2017 წელს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროზონის ეკონომიკაში ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, რეალური მშპ 2.6%- ით გაიზარდა მე-3 კვარტალში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ევროზონაში პოზიტიური ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდეს, მხოლოდ უფრო ზომიერად. იმავე შეფასებით, რეალური მშპ ევროზონაში 2017 წელს 2.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის პროგნოზი კი – 2.1%-ია.
უკრაინის ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღება 2017 წელს ნელი ტემპით მიმდინარეობდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2017 წელს ეკონომიკურმა აქტივობამ უკრაინაში მხოლოდ 2%-ით მოიმატა. 2018 წელს კი რეალური მშპ 3.5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ინფლაციას, გაუფასურებული ადგილობრივი ვალუტის ფონზე, ფასების დონე ორნიშნა სიდიდით იზრდება – წლის საშუალო ინფლაციამ დაახლოებით 15% შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ეკონომიკა 2017 წელს რეკორდული მაჩვენებლით – 6.7%-ით გაიზარდა. 2018 წელს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, თურქეთის ეკონომიკის ზრდა შედარებით მოკრძალებული 3.5%, იქნება. ლირის გაუფასურების შედეგად, სამომხმარებლო ფასები 2017 წელს საშუალოდ 11%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რუსეთს, – მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2017-2018 წლებში რეალური მშპ-ის ზრდა რუსეთში 1.7%-ს შეადგენს.
მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ რეალური მშპ-ის ზრდა სომხეთში 2017-2018 წლებში საშუალოდ 3.7%-ის ფარგლებში იქნება.
ნავთობის ფასების შემცირებით მიღებული 2014-2016 წლების შოკის ზეგავლენით, აზერბაიჯანის ეკონომიკა 2017 წელსაც აგრძელებდა შემცირებას. აზერბაიჯანი რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდის. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა 2017 წელს 1.4%-ით შემცირდა, თუმცა, 2018 წელს მოსალოდნელია 0.9%-იანი ზრდა. 2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელი აზერბაიჯანში კვლავ მაღალი – საშუალოდ 13% – იყო.
რაც შეეხება საქართველოს, – საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკის საშუალოდ 4,5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, სებ-ის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია საშუალოდ 3.5-4%- ის ფარგლებში იქნება, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან კვლავ გააგრძელებს შემცირებას და დასტაბილურდება 3%-იანი მიზნობრივი ნიშნულის ფარგლებში.
დატოვე კომენტარი