როგორ გამდიდრდა „მაიკროსოფტი“?

როგორ გამდიდრდა „მაიკროსოფტი“?

დღეს მსოფლიოში კომპიუტერების უმეტესობას კომპანია „მაიკროსოფტის“ პროდუქტი – „ვინდოუსი“ ამუშავებს. „მაიკროსოფტი“ ამერიკული საინფორმაციო ტექნოლოგიების ხუთ გიგანტ კომპანიას მიეკუთვნება „ალფაბეტთან“ (გუგლი), „ამაზონთან“, „ეპლი“ და „მეტასთან“ (ფეისბუკი) ერთად.

2022 წელს „მაიკროსოფტმა“ 198 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 73 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. მისი აქტივები 365 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.5 ტრილიონი დოლარია და ამ მხრივ მხოლოდ „ეპლს“ ჩამორჩება. დასაქმებული ჰყავს 221 ათასი ადამიანი.

კომპანია „მაიკროსოფტი“ 1975 წლის 4 აპრილს ამერიკის ქალაქ ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ორმა ამერიკელმა სტუდენტმა ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა დააარსეს. ამ დროს ბილ გეიტსი 19 წლის იყო, პოლ ალენი კი 22-ის. ბილ გეიტსი პრესტიჟულ კერძო სკოლაში სწავლობდა, სადაც 13 წლისამ პირველად დაწერა კომპიუტერული პროგრამა. ეს იყო მარტივი კომპიუტერული თამაში. სკოლაში გაიცნო მისი მომავალი ბიზნესპარტნიორი პოლ ალენი, რომელთან და კიდევ ორ მოსწავლესთან ერთად სკოლაში პროგრამირების კლუბი ჩამოაყალიბა. 15 წლის ბილ გეიტსმა უკვე პროგრამირების რამდენიმე ენა იცოდა.

1972 წელს 17 წლის ბილ გეიტსმა პოლ ალენთან ერთად კომპანია Traf-O-Data დააარსა, რომელიც ინფორმაციის მოძრაობას აღრიცხავდა ინტელის პროცესორებში. 1973 წელს ბილმა სკოლა წარჩინებით დაასრულა, მშობლების გავლენით სამართლის სპეციალობაზე ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მაგრამ დამატებით მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების კურსებიც აირჩია. ჰარვარდში გაიცნო სტივ ბალმერი, მისი მომავალი ბიზნესპარტნიორი.

გეიტსმა მეორე კურსის დასრულების შემდეგ ჰარვარდში სწავლა შეწყვიტა და ალენთან ერთად „მაიკროსოფტი“ დააარსა. მან პირობა დადო, თუ ბიზნესში არ გაუმართლებდა, ჰარვარდში სწავლას დაუბრუნდებოდა. თუმცა ის ჰარვარდში სასწავლებლად აღარასდროს დაბრუნებულა.

„მაიკროსოფტმა“ პირველ წარმატებას პროგრამირების ენის BASIC-ის განვითარებით მიაღწია. „მაიკროსოფტის“ პროგრამების მომხმარებელთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა. ბილ გეიტსი თვითონ წერდა და აახლებდა პროგრამირების კოდებს.

1980 წელს კომპანიას აღიარება მოუტანა ახალი საოპერაციო სისტემის, პროგრამა MS-DOS-ის შექმნამ. ამ პერიოდში კომპიუტერების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია IBM იყო, რომელმაც 1980 წელს „მაიკროსოფტთან“ თანამშრომლობა დაიწყო. მის პერსონალურ კომპიუტერებს „მაიკროსოფტის“ პროგრამების გამოყენებით უნდა ემუშავა. ეს გარიგება უმნიშვნელოვანესი იყო კომპანიის მომავალი წარმატებისთვის. IBM-ისთვის შეიქმნა პირველი ოპერაციული პროგრამა 86-DOS. IBM-თან თანამშრომლობამ „მაიკროსოფტი“ პატარა კომპანიიდან მსოფლიოს წამყვან პროგრამირების კომპანიად აქცია.

