32 წლის ჰიუსტონმა ($1.2-მილიარდიანი ქონებით, ის ჩვენს „ყველაზე მდიდარი 40 40-წლამდელი ანტრეპრენიორის” რეიტინგში მე-18 ადგილს იკავებს) Cloud-ის მეხსიერების მოცულობის რევოლუციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როცა 2007 წელს $10 მილიარდად შეფასებული Dropbox-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინა. მისი მშობლები, ინჟინერი კენი და სკოლის ბიბლიოთეკარი სესილი ჰიუსტონები შვილის წარსულს იგონებენ.
პირველად როდის გამოიჩინა დრიუმ ტექნოლოგიის მიმართ ინტერესი?
კ.ჰ.: ნაადრევად განვითარებული ბავშვი იყო, წლინახევრისა უკვე კითხულობდა. ორნახევრისამ კი ჩვენს IBM PCjr-ზე თამაში დაიწყო. 8 წლის ასაკში უკვე განცხადებების ელექტრონულ დაფას (BBS) იყენებდა. მოგვიანებით თამაშები შექმნა, სისტემის შიგნეულობაში ჩაძვრა და შლიდა, იკვლევდა და აწყობდა დეტალებს.
ანტრეპრენიორულ სულისკვეთებას თუ ავლენდა რაიმე ფორმით?
კ.ჰ.: 13 წლის რომ იყო, თქვა, მინდა, ახალი ბილ გეიტსი ვიყოო.
ს.ჰ.: მეექვსე კლასში აინტერესებდა, როგორ ხდება კომპანიის დარეგისტრირება, ჰოდა, ქალაქის მთავრობის სახლში წავიყვანე, საბჭოს მდივანს რომ დალაპარაკებოდა.
რა იყო მისი პირველი სამსახური?
ს.ჰ.: 13 წლის რომ იყო, ახალი კომპიუტერული თამაშის ბეტა-ტესტირებას ახორციელებდა. მიხვდა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თამაშს რაღაც ხარვეზები ჰქონდა და დიზაინერს ი-მეილი მისწერა. ამ უკანასკნელს ძალიან მოუნდა მისი სამსახურში აყვანა. დრიუმ კი იკითხა: „რამდენი წლის უნდა იყოს ადამიანი, კონტრაქტს ხელი რომ მოაწეროს?”
სტარტაპების საქმიანობაში როგორ ჩაება?
კ.ჰ.: 15 წლის რომ იყო, რობოტოტექნიკის ინდუსტრიულ სტარტაპში მუშაობდა, რომელსაც MIT-ის პროფესორი ხელმძღვანელობდა. მან მათი კოდი Linux-ს დაუკონვერტირა და ათასობით დოლარიც დაუზოგა.
დატოვე კომენტარი