20 წლის წინ, როდესაც საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებაში ჩავერთე, ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ერთ დღეს მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატს ვუმასპინძლებდით. თებერვალში ეს ოცნება რეალობად იქცა – მსოფლიო კლასის მოთხილამურეები და სნოუბორდერები ბაკურიანში ჩამოვიდნენ მსოფლიო თასზე. 2023 წელს კი თაობების ოცნება ასრულდება და მსოფლიოს საუკეთესო მოთხილამურეები კვლავ საქართველოში შეიკრიბებიან, ამჯერად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.
გარდა ადგილობრივთა სიხარულისა, სპორტის ზამთრის სახეობების მილიონობით ფანი მალე აღმოაჩენს დანიშნულების ახალ ადგილს – საქართველოს, სადაც სამხრეთ კავკასიის შთამბეჭდავი სილამაზის მთები დომინირებს, თოვლის შესანიშნავი საფარითა და მზის რეგულარული ნათებით. საქართველოს მთები, რომელთა უმეტესობაც 5 000 მეტრამდეა, მის დასავლელ „კოლეგებს“ ჩამოიტოვებს სიმაღლეში და გვთავაზობს საუკეთესო ადგილებს ჰელისკინგისა და თავისუფალი სტილით სრიალისთვის.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტობისას, ჩემთვის პრიორიტეტი იყო, განგვევითარებინა სათხილამურო შეჯიბრებების კულტურა. ეროვნული სათხილამურო ჩემპიონატის დაფუძნების შემდეგ ნიჭიერ ახალგაზრდა მოთხილამურეებს საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მიეცათ საშუალება, დაეგროვებინათ გამოცდილება ამ მიმართულებით. ეს კი, თავის მხრივ, დაგვეხმარა, მოგვემზადება ნიადაგი საქართველოში უფრო დიდი და უკეთესი საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობისთვის.
ამ მხრივ ბაკურიანი – საქართველოში პირველი სათხილამურო კურორტი – მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გამორჩეული ადგილი იყო და 1932 წლიდან საბჭოთა კავშირის ათლეტების მოსამზადებელ ჰაბად მიიჩნეოდა. სწორედ ბაკურიანი უმასპინძლებს 2023 წელს FIS-ის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. შედეგად, ბაკურიანი იქნება ცენტრალური ნაწილი იმ გრძელვადიანი ხედვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველო ზამთრის სპორტის სახეობების მნიშვნელოვან ცენტრად გადაქცევას. აღნიშნული პროგრესი ხელის ერთი გაქნევით არ მიგვიღია – ეს ყველაფერი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის დიდი მუშაობის შედეგია, რომელსაც თან ახლდა საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რაც კურორტზე ენთუზიაზმით სავსე გუნდის მიერ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში გამოიხატება. ასევე დიდია დამსახურება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრების, რომლებმაც აღიარეს საქართველოს პოტენციალი, ემასპინძლა ელიტური შეჯიბრისთვის და ამასთან, გამოეცხადებინათ ჩვენთვის ნდობა, როგორც ამ შეჯიბრის მასპინძლებისთვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენთვის – ადამიანებისთვის, ვინც ათწლეულებია, ვავითარებთ სპორტის ამ მიმართულებას. მსოფლიო კლასის მოთხილამურეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მსოფლიო კლასის ტრასებზე, რომელთა განვითარებაზეც საქართველო გეგმაზომიერად მიმართავს დროს, ფულსა და ძალისხმევას. „სილქნეტი“ და „სილქ როუდ ჯგუფიც“ მხარდამჭერებს შორისაა და უკვე 20 წელია, ამაყად უჭერს მხარს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და ეროვნულ სათხილამურო ნაკრებს როგორც ფინანსურად, ისე ლოგისტიკურად, რაც გამოხატავს ჩვენს ლოიალობას იდეისადმი, რომ საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობებში მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ 2015 წელს, ვალ-დ’იზერში ყოფნისას მე და ჩემს დიდი ხნის მეგობარსა და მრჩეველს, პატრიკ ლენგს საქართველოს მხრიდან FIS-ის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა შორეულ პერსპექტივად გვესახებოდა. თუმცა, მცირე მასშტაბის ტურნირების მასპინძლობას მალევე მოჰყვა ევროპის თასი თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდინგში – ამ ყველაფრისთვის ჩვენ მალევე განვავითარეთ ინფრასტრუქტურა და დავაგროვეთ გამოცდილებაც, რომელიც დაგვეხმარება, ვუმასპინძლოთ მსოფლიო დონის ჩემპიონატებსა და შეჯიბრებებს.
საქართველო რომ ზამთრის სპორტის სახეობების დანიშნულების ელიტურ ადგილად ვაქციოთ, აუცილებელია ქვეყნის მთიან რეგიონებში – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და აჭარაში გავხსნათ სათხილამურო სკოლები, რომლებიც ბავშვების გაწვრთნასა და დაბინავებას შეძლებენ. ეს ევროპულ ტურნირებზე წარმატების მიღწევის საფუძველს ქმნის და საქართველოს მსოფლიო კლასის დანიშნულების ადგილად ქცევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ მაღალი პროფილის მსოფლიო თასს, ჩვენი ზამთრის კურორტები წარმატებით მოინიშნა მსოფლიოს რუკაზე, ისეთი დანიშნულების ადგილების გვერდით, როგორიცაა ალპები და კლდოვანი მთები. სათხილამურო შეჯიბრებებისთვის კურორტების განვითარებამ ხელი შეუწყო ტურიზმისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებასაც, რაც თავისთავად აფართოებს საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს. ეს ყოველივე ასევე ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიისას.
ცხადია, სასიამოვნო სანახავია, როგორ არჩევენ საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობებში საყოველთაოდ აღიარებული შეჯიბრებების ორგანიზატორები მასპინძელ ქვეყნად, მაგრამ შემდეგი მიზანი ჩვენთვის მთელი მსოფლიოდან მოყვარული მოთხილამურეების მოზიდვა უნდა იყოს. კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური გავლენისგან ქვეყნის ეკონომიკის „გამოჯანსაღებაში“ მნიშვნელოვან როლს სწორედ ტურიზმის ინდუსტრია ითამაშებს. 2019 წელს ქვეყანას რეკორდული რაოდენობის – ცხრა მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, მომავალში კი მხოლოდ შემდგომ ზრდას პროგნოზირებდნენ. თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ტურისტებში ზამთრის სპორტის სახეობის მოყვარულები ნაკლებად იყვნენ – ეს კი ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე მიუთითებს.
დაბოლოს – თხილამურებით სრიალი ყოველთვის ჩემი ფავორიტი სპორტი იყო. ბავშვობიდან ბაკურიანის ტრასების ხშირი სტუმარი ვიყავი, ტრასების, რომლებიც მალე მსოფლიო თასს უმასპინძლებს. 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კურორტი ქაოსური და არასწორი ურბანული განვითარების გზით წავიდა, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო. ძლიერი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა (საბაგირო გზები, ტბები ხელოვნური გათოვლიანებისთვის და ა.შ.), რაც აუცილებელია მასშტაბური მსოფლიო კლასის შეჯიბრისთვის, ბაკურიანს აუცილებლად დაუბრუნებს ძველ დიდებას. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ უფრო მეთოდური და რაციონალური მიდგომა იქნება გამოყენებული ისეთი ტრასების განვითარებისთვის, როგორიც გვხვდება ყაზბეგში, მესტიაში, თუშეთში, რაჭაში, ბახმაროსა და გოდერძიზე.
დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის ტემპი მოიმატებს და საერთაშორისო მოგზაურობაც ნელ-ნელა დაუბრუნდება ადრინდელ მდგომარეობას, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს – საქართველომ აღადგინა პირდაპირი ფრენები ევროპასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ისრაელთან. პარალელურად, მიუხედავად კრიზისული სიტუაციისა, ჩვენ მადლიერები ვართ, რომ მსოფლიო კლასის სათხილამურო ჩემპიონატები გვაქვს კავკასიის რეგიონში – ეს პოზიტიური სიგნალია, რომელიც ყველა ჩვენგანს ამხნევებს.
მოსაზრება თავდაპირველად გამოქვეყნდა პორტალზე eureporter.
დატოვე კომენტარი