„უბერი“ დღეს სატრანსპორტო და საკურიერო მომსახურებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მისმა შემოსავალმა 2022 წელს 32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 32 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 63 მილიარდ დოლარამდეა. უშუალოდ კომპანიის მართვაში დასაქმებული ჰყავს 33 ათასამდე ადამიანი, ხოლო დაქირავებული მძღოლებისა და კურიერების რაოდენობა 5.5 მილიონამდეა.
„უბერი“ (თავიდან ერქვა „უბერქაბი“) 2009 წელს კანადელმა ბიზნესმენმა გარეტ კემპმა და ამერიკელმა ბიზნესმენმა ტრევის კალანიკმა დააარსეს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში. გარეტ კემპმა საბაკალავრო განათლება ელექტროინჟინერიაში მიიღო, ხოლო სამაგისტრო – საინფორმაციო ტექნოლოგიებში (IT). ტრევის კალანიკმა კი კომპიუტერულ ინჟინერიაში. „უბერის“ დაარსების დროს კემპი 31 წლის იყო, ხოლო კალანიკი 33 წლისა. მათ უკვე ჰქონდათ ბიზნესის კეთების გამოცდილება, ძირითადად ინტერნეტსაიტების და აპლიკაციების მიმართულებით.
ერთ-ერთი ვერსიით, „უბერის“ შექმნის იდეის დაბადებას იმან შეუწყო ხელი, რომ ახალი წლის წინა დღეს კემპმა და კალანიკმა ტაქსიში 800 დოლარი გადაიხადეს. ასევე, გარეტ კემპს ტაქსის პოვნა გაუჭირდა პარიზში, რადგან თოვლიანი ღამე იყო და ცოტა ტაქსი მოძრაობდა. მას მნიშვნელოვან საქმეზე დააგვიანდა. კემპმა და კალანიკმა გადაწყვიტეს, შეექმნათ ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც ტაქსის პოვნას გაამარტივებდა. მათ ამ საქმის კეთება ოსკარ სალაზართან („უბერის“ არქიტექტორი) და კონრად ველანთან (IT-ინჟინერი) დაიწყეს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მუშაობა 2009 წელს დაიწყო, „უბერის“ აპლიკაციის პირველი ბეტა-ვერსია 2010 წლის 2010 წლის მარტში გამოუშვეს. პირველი სერიოზული ინვესტიციაც კომპანიამ 2010 წელს მიიღო – 1.3 მლნ დოლარი „First Round Capital“-დან. აპლიკაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი 2011 წლიდან გახდა სან-ფრანცისკოში, ანუ მხოლოდ სან-ფრანცისკოში შეგეძლო ამ აპლიკაციით ტაქსის დაქირავება. თავიდან მხოლოდ შავი ფერის მდიდრული მანქანის გამოძახება იყო შესაძლებელი, რომელიც უბრალო ტაქსიზე ბევრად ძვირი ღირდა. კომპანიას „უბერქაბის“ ნაცვლად „უბერი“ 2011 წლიდან ჰქვია.
2012 წლიდან „უბერი“ ჩიკაგოშიც ამუშავდა, სადაც მომხმარებელს აპლიკაციის გამოყენებით შეეძლო გამოეძახა ტაქსი „უბერის“ მძღოლით ან ჩვეულებრივი ტაქსი. ამავე წლიდან უკვე შესაძლებელი გახდა ეკონომიური ტაქსის გამოძახება და ამასთან ერთად მომხმარებელს შეეძლო, მძღოლის შეფასებებს, მანქანის რეგისტრაციას, დაზღვევას და სტანდარტებს გასცნობოდა. 2013 წელს „უბერის“ მომსახურება უკვე 65 ქალაქს მოიცავდა.
2014 წელს „უბერს“ ტრანსპორტის გაზიარების ფუნქცია დაემატა, ანუ ერთი ტაქსით რამდენიმე მგზავრს შეეძლო ემგზავრა და დანახარჯს გაინაწილებდნენ. ამავე წელს დაემატა საჭმლის მიტანის საკურიერო მომსახურება – “Uber Eats“. 2014 წელს უბერი ჩინეთშიც შევიდა, მაგრამ 2016 წელს კონკურენციის გამო ჩინეთის ტრანზაქციები ჩინურ კომპანია „დიდის“ მიყიდა. სანაცვლოდ კომპანია „დიდიში“ 18%-იანი წილი და „უბერში“ 1-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია მიიღო. 2014 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 400 მლნ დოლარი იყო, 2016 წელს კი – 5 მილიარდი დოლარი.
2016 წელს „უბერმა“ მომსახურებას ტვირთის გადაზიდვის სერვისი დაამატა. მომდევნო წლებში „უბერი“ სწრაფად ფართოვდებოდა მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო მეტ ქვეყანაში შედიოდა.
2019 წლის მაისში „უბერი“ საჯარო კომპანია გახდა, ანუ საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა. კომპანიის თავდაპირველ ღირებულებად 120 მილიარდი დოლარი განისაზღვრა. თუმცა ამის შემდეგ „უბერის“ საბაზრო კაპიტალიზაცია ჯერ გაიზარდა და შემდეგ შემცირდა. ამ წელს კომპანიის შემოსავალი 14 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
2020 წლის პანდემია „უბერსაც“ დაეტყო და წლიური შემოსავალი 3 მილიარდი დოლარით შეუმცირდა 11 მილიარდ დოლარამდე. თუმცა 2021 წელს 17 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო 2022 წელს – 32 მილიარდი.
დღეს „უბერი“ 70 ქვეყნის 10 ათასზე მეტ ქალაქში ოპერირებს. თვეში 131 აქტიური მომხმარებელი ჰყავს და დღეში საშუალოდ 23 მლნ გარიგება სრულდება „უბერის“ გამოყენებით. კომპანიის შემოსავლის 48% ტაქსის მომსახურებაზე მოდის, 34% – საჭმლის მიტანის სერვისზე და 18% – ტვირთის გადაზიდვაზე.
„უბერის“ წარმატება პირველ რიგში იდეამ განაპირობა – სატელეფონო აპლიკაციის გზით მგზავრებისა და მძღოლების ერთმანეთთან დაკავშირებამ. მილიონობით მძღოლი გახდა „უბერის“ პარტნიორი. ტექნოლოგიური გამართულობა, ეკონომიურობა, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება და მომხმარებლისთვის ფართო არჩევანის შეთავაზება გახდა „უბერის“ გამდიდრების წინაპირობა. კომპანიას თავის სფეროში ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით პირველია.