ავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია „ვოლვოს“ შემოსავალმა 2022 წელს 32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი – 2 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 27 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია 41 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 41 ათასი ადამიანი. 2022 წელს 700 ათასი ავტომობილი გამოუშვა.
„ვოლვოს“ ისტორია 1927 წლიდან იწყება შვედეთის ქალაქ გეტებორგში. „ვოლვო“ შვედმა ბიზნესმენმა ასარ გაბრიელსონმა და ასევე შვედმა მექანიკის ინჟინერმა გუსტაფ ლარსონმა დააარსეს. საწარმოს იდეაზე მუშაობა 1924 წელს დაიწყეს და პირველი 100 ავტომობილი 1927 წელს გამოუშვეს. „ვოლვო“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ვბრუნავ“, რაც საავტომობილო კომპანიას კარგად შეესაბამება.
კომპანია „ვოლვომ“ თავიდანვე ის სტრატეგია დაისახა მიზნად, რაც დღემდე აქვს – უნდა შეექმნა რაც შეიძლება უსაფრთხო ავტომობილი, რომელიც ამავე დროს, მომხმარებლისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნებოდა. თავიდან „ვოლვო“ შეიქმნა, როგორც სხვა შვედური კომპანიის, SKF-ის შვილობილი კომპანია. ეს განაპირობა იმან, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი ასარ გაბრიელსონი SKF-ში მუშაობდა და ამავე დროს, SKF უკვე იყო ცნობილი, როგორც ავტომობილების საიმედო ნაწილების მწარმოებელი. ნებისმიერი დეტალი გადიოდა სავალდებულო ტესტირებას, სანამ ავტოინდუსტრიაში გამოიყენებდნენ. სავაჭრო ნიშანი „ვოლვო“SKF-მა ჯერ კიდევ 1915 წელს დააპატენტა, თუმცა საკუთარი ავტომობილის გამოშვებისგან თავს იკავებდა და სწორედ ასარ გაბრიელსონმა და გუსტაფ ლარსონმა დაარწმუნეს SKF-ის მენეჯერები, რომ საკუთარი ავტოინდუსტრია უნდა შეექმნათ. ასე დაიბადა პირველი შვედური ავტომობილის ბრენდი „ვოლვო“, რომელიც დღემდე პირველია შვედურ ბრენდებში გამოშვებული ავტომობილების რაოდენობის მიხედვით.
„ვოლვოს“ პირველმა ავტომობილმა ქარხანა 1927 წლის 14 აპრილს დატოვა. ეს იყო „OV4“-ის სახელწოდების 4-ცილინდრიანი, ღია ავტომობილი. 1928 წელს გამოუშვა „PV4“, რომელიც პირველ მოდელზე გრძელი და ზემოდან დახურული იყო. 1928 წელსვე იწყებს „ვოლვო“ სატვირთო ავტომობილების წარმოებას, რომლებიც დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. პირველი მოდელი იყო „Type-1“.
1930 წელს „ვოლვომ“ შვიდი ადამიანისთვის განკუთვნილი ავტომობილი გამოუშვა, რაც ტევადობის გამო მალევე გახდა პოპულარული ტაქსის მძღოლებში. პირველი ძვირად ღირებული მოდელი „P654“ 1933 წელს გამოუშვა, რომელიც განსაკუთრებული ხმის იზოლაციით გამოირჩეოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიამ ავტომობილების გამოშვება შეწყვიტა და 1947 წელს გამოუშვა იმ დროისთვის საწვავის მოხმარების მხრივ ეკონომიური ავტომობილი „PV444“, რომელსაც „პატარა ვოლვოს“ ეძახდნენ. ეს მოდელი პოპულარული გახდა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაში. გამოსვლიდან ორ კვირაში 2,300-მა ადამიანმა შეუკვეთა „პატარა ვოლვო“.
1953 წლიდან გამოდის მოდელი Duett-ი, – დიდი, საოჯახო ავტომობილი, რომელსაც „ორი ერთშის“ ეძახდნენ. ეს იყო პირველი უნივერსალური მოდელი, რომელმაც „ვოლვო“ ამ პრაქტიკული ავტომობილების სინონიმად აქცია. კომპანიამ მომავალში 6 მილიონზე მეტი მსგავსი მოდელის ავტომობილი გამოუშვა.
