ფრანგული სოციალური მედიის პლატფორმა BeReal-ი 2020 წელს, ალექსის ბარიატისა და კევინ პეროს მიერ შეიქმნა. დამფუძნებლებმა ზუსტად შეაფასეს მომხმარებელთა საჭიროებები და ისეთი სივრცის შექმნა გადაწყვიტეს, სადაც ადამიანებს ავთენტურობის შენარჩუნებისა და ერთმანეთთან მეტად დაკავშირების შესაძლებლობა ექნებოდათ. ასე შეიქმნა BeReal-ი, რომელმაც ახალგაზრდებში პოპულარობის მოპოვება მალევე შეძლო და მათთვის ერთ-ერთ ობსესიადაც იქცა.
10 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვით, ამჟამად BeReal-ი $600 მილიონადაა შეფასებული. პლატფორმის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ მისი ავთენტურობა და სპონტანურობაა. სამყაროში, სადაც სოციალური მედიის პლატფორმებს ხშირად აკრიტიკებენ ზედაპირულობისა და შერჩეული პერსონების პოპულარიზაციის გამო, BeReal-ი მომხმარებელს სრულად საპირისპირო ალტერნატივას სთავაზობს და ცხოვრებისეული მომენტების ყოველგვარი ფილტრის გარეშე გაზიარებისკენ მოუწოდებს, რაც ადამიანთა შორის გულწრფელი კავშირისა და ურთიერთობის განცდას აჩენს.
BeReal-ი მიზანს მომხმარებლებისთვის ერთდროული სპონტანური შეტყობინების გაგზავნით აღწევს, რაც მათ ორი წუთის განმავლობაში, მიმდინარე აქტივობის აღმბეჭდავი სურათის გადაღებისკენ უბიძგებს. ავთენტურობისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, BeReal-მა შექმნა უნიკალური და მიმზიდველი გამოცდილება იმ კატეგორიის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ციფრულ ეპოქაში ნამდვილი კავშირების განცდის სურვილი აქვთ. მეტიც, BeReal-ის სპონტანურობამ სოციალურ ქსელში კონტენტის მრავალფეროვნებაც გაზარდა, რაც, თავის მხრივ, პლატფორმის პოპულარობაზეც აისახა.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც BeReal-ს სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისგან გამოარჩევს, მომხმარებელში „საზოგადოების აღქმის“ განვითარებაზე ფოკუსირებაა. აპლიკაციის დიზაინი მომხმარებელს საერთო გამოცდილებების გაზიარებისკენაც მოუწოდებს. ეს მიიღწევა პლატფორმის ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა, მაგალითად, Reactions-ი, რომელიც მომხმარებელს „RealMojis“-ის გამოყენებით, სელფის გადაღებით, სხვების პოსტებზე პასუხის გაცემის საშუალებას აძლევს.
ინტერაქციისა და თანამშრომლობის შეთავაზებით, BeReal-მა მომხმარებლებში ძლიერი საზოგადოებრივი გრძნობა ჩამოაყალიბა. ეს კი განსაკუთრებით მიმზიდველი იმ ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც თანამოაზრე პირებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობის დასამყარებლად სწორედ სოციალური მედიის პლატფორმებს იყენებენ. გარდა ამისა, BeReal-ის „საზოგადოებრივმა მიდგომამ“ პლატფორმის ფარგლებში სხვადასხვა ინტერესის სუბკულტურებისა და ნიშური ჯგუფების ჩამოყალიბებაც განაპირობა.
BeReal-ის სწრაფი ზრდისა და გამაოგნებელი ღირებულების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მისი ინოვაციური ბიზნესმოდელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ეფექტიანად ახდენს მომხმარებლის ჩართულობის მონეტიზაციას და ინარჩუნებს მომხმარებლის პოზიტიურ გამოცდილებას. Euronews-ის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსთვის, BeReal-ის დღიური მომხმარებლების რიცხვმა 10 მილიონს მიაღწია. პლატფორმა შემოსავალს აპლიკაციის შიდა შესყიდვების, რეკლამირებისა და ბრენდებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობით გამოიმუშავებს. პრემიუმ-ფუნქციებისა და ექსკლუზიური კონტენტის შეთავაზებით, BeReal-მა შექმნა იმ ერთგული მომხმარებლის ბაზა, რომლებიც პლატფორმაში ინვესტირებისთვის მზად არიან.
სოციალური მედიის წარმატებული მონეტიზაციის სტრატეგია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ინვესტორებსაც. დაფინანსების ბოლო რაუნდებში BeReal-მა დაფინანსება ცნობილი ვენჩურული კაპიტალის ფირმებისგან მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის შეფასება, PetaPixel-ის თანახმად, $587 მილიონს გაუტოლდა. აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერით, BeReal-ი განვითარებისა და ინდუსტრიაში მისი სტატუსის გამყარებისთვის კარგად არის მომზადებული.
შემოსავლების ინოვაციური ნაკადების გარდა, ინვესტიციების მოზიდვაში დიდი როლი BeReal-ის მხრიდან უსაფრთხოების საკითხებისადმი დამოკიდებულებამ ითამაშა. პლატფორმამ გაატარა მკაცრი ზომები მომხმარებლის მონაცემების დასაცავად და და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიისადმი ინვესტორების ნდობას.
შედეგად, BeReal-ის მკვეთრი ზრდა და $600-მილიონიანი ღირებულება ისეთი ფაქტორების ერთობლიობას შეგვიძლია მივაწეროთ, როგორიცაა: განსხვავებული ხედვა სოციალურ მედიაში, „საზოგადოებრივ გრძნობებზე“ ფოკუსირება და კომპანიის ინოვაციური ბიზნესმოდელი. ავთენტურობის, სპონტანურობისა და მომხმარებლების ჩართულობის პრიორიტეტად ქცევით, BeReal-მა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობა პოვა და ზრდას კვლავ აგრძელებს.
დატოვე კომენტარი