1990-იან წლებში შვედეთის მთავრობამ განახორციელა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ყოველ სახლში პერსონალური კომპიუტერი უნდა ყოფილიყო. შვედური ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Klarna-ს მილიარდერი დამფუძნებელი, სებასტიან სიემიატკოვსკი იხსენებს, რომ თავდაპირველად კომპიუტერები მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახებისათვის იყო ხელმისაწვდომი. მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმის შემდეგ კი შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერი მართლაც ყოველ ოჯახში ჰქონდათ. სებასტიანმა კომპიუტერზე კოდირება სწორედ 90-იან წლებში, 16 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მისი ფინანსური კომპანიის ღირებულება 46 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.
სწორედ ციფრულმა რეფორმებმა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე ადრეულმა ინვესტიციებმა გაუწია მნიშვნელოვანი დახმარება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს, გამხდარიყო საწყისი ისეთი სტარტაპებისათვის, როგორიც Spotify, Skype და Klarna არიან. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ შვედეთში გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რეფორმის შემდეგ, 1998-დან 2001 წლამდე, სამი წლის განმავლობაში, შვედეთში 850,000 პერსონალური კომპიუტერი შეიძინეს. ეს მაჩვენებელი კი იმდროინდელი ოთხი მილიონი ოჯახის თითქმის მეოთხედს წარმოადგენდა. შესაბამისად, ტექნოლოგიებზე ადრეულმა წვდომამ სტარტაპებსა თუ ინდივიდუალურ ინვესტორებს მეტი შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა. მაგალითისათვის, Spotify-ზე მუსიკის მოსმენა ჯერ კიდევ მაშინ იყო შესაძლებელი, როდესაც Apple-ში მსგავსი ფუნქცია iTunes-ის დახმარებით იყო ხელმისაწვდომი.
დღესდღეობით შვედეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, ქვეყანაში რეგისტრირებული სტარტაპების საერთო რაოდენობით და პირველ ადგილზეა სტარტაპების პირველი სამი წლის განმავლობაში გადარჩენის მაჩვენებლით. აღნიშნული მაჩვენებელი შვედეთში 74%-ს უტოლდება. გარდა ამისა, სტოკჰოლმი მეორე ადგილზეა სილიკონ ველის შემდეგ 1 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულებაზე დიდი სტარტაპების რაოდენობითაც. სწორედ ამიტომ უწოდებენ შვედეთს ევროპის სილიკონის ველს.
დატოვე კომენტარი