მუკეშ ამბანი სიმდიდრით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, აზიაში კი პირველზე. ის 117 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და ინდოეთის უმდიდრესი ადამიანია. ცოტა ხნის წინ ამბანმა იმით მიიქცია ყურადღება, რომ შვილის ქორწილი 100 მლნ დოლარი დაუჯდა.
სამი წლის წინ ამბანის ქონება ოფიციალურად 37 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ბოლო სამ წელიწადში მისი ქონების ღირებულების გასამმაგება მისი კომპანიების აქციების ფასების სწრაფად ზრდამ განაპირობა. მის მფლობელობაშია უმსხვილესი ინდური კონგლომერატი Reliance Industries-ი, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის, ბუნებრივი არის, ქიმიის, ტანსაცმლის, ვაჭრობის, გართობის და მასმედიის სფეროებს. 2023 წელს აღნიშნულმა კომპანიამ 120 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის აქტივები 210 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 250 მილიარდი დოლარი.
მუკეშ ამბანი 1957 წელს ადენში, დღევანდელი იემენის ტერიტორიაზე დაიბადა. მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში ოჯახი ინდოეთში, მუმბაიში გადავიდა საცხოვრებლად. მუკეშის მამა დირუბაი ამბანი ბიზნესმენი იყო, თუმცა მისი ბავშვობის წლებში მდიდრულად არ ცხოვრობდნენ. მუკეშმა განათლება მუმბაიში მიიღო, უნივერსიტეტში ქიმიური ინჟინერიის სპეციალობაზე სწავლობდა. 1980 წელს აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის მაგისტრატურაში ჩააბარა, მაგრამ სწავლა არ დაუსრულებია, ინდოეთში დაბრუნება დროზე ადრე მოუწია, რომ მამას, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, ბიზნესში დახმარებოდა. ამ დროისთვის მამამისის კომპანია Reliance Industries-ი მზარდი კომპანია იყო და მუკეშს სამკერვალო ძაფების წარმოების მიმართულება ჩააბარეს.
მუკეშ ამბანმა Reliance Industries-ის საქმიანობის დივერსიფიკაცია დაიწყო. მის მიერ შექმნილი პირველი კომპანია Reliance Infocomm Limited-ი იყო, რომელიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებდა. 24 წლის ასაკში ამბანმა ნავთობქიმიური ქარხანა ააშენა პატალგანგაში. მომდევნო წლებში ვაჭრობის სექტორშიც შევიდა.
1981 წელს ის უკვე მილიონერი იყო, რაც, ფაქტობრივად, მამისგან მიიღო. მილიარდერი კი ბიზნესის გადაბარებიდან 13 წელიწადში, 1997 წელს გახდა.
ამბანისა და მისი კომპანიის Reliance Industries-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი იყო 1999 წელი, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ააშენა ინდოეთის ქალაქ ჯამნაგარში. ქარხანას დღეში 700 ათას ბარელამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია. მოგვიანებით ქარხნის გარშემო ამბანის ახალი ბიზნესი განვითარდა ნავთობქიმიის, ენერგეტიკის, პორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.
2013 წლიდან ამბანის სატელეკომუნიკაციო ბიზნესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, როდესაც ის 4G-ინტერნეტის მიმწოდებელი გახდა ინდოეთის ტერიტორიაზე.
2016 წელს ამბანი სიმდიდრით მსოფლიოში 36-ე ადგილზე იყო 19 მილიარდი დოლარით. 2020 წელს კი მსოფლიოში მე-6 იყო 40 მილიარდი დოლარით. ამბანის ეკუთვნის ინდოეთის უმსხვილესი საკომუნიკაციო კომპანია „ჯიო“, რომელიც ინდოეთში ინტერნეტის ძირითადი მიმწოდებელია და რომელსაც 470 მლნ აბონენტი ჰყავს.
ამბანის მმართველობით საშუალო ზომის ადგილობრივი კომპანია Reliance Industries-ი მსხვილი საერთაშორისო კონგლომერატი გახდა. ბოლო წლებში დიდად არის დაინტერესებული „მწვანე ენერგიის“ განვითარებით და გეგმავს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 80 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
მუკეშ ამბანი თავის ოჯახთან ერთად მუმბაიში, კერძო საკუთრებაში არსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს შენობაში ცხოვრობს, რომელიც სრულად მისი საკუთრებაა. ეს არის 37-სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.