„მაიკროსოფტმა“ თავისი ყველაზე პოპულარული პროდუქტი „ვინდოუსი“ 1985 წლის 20 ნოემბერს გამოუშვა, რომელიც MS-DOS-ის გაფართოებული ვერსია იყო. ამავე წელს კომპანიის სათავო ოფისი ვაშინგტონის შტატში, ქალაქ რედმონდში გადავიდა, სადაც დღემდე არის განთავსებული.

1986 წელს „მაიკროსოფტი“ საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციების გაყიდვა დაიწყო. აქციის საწყისი ფასი 21 დოლარი იყო, რომელიც დღის ბოლომდე 35 დოლარამდე გაიზარდა. გაიყიდა 2.5 მლნ აქცია, რის შედეგადაც კომპანიამ 61 მლნ დოლარი მოიზიდა. აქციების გაყიდვის შემდეგ ბილ გეიტსს აქციების 45% დარჩა, რომელთა საბაზრო ღირებულება 350 მლნ დოლარი იყო. მომდევნო 10 წელში  „მაიკროსოფტის“ აქციების ფასი 100-ჯერ გაიზარდა. 1986 წლის ბოლოს ბილ გეიტსი მილიარდერი გახდა.

1990 წელს „მაიკროსოფტმა“ Microsoft Office-ი გამოუშვა, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობ „ვორდს“ და „ექსელს“ მოიცავდა. საოფისე პროგრამებმა კიდევ უფრო გაზარდეს „ვინდოუსზე“ მოთხოვნა და 1993 წელს უკვე თვეში მილიონზე მეტი იყიდებოდა.

1995-2007 წლებში კომპიუტერებისა და ინტერნეტის მოხმარება ძალიან სწრაფად იზრდებოდა მსოფლიოში. 1995 წელს გამოვიდა „ვინდოუს 95“, რომელშიც ყველაზე დიდი სიახლე „სტარტ მენიუ“ და ინტერნეტბრაუზერი Internet Explorer-ი იყო. 2000 წელს ბილ გეიტსმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და ის თავის მეგობარს, სტივ ბალმერს გადააბარა, რომელიც კომპანიაში 1980 წლიდან მუშაობდა. 2001 წელს გამოვიდა Windows XP და სათამაშო კონსოლი „Xbox“. ამ წლებში „მაიკროსოფტს“ რამდენიმეჯერ ჰქონდა დავა სახელმწიფოსთან, რადგან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას ედავებოდნენ. ზოგ შემთხვევაში სოლიდური ჯარიმების გადახდაც მოუწია. 2007 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 51 მილიარდი დოლარი იყო.

2007-2011 წლებში გამოჩნდა ახალი პროდუქტები: Microsoft Azure-ი, Windows Vista, Windows 7-ი და Microsoft Stores-ი. 2014 წლის შემდეგ კი Windows 10, Microsoft Edge-ი და HoloLens-ი. 2014 წელს კომპანიის მართვა სატია ნადელამ გადაიბარა, რომელიც დღემდე მართავს მას. 2014 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 87 მილიარდი დოლარი იყო, რომელიც ნადელას მმართველობის დროს 2-ჯერ გაიზარდა.

„მაიკროსოფტის“ საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს 2019 წელს მიაღწია, 2021 წელს კი უკვე 2 ტრილიონ დოლარს გადასცდა.

2019-2023 წლებში „მაიკროსოფტმა“ 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ხელოვნური ინტელექტის დეველოპერში OpenAI-ში, რომელმაც შექმნა დღეს ბევრისთვის კარგად ნაცნობი ChatGPT.

დღეს ბილ გეიტსის ქონება 120 მილიარდ დოლარამდეა, თუმცა ის სრულად არის ჩამოშორებული „მაიკროსოფტის“ მართვას და კომპანიის აქციების მხოლოდ 1%-ს ფლობს. კომპანიის მეორე დამფუძნებელი პოლ ალენი 2018 წელს გარდაიცვალა და იმ დროისთვის მისი ქონება 20 მილიარდი დოლარი იყო.

ამჟამად მაიკროსოფტის 70%-ს ინსტიტუციური ინვესტორები ფლობენ, როგორიცაა Vanguard Group Inc, BlackRock Inc-ი, State Street Corp-ი და სხვა.