სინგაპურში ერთი მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 131 ათასი აშშ დოლარია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მხოლოდ ლუქსემბურგს ჩამორჩება. თუმცა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (PPP დოლარი), სინგაპურში ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 79 ათასი დოლარია და ქვეყანა მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს.
სინგაპურის განვითარების გზა ე.წ. „ეკონომიკურ სასწაულებს“ მიეკუთვნება და სწორედ ამ განვლილი გზის გამო სინგაპურს „აზიური ვეფხვი“ უწოდეს. 1965-დან 1990 წლამდე სინგაპურის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა.
სინგაპური დღეს ქალაქ-სახელმწიფოა, თუმცა რომ არა ეკონომიკური წარმატება, შესაძლოა, დღეს „სოფელი სახელმწიფო“ ყოფილიყო, ანუ აგრარულ მეურნეობასა და თევზჭერაზე დამოკიდებული ღარიბი ქვეყანა. მისი ფართობი 733 კვ/კმ-ია. შედარებისთვის, თბილისის ფართობი 720 კვ/კმ-ია. სინგაპურის ეკონომიკა 424 მილიარდი დოლარია, თბილისის კი 11 მილიარდ დოლარამდე.
1819 წლიდან სინგაპური დიდი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მოექცა. ბრიტანეთს სინგაპური საზღვაო პორტის ასაშენებლად აინტერესებდა და ეს მიზანი პირველივე წლებში განახორციელა. 1942 წელს სინგაპური იაპონიამ დაიპყრო და ბრიტანეთმა 1945 წელს დაიბრუნა. 1959 წელს ბრიტანეთმა სინგაპურზე კონტროლი შეწყვიტა და 1963 წელს სინგაპური მალაიზიას შეუერთდა. მალაიზიას სინგაპური 1965 წელს გამოეყო და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
1959 წლიდან 1990 წლამდე სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ იყო, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა. ის ითვლება თანამედროვე სინგაპურის დამფუძნებელ მამად. რეფორმები, რომლებმაც სინგაპური ღარიბიდან მდიდარ ქვეყნად აქცია, სწორედ მისი მმართველობის დროს გატარდა. ასევე დიდი როლი ითამაშა მისმა ნიდერლანდელმა მრჩეველმა ალბერტ ვინსენსიუსმა.
სინგაპური დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში უკვე იყო რეგიონის სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრი, მისი საპორტო სტატუსის დამსახურებით. თუმცა ღარიბი ქვეყანა იყო, ერთ მოსახლეზე 300 დოლარის წლიური შემოსავლით.
საფუძველი, რაზეც სინგაპურის მომავალი ეკონომიკური განვითარება დაფუძნდა იყო: ქვეყნის ინგლისურ სამართალზე მოწყობა, თავისუფალი სასამართლო, კორუფციის მიუღებლობა და შედარებით თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნა, რაც ძირითადად სავაჭრო ტარიფების შემცირება/მოხსნასა და დაბალ გადასახადებში გამოიხატებოდა. პრიორიტეტს ანიჭებდნენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც შეიმუშავეს „ეკონომიკის სტიმულირების აქტი“. ეს აქტი 5-დან 10 წლამდე პერიოდით უცხოურ ინვესტიციებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს ანიჭებდა. შედეგმაც არ დააყოვნა, სინგაპურში საწარმოები გახსნეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორიცაა: General Electric-ი, Texas Instruments-ი, National Semiconductor-ი, Hewlett Packard-ი და სხვები.
სინგაპურს ძირითადად დაბალანსებული ბიუჯეტი ჰქონდა, ანუ მთავრობა ვალებს არ იღებდა. გარდა ამისა, სტაბილური იყო სინგაპურული დოლარის კურსი კურსი. მონეტარული საბჭო ვალუტის კურსს არა ერთი რომელიმე ვალუტის, არამედ ძირითადი სავაჭრო-პარტნიორი ქვეყნების ვალუტების საშუალო კურსის მიმართ ასტაბილურებდა. ინფლაცია წლის განმავლობაში საშუალოდ 2% იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მოეწყო, მთავრობის საკუთრებაში არსებული ჰოლდინგი „ტემასეკი“ ათობით მსხვილ კომპანიას ფლობს, რომელთა წილი სინგაპურის ეკონომიკაში 20%-მდეა.
ეკონომის ზრდისა და ვაჭრობის გააქტიურების შედეგად, სინგაპურის პორტი მსოფლიოში მე-3 გახდა ტვირთბრუნვით. 2021 წლის მონაცემებით მე-2-ეა, მხოლოდ შანხაის ჩამორჩება.
სინგაპური სავაჭრო ცენტრთან ერთად, რეგიონის ფინანსური და ტურისტული ცენტრიც გახდა. ტურისტულ ცენტრად გახდომას ახალი შენობების განსაკუთრებულმა არქიტექტურამ შეუწყო ხელი, ხოლო ფინანსურ ცენტრად გახდომას – კანონის უზენაესობამ, საკუთრების კარგად დაცვამ, მსუბუქმა ბიუროკრატიამ და გადასახადებმა.
ის, რაც სინგაპურის ეკონომიკურ განვითარებას კრიტიკის საგნად ახლდა, იყო დემოკრატიის არასათანადო დონე. მთავრობა სიტყვისა და მედიის თავისუფლებასა და პოლიტიკურ აქტიურობას ზღუდავდა. თუმცა ეს მე-20 საუკუნის აზიის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, შედარებით უკეთესი სიტუაცია მხოლოდ იაპონიასა და ტაივანში იყო. დღეს სინგაპური დემოკრატიის დონით მსოფლიოში 71-ე ადგილს იკავებს და სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნად არის მიჩნეული. შედარებისთვის, საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 90-ე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური არ არის ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, აქ მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური მოსახლეობა მშვიდობიანად თანაარსებობს.
სინგაპურში იდეალურთან ახლოს იყო და არის სამართლის უზენაესობის ის კომპონენტები, რაც რესურსებით ღარიბ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება. კორუფციის დაბალი დონით ის სულ მოწინავე პოზიციებზე იყო და 2022 წლის მდგომარეობით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, მხოლოდ დანია, ფინეთი, ნორვეგია და ახალი ზელანდია უსწრებს. კერძო საკუთრების დაცვის დონით კი სინგაპური მსოფლიოში მე-2 ადგილზეა, მხოლოდ ფინეთს ჩამორჩება.
რაც შეეხება სინგაპურის ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთ საფუძველს – თავისუფალ ეკონომიკას, ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში სინგაპური პირველ ადგილზეა.
სინგაპურის ეკონომიკურ განვითარებას დემოგრაფიული ბუმიც მოჰყვა. 1965 წელს სინგაპურში 2 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 2022 წელს კი 5.6 მლნ.
დატოვე კომენტარი