1955 წელს „ვოლვომ“ ავტომობილების, კერძოდ, „პატარა ვოლვოების“ აშშ-ში ექსპორტი დაიწყო. ორ წელიწადში უკვე მეორე ადგილზე იყო აშშ-ის ბაზარზე უცხოურ ბრენდებს შორის.
1959 წელს „ვოლვომ“ პირველმა შემოიღო სამწერტილიანი უსაფრთხოების ღვედები, რომლებიც დღემდე გამოიყენება ავტომობილებში. „ვოლვომ“ ამ სიახლის დაპატენტებაზე უარი თქვა და ამ ინოვაციის გამოყენების ნება ყველა ავტომწარმოებელს დართო, რამაც მომავალში მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
გამომდინარე იქიდან, რომ „ვოლვო“ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იყო ცნობილი, 1960-იანი წლებიდან მის მანქანებს ხშირად ირჩევდნენ საავარიო ტესტების ჩასატარებლად. 1961 წელს გამოუშვა სპორტული კუპე „P1800“. 1966 წელს გამოუშვა კიდევ უფრო უსაფრთხო ავტომობილი „Volvo144“, რომელსაც ორმაგი წრიული დამუხრუჭების სისტემა და დაკეცვადი საჭე ჰქონდა, რომ ავარიის დროს მძღოლი დაცული ყოფილიყო.
1970-იან წლებში ევროპასა და ამერიკაში ბენზინის კრიზისი იყო, რამაც საწვავი რამდენიმეჯერ გააძვირა. აქედან გამომდინარე, „ვოლვო“ ეკონომიური მანქანების წარმოებაზე აკეთებდა აქცენტს. ამ პერიოდში მისი რამდენიმე მოდელი ბესტსელერი გახდა.
1980-იან წლებში „ვოლვომ“ ჰოლანდიური ავტომწარმოებელი კომპანია DAF-ი შეიძინა. 1986 წელს „ვოლვომ“ მხოლოდ აშშ-ში 100 ათასზე მეტი მანქანა გაყიდა. 1990-იანები „ვოლვოსთვის“ მძიმედ დაიწყო, რადგან გაიზარდა კონკურენცია იაპონური მანქანებისგან და ამასთან, შვედური კრონის გამყარებამ კომპანიის კონკურენტუნარიანობა შეამცირა. კომპანიამ სხვა ბრენდებთან დაიწყო თანამშრომლობა, მათ შორის „რენოსთან“ და „მიცუბიშისთან“. 90-იანებში რამდენიმე ახალი მოდელი გამოუშვა, მათ შორის გამორჩეული იყო „Volvo C70“ და „Volvo S80“.
1999 წელს კომპანია „ვოლვო“ ორად გაიყო. Volvo Car-ი ამერიკულმა „ფორდმა“ იყიდა 6.5 მილიარდ დოლარად, ხოლო Volvo Group-მა გააგრძელა სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და სამშენებლო ტექნიკის გამოშვება. Volvo Group-ი დღემდე ცალკე კომპანიაა. 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო 2010 წელს „ფორდმა“ „ვოლვო“ ჩინურ კომპანია Geely Group Holdings-ს მიჰყიდა, რომელიც მას დღემდე ფლობს.
2009 წელს „ვოლვოს“ შემოსავალი 218 მილიარდი შვედური კრონა იყო და Geely Group Holdings-ის მიერ შესყიდვის შემდეგ 2011-2017 წლებში 300 მილიარდ შვედური კრონამდე გაიზარდა. 2019-ში 400 მილიარდ კრონას გადასცდა, თუმცა შემდეგ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ისევ 300 მილიარდამდე შემცირდა. 2022 წელს კი 330 მილიარდი კრონა შეადგინა.
2015 წელს „ვოლვომ“ არსებობის ისტორიაში პირველად გაყიდა ნახევარ მილიონზე მეტი მანქანა. 2019 წელს დააანონსა, რომ მომავალში მისი მთავარი სამიზნე ელექტრომობილების წარმოება იქნება და ამავე წელს გამოუშვა პირველი სრულად ელექტრული ავტომობილი „XC40 Recharge P8“. 2030 წლიდან კომპანია მხოლოდ ჰიბრიდებსა და ელექტრომობილების გამოუშვებს.