„ლუფტჰანზა“ შემოსავლის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი მე-4 ადგილზე. მას მხოლოდ ამერიკული კომპანიები უსწრებენ. წლიურად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით „ლუფტჰანზა“ ევროპაში მეორე ადგილზეა, მხოლოდ „რაინეარი“ უსწრებს. 2022 წელს 102 მლნ მგზავრი გადაიყვანა.
2022 წელს „ლუფტჰანზამ“ 36 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 43 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 10 მილიარდი დოლარი. „ლუფტჰანზას“ დასაქმებული ჰყავს 110 ათასამდე ადამიანი.
„ლუფტჰანზას“ ისტორია 1926 წელს იწყება, როდესაც გერმანიაში, ბერლინში ორი კომპანიის, Deutscher Aero Lloyd-ისა და Junkers Luftverkehr-ის. გაერთიანებით კომპანია Deutsche Luft Hansa დაარსდა. ეს ორი კომპანია იმ დროისთვის გერმანიაში ყველაზე დიდი საავიაციო კომპანიები იყო, ისინი მთავრობის იძულებით გაერთიანდნენ. ამ პერიოდში საავიაციო კომპანიებს გერმანიის მთავრობა ასუბსიდირებდა და მათზე დიდი გავლენა ჰქონდა. გაერთიანება დაფინანსების ეკონომიის მიზნით მოხდა.
კომპანია სწრაფად ზრდიდა ფრენების ლოკაციებს. 1930-იანი წლების დასაწყისში კომპანიის ლიდერები გერმანიის ნაცისტურ პარტიას დაუახლოვდნენ და 1932 წელს ადოლფ ჰიტლერს საპრეზიდენტო არჩევნებში ეხმარებოდნენ. 1933 წელს, როდესაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა, Deutsche Luft Hansa-ს მმართველო ერჰარდ მილხი გერმანიის ავიაციის მინისტრად დაინიშნა.
მთავრობისგან მხარდაჭერილი მონოპოლისტური კომპანიის შემოსავლების ზრდა გასაკვირი არ იყო. მე-2 მსოფლიო ომის დროს კომპანია იძულებით შრომასაც იყენებდა, ტყვეებსა და ებრაელებს ამუშავებდა. მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ კომპანიის მმართველები დააპატიმრეს ნაცისტურ პარტიასთან თანამშრომლობისა და ომის დანაშაულის გამო.
1945 წლიდან 1953 წლამდე გერმანიას საკუთარი სამოქალაქო ავიაცია არ გააჩნდა. განახლებული „ლუფტჰანზა“ 1953 წელს ქალაქ კიოლნში დარეგისტრირდა. მისი მესაკუთრე გერმანიის მთავრობა იყო. 1954 წლიდან რეგულარული შიდა ფრენები დაიწყო გერმანიაში, 1955 წლიდან ლონდონის, პარიზის, მადრიდის და ნიუ-იორკის მიმართულებით დაიწყო ფრენა, 1958 წელს კი უკვე მსოფლიოს ყველა მიმართულებით დაფრინავდნენ „ლუფტჰანზას“ ხომალდები. 1961 წლიდან „ლუფტჰანზამ“ „ბოინგის“ ხომალდების გამოყენება დაიწყო, რამაც მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი და კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა.
ომისგან მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო გერმანიის აეროპორტებისა და ავიაციისთვის, რომ „ლუფტჰანზა“ მოგებაზე პირველად 1964 წელს გავიდა.
1966 წელს „ლუფტჰანზა“ საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციების გაყიდვა დაიწყო, თუმცა საკონტროლო პაკეტი გერმანიის მთავრობის ხელში რჩებოდა.
1973 და 1979 წლების „სანავთობო შოკმა“ საავიაციო საწვავი რამდენიმეჯერ გააძვირა, რამაც საავიაციო კომპანიებს, მათ შორის, „ლუფტჰანზას“, პრობლემები შეუქმნა, რამაც კომპანიას საწვავის ეკონომიურად მომხმარებელი საჰაერო ხომალდების გამოყენებისკენ უბიძგა. ასევე შეცვალეს საჰაერო გზები, კავშირები და ამ მხრივ გარკვეული ეკონომია მიიღეს.
1980-იანი წლები კომპანიისთვის წარმატებული იყო. გამორჩეული იყო 1986 წელი, როდესაც პირველი ორი მფრინავი ქალი დაასაქმეს.
1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ „ლუფტჰანზამ“ ყოფილი აღმოსავლეთ ბერლინიდანაც დაიწყო ფრენა.
1994 წელს გერმანიის მთავრობამ „ლუფტჰანზას“ საკონტროლო პაკეტი გაყიდა და ის კერძო კომპანია გახდა, რომლის აქციების 73% დღეს სხვადასხვა გერმანული იურიდიული და ფიზიკური პირი ფლობდა. ყველაზე მსხვილი აქციონერი Kühne Aviation GmbH-ია, რომელიც აქციების 15%-ს ფლობს.
2000 წელს კომპანიის მოგებამ პირველად მიაღწია მილიარდ დოლარს. 2005 წელს „ლუფტჰანზამ“ მსხვილი კომპანია Swiss International Air Lines-ი შეისყიდა, 2009 წელს კი Brussels Airlines-ი და Austrian Airlines-ი.
2013 წელს კომპანიამ 14 მილიარდი ევროს ღირებულების 59 ახალი საჰაერო ხომალდი შეიძინა. აღნიშნულ წელს მისი შემოსავალი 30 მილიარდი ევრო იყო, ხოლო მგზავრების რაოდენობა 104 მლნ. კოვიდპანდემიამდე, 2019 წელს „ლუფტჰანზას“ მგზავრების რაოდენობა 145 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალი – 37 მილიარდ ევრომდე. 2023 წელს კომპანიის შემოსავლები პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა, თუმცა მგზავრების რაოდენობა 22%-ით ნაკლები იყო. ეს ნიშნავს, რომ მისი მომსახურება 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაძვირებული. პანდემიის დროს გერმანიის მთავრობა „ლუფტჰანზას“ 9 მილიარდი ევროთი დაეხმარა და ამის შედეგად მთავრობის წილი კომპანიის მფლობელობაში 20%-მდე გაიზარდა.