„ლუი ვიტონი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მდიდრული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია. ბრენდის ღირებულება 26 მილიარდი აშშ დოლარია. „ლუი ვიტონის“ შემდეგ მოდის „შანელის“ ბრენდი 19 მილიარდი დოლარის ღირებულებით. ამავე დროს, „ლუი ვიტონი“ ყველაზე პოპულარულია მდიდრულ ბრენდებს შორის. 2022 წელს მის ვებსაიტს 15 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
2022 წელს „ლუი ვიტონმა“ 15 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. დასაქმებული ჰყავდა 19,000 ადამიანი. „ლუი ვიტონის“ ბრენდი დღეს დიდი ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის (Moët Hennessy Louis Vuitton) საკუთრებაა. LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 500 მილიარდ დოლარამდეა და ამ მაჩვენებლით ის საფრანგეთში პირველ ადგილზეა. 2022 წელს LVMH-ის შემოსავალმა 87 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 135 მილიარდი დოლარია, დასაქმებული ჰყავს 196 ათასი ადამიანი. LVMH „ლუი ვიტონის“ გარდა შემდეგ ბრენდებს ფლობს: Christian Dior-ი, Hennessy, Tiffany & Co, Fendi, Givenchy, Marc Jacobs-ი, Stella McCartney, Kenzo, Sephora, Bulgari და სხვა. LVMH-ის დამფუძნებელი ბერნარ არნო დღეს მსოფლიოში მეორეა სიმდიდრის მიხედვით. მისი ქონება 235 მილიარდი დოლარია და ის მხოლოდ ილონ მასკს ჩამორჩება.
„ლუი ვიტონი“ ერთ-ერთი უძველესი ბრენდია. ის 1854 წელს პარიზში დააარსა 23 წლის დიზაინერმა ლუი ვიტონმა. ლუი ვიტონი 16 წლის იყო, როდესაც სახლი დატოვა და საფრანგეთის იურის პატარა დასახლებიდან პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. 1854 წელს გახსნილ მაღაზიაში ვიტონი სამოგზაურო ჩემოდნებს ყიდდა. 1858 წელს გამოიგონა ტილოს ჩემოდანი სახელწოდებით Trianon, რომელიც დღემდე „ლუი ვიტონის“ ერთ-ერთი სავაჭრო ნიშანია.
ტანსაცმლის პირველი ატელიე ლუი ვიტონმა 1859 წელს გახსნა, სადაც 20 ადამიანი დაასაქმა. წარმოება ისეთი სისწრაფით იზრდებოდა, რომ პროდუქციის წარმოება საკუთარ საცხოვრებელ სახლშიც კი მოუწია. ამ პერიოდში ლუი ვიტონი უკვე ისეთი სახელგანთქმული იყო, საფრანგეთის იმპერატორის ოჯახისთვისაც კი ამზადებდა ჩემოდნებს.
ჩალისფერი და ყავისფერი ხაზების კომბინაცია ვიტონის ჩანთებზე 1960-იანი წლებიდან გამოჩნდა, რომელიც დღემდე მისი ჩანთების ყველზე პოპულარული ფერია.
1870-1872 წლებში, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ლუი ვიტონის ბიზნესი განადგურდა, თუმცა ომის დასრულების შემდეგ ისევ აღადგინა და 1985 წელს ომამდელ დონეს გაუსწრო. ამავე წელს პირველი მაღაზია გახსნა ლონდონში. ლუი ვიტონი 1892 წელს გარდაიცვალა და ბოლო დღემდე არ შეუწყვეტია ჩანთების განახლებული დიზაინით გამოშვება.
მამის საქმე შვილმა, ჟორჟ ვიტონმა წარმატებით გააგრძელა, ბევრი სიახლე შემოიტანა, მათ შორის დღემდე ცნობილი დიზაინის ჩანთები ბრილიანტის, წრეებისა და ყვავილების მონოგრამული გამოსახულებებით. ჟორჟმა1936 წლამდე იცოცხლა, კომპანია მართა და ის ყველასთვის ცნობილ მდიდრულ ბრენდად აქცია. „ლუი ვიტონის“ მაღაზიები გაიხსნა ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
1936 წლიდან მამის საქმე ისევ შვილმა გასტონ ვიტონმა გადაიბარა, რომელმაც 1970 წლამდე მართა კომპანია და ის კიდევ უფრო წარმატებული და მრავალფეროვანი გახადა. ტექნოლოგიების განვითარება კომპანიას აძლევდა საშუალებას, ახალი დიზაინის, ზომის, ფერისა და მატერიის ჩანთები გამოეშვა. 1977 წელს კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 70 მლნ ფრანკი შეადგინა. 1978 წელს კი იაპონიაში გახსნა მაღაზიები.
1987 წელს „ლუი ვიტონი“ ორ ფრანგულ კომპანიასთან Moët et Chandon-თან და Hennessy-თან გაერთიანდა, რის საფუძველზეც შეიქმნა დღევანდელი ფრანგული კონგლომერატი LVMH. 1989 წელს „ლუი ვიტონს“ 130 მაღაზია ჰქონდა მსოფლიოში. 1992 წელს „ლუი ვიტონი“ ჩინეთშიც შევიდა. 1999 წელს კი პირველი მაღაზია გახსნა აფრიკის კონტინენტზე, მაროკოში. მომდევნო დიდი გაფართოება 2003 წელს მოხდა, როდესაც კომპანიის მაღაზიები რუსეთსა და ინდოეთში გამოჩნდა.
2000-იანი წლებიდან „ლუი ვიტონის“ სარეკლამო სახეები გახდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან მადონა, ბონო, ანჯელინა ჯოლი, სკარლეტ იოჰანსონი, სელენა გომესი, ემა სტოუნი, ბიონსე, რიანა და სხვები. ამ პერიოდში კომპანიის კრეატიული დირექტორი მარკ ჯეიკობსი იყო, რომელმაც საკუთარი სახელისა და გვარის ბრენდიც შექმნა.
დიდ ქალაქებში „ლუი ვიტონის“ მაღაზიები დახვეწილი არქიტექტურული დიზაინით გამოირჩევა. შენობებს გარედანაც ეტყობა, რომ მაღაზიაში ძვირი პროდუქცია იყიდება.
2022 წელს უკრაინა-რუსეთის ომის გამო „ლუი ვიტონმა“ რუსეთში მაღაზიები დახურა, სადაც 3,500 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. „ლუი ვიტონის“ ჩანთები 1,000 დოლარიდან 100,000 დოლარამდე ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდმა ტანსაცმლის წარმოებაც განავითარა, მისი მთავარი სავიზიტო ბარათი დღემდე ჩანთა რჩება.
2023 წლის თებერვალში კომპანიამ კაცის ტანსაცმლის კრეატიულ დირექტორად ცნობილი მომღერალი ფარელ უილიამსი დანიშნა.