრი ფაქტორი არსებობს, თუმცა, Credit Suisse-ის ანგარიშით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ზრდის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფინანსური აქტივები იყო. 2012 წელს, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ქონებაც $1-$5 მილიონს შეადგენდა 25.6 მილიონს უდრიდა, 2021 წელს კი, თითქმის ორჯერ – 51.5 მილიონამდე გაიზარდა. $5-$10-მილიონიანი ქონების შემთხვევაში ათწლიანი ზრდა – 1.9 მილიონიდან 5.1 მილიონ ადამიანამდე მატებას უდრის, ხოლო $10 მილიონზე მეტს ამჟამად 2.8 მილიონი პირი ფლობს – 2012 წლის 1 მილიონიდან.

ძირითადად, მილიონერთა უდიდესი ნაწილი – 42%, ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს, შემდეგ მოდის ევროპა (27%), აზია-წყნარი ოკეანეთი (16%), ჩინეთი (10%) და დანარჩენი მსოფლიო (5%). 2022 წელს, გლობალურად, მილიონერთა რაოდენობამ 59.4 მილიონს მიაღწია, როცა 2012 წელს, მის ნახევარსაც (28.5 მილიონი ადამიანი) კი არ შეადგენდა.

მიუხედავად ინფლაციისა, საპროცენტო განაკვეთებისა და არსებული საბაზრო პირობებისა, რაც ბოლო წლებში სიმდიდრის შექმნას აფერხებს, Credit Suisse-ის პროგნოზით, მილიონერთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება. ორგანიზაციის ვარაუდით, უმდიდრეს ადამიანთა რიცხვი 2027 წლისთვის, 2022 წელთან შედარებით, 45%-ით, 86 მილიონამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, გლობალურად სიმდიდრის გადანაწილების მხრივ უთანასწორობა შედარებით შემცირდა, თუმცა, მთლიანი გლობალური სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილს ეკუთვნის. მილიონერებისგან განსხვავებით, მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 52.5%, $10,000-ზე ნაკლების ქონებას ფლობს, რაც გლობალური სიმდიდრის მხოლოდ 1.2%-ია. Credit Suisse-ის პროგნოზით, ამ პირთა რაოდენობა 2027 წლისთვის შემცირდება და უფრო მეტი ადამიანი გადავა საშუალო და ზედა შემოსავლის კლასში.