ყველაფერი 1995 წელს დაიწყო, როცა სამოცი წლის ჯუზეპე კრიპა ნახევარგამტარების მწარმოებელი ფრანგულ-იტალიური კომპანიიდან, STMicroelectronics-იდან (STM) ნაადრევად გაათავისუფლეს. კრიპა მნიშვნელოვანი თანამშრომელი იყო, რომელმაც კომპანიაში 35 წელი დაყო და გათავისუფლების შემდეგ მსუყე კომპენსაციაც მიიღო. ჯუზეპეს ასაკში მყოფი ადამიანისთვის მოვლენათა ამგვარი განვითარება, წესით და რიგით, პენსიაზე გასვლას და დასვენებას ნიშნავს. თუმცა ჯუზეპე სხვანაირი ყაიდისა აღმოჩნდა – სამსახურიდან ნაადრევმა გათავისუფლებამ მას ცხოვრების ხელმეორედ დაწყების საშუალება მისცა და 87 წლის ასაკში მილიარდერადაც აქცია.
ცხოვრების ხელახლა დაწყება ჯუზეპე კრიპასთვის ერთადერთ რამეს – საკუთარი კომპანიის დაარსებას ნიშნავდა. ანტრეპრენიორობა არ გასჭირვებია, რადგან იდეა, რომელიც Technoprobe-ის წინაპირობად იქცა, ჯუზეპეს გონებაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იხარშებოდა. ასე და ამგვარად, ჯუზეპე კრიპამ შემსწავლელი ბარათების წარმოება დაიწყო – მცირე ზომის ნემსებით აღჭურვილი მინიატიურული დისკოს ფორმის ეს მოწყობილობა მიკროჩიპზე ზევიდან მაგრდება და მის ფუნქციონირებას ამოწმებს. საინტერესო და ირონიულია, რომ წარმოების გაშვებიდან პირველი 15 წლის განმავლობაში, Technoprobe-ის მთავარი შემსყიდველი ჯუზეპე კრიპას ყოფილი დამსაქმებელი, STMicroelectronics-ი იყო.
ჯუზეპე კრიპა მილანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქში დაიბადა, ხოლო ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო თავშესაფრებში გაატარა. „დაძაბულობის მოსახსნელად, მე და სხვა ბავშვები საჰაერო შეტევის დროს თავშესაფარში მყოფებს კანფეტებს ვურიგებდით“, – აღნიშნა ჯუზეპემ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთთან საუბრისას, ამა წლის ივნისში.
ომის დამთავრების შემდეგ ჯუზეპე კრიპა ბერგამოს ტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა და ერთი წლის შემდეგ პირველი სამსახურიც იშოვა – საინჟინრო კომპანია Breda-ში. თუმცა კრიპას და მიკროჩიპების ურთიერთობა გაცილებით გვიან, 1960 წელს დაიწყო, როცა ოცდახუთი წლის ჯუზეპე ნახევარგამტარების მწარმოებელ კომპანია SGS-ში დასაქმდა. სულ მალე, SGS-მა მიკროჩიპის პიონერის, გორდონ მურის მიერ შექმნილ კალიფორნიულ Fairchild Semiconductor-თან ერთობლივი საწარმო შექმნა, ხოლო ჯუზეპე კრიპა დროებით ამერიკაში გადაბარგდა, ახალშექმნილი ტექნოლოგიის უკეთ შესასწავლად. იტალიელი სამშობლოში 1963 წელს დაბრუნდა, სადაც სილიკონის ტრანზისტორების პირველი საწარმო ხაზი შექმნა ევროპაში.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კრიპა წამკითხველი ბარათებით დაინტერესდა, აწ უკვე სერიოზულად. ამ წამოწყებაში ის დიდებულ შესაძლებლობას ხედავდა – ყველა წამკითხველი ბარათი, რომელსაც მისი დამსაქმებელი იყენებდა, ამერიკაში იწყობოდა და შესაკეთებლადაც მანდ იგზავნებოდა. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს წამკითხველი ბარათები დაბალი ხარისხისა იყო და მწყობრიდან ხშირად გამოდიოდა. ჯუზეპემ გამჭრიახობა გამოიჩინა და მიხვდა, რომ წამკითხველი ბარათების დამზადება საკუთარ სამზარეულოშივე შეეძლო.
თუმცა ჯუზეპეს იდეის სიმარტივემ არ დაგაბნიოთ, რადგან რეალურად პროცესი, რომელსაც Technoprobe-ში ამარტივებენ – საკმაოდ რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ნახევარგამტარი ჩიპები ძალზე კომპლექსური აგებულებისაა, თითოეული მათგანი ცალკეული წამკითხველი ბარათით მოწმდება და მასობრივ წარმოებაში მხოლოდ შემოწმების შემდეგ გადადის. თავად წამკითხველ ბარათს რაც შეეხება, მასზე ათიათასობით მცირე ზომის ნემსი მაგრდება, ერთმანეთისგან ინჩის ერთი მეექვსასედის დაშორებით. „ამ პროცესს აკუპუნქტურას ვამსგავსებ, – ამბობს Citigroup-ის ანალიტიკოსი ამანდა სკარნატი. – წამკითხველი ბარათის ეს მინიატიურული ნემსები, რომლებიც ჩიპზე მაგრდება, მის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ“.
დღეს, დაარსებიდან 27 წლის შემდეგ, Technoprobe-ი წამკითხველი ბარათების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც საკუთარი პროდუქციით ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შორის Apple-ს, Qualcomm-ს, Samsung-სა და Nvidia-ს და ნახევარგამტარების უმსხვილეს მწარმოებლებს, AMD-ს, Intel-სა და TSMC-ს ამარაგებს. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად იზრდება მათ მიერ გამოყენებული მიკროჩიპების რაოდენობა, რაც, თავისთავად, Technoprobe-ის წისქვილზე ასხამს წყალს. „სმარტფონი უფრო პატარა, უფრო თხელი და უფრო მსუბუქი რომ გამოვიდეს, მოწყობილობაში ბევრი სხვადასხვა ჩიპის უფრო და უფრო მჭიდროდ მოთავსებაა საჭირო“, – ამბობს Citigroup-ის ანალიტიკოსი ამანდა სკარნატი.
საინტერესოა, რომ სწრაფი ზრდა Technoprobe-ისთვის უცხო არასდროს ყოფილა. მოგეხსენებათ, კომპანია კრიპების სახლის ავტოფარეხში დაიწყო და რამდენიმე ათწლეულში კოლოსალურ გლობალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კომპანიის დაარსებიდან მალევე მას ჯუზეპეს დისშვილი, ახალგაზრდა ელექტროინჟინერი სტეფანო ფელიჩი შეუერთდა. მალე კომპანიაში ჯუზეპეს უმცროსი ვაჟი, ინჟინერ-ქიმიკოსი რობერტოც დასაქმდა. Technoprobe-ი სწრაფად იზრდებოდა და სულ მალე კომპანიის წარმომადგენლობა ჯერ საფრანგეთში გაიხსნა, ხოლო შემდეგ – სინგაპურში. მოგვიანებით იტალიური კომპანია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარზე – ამერიკის შეერთებულ შტატებში შევიდა.
თავად ჯუზეპე კრიპა Technoprobe-ის სადავეებს 2017 წელს ჩამოშორდა, როცა კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი თავის დისშვილს გადააბარა. დღეს, მის მიერ დაარსებულ კომპანიას მისი ოჯახის წევრები მართავენ – ჯუზეპეს დისშვილი, როგორც აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ხოლო ჯუზეპეს ვაჟი – როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ჯუზეპე კრიპას კომპანიის საფონდო ბირჟაზე განთავსებაში უდიდესი წვლილი სწორედ ამ ახალგაზრდებმა შეიტანეს. მილანის საფონდო ბირჟაზე Technoprobe-ი გასულ თებერვალს მოხვდა – ამ გარიგების შედეგად, კრიპასა და მისი ოჯახის თითქმის 75%-იანი წილი $4 მილიარდად შეფასდა. ამრიგად, კრიპები იტალიის ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახად იქცნენ.
საინტერესოა, რომ Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების წლევანდელ რეიტინგში ოთხმოც წელს გადაცილებული რვა ადამიანი მოხვდა, მათ შორის იყო უძრავი ქონების მაგნატი მარვი ფინგერი და ავიაციით დაინტერესებული ბიზნესმენი უილიამ ფრანკი.