ჩემი აზრით, ზედმეტად კარგად მართა ქვეყანამ ეპიდემია. ზედმეტად კვადრატში.. ეს არ არის აღფრთოვანების გამოხატულება, ვინაიდან მგონია რომ რაღაც ეტაპამდე ვმართეთ გამართულად. რაღაც ეტაპის მერე რას ვაკეთებთ, ჯერ არ გვესმის ბოლომდე, – ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების სპეციალისტმა დავით გზირიშვილმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუს დროს აღნიშნა.
მისივე თქმით, რთულია კარგი უწოდო რაღაც ეტაპის შემდეგ მართვას, როდესაც ქვეყანაში აზრი გაყოფილია.
“თუ ჩვენ კარგად ვმართავთ, ეს კითხვა საერთოდ არ უნდა იყოს. საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ეს კითხვა… დღეს საზოგადოება ამაზე კამათობს, მართვა გულისხმობს არა ერთი ბრძენის თავში რა არის, არამედ ეს რამდენად დამაჯერებლად გავაგებინეთ ადამიანებს, მოქალაქეებს და სადავო აღარ არის“, – აღნიშნა დავით გზირიშვილმა.
მისივე თქმით, შეკავება კარგია, მაგრამ ზომაზე მეტად თუ შეაკავებ ვირუსის გავრცელებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორჯერ უფრო მეტად გავიმარჯვეთ, – „შეკავებას აქვს თავისი ლოგიკა და ამას გაგრძელება უნდა მოჰყვეს. და ეს გაგრძელება ცოცხალი თავით აღარ გვაძლევს საშუალებას რომ მოყვეს… თუ ჩვენ გვჯერა რომ შეკავებით დავიწყეთ და შეკავებით დამთავრდება მართვა ეპიდემიის, შეკავებული ეპიდემია არსად არ წავა…“.
გზირიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა რომ გაიზრდება, ეს მისთვის რისკის თემა არ არის.
“შეიძლება სადავო იყოს რა ტემპით გაიზრდება. მაგრამ ის რომ გაიზრდება უდავოა. ეს მე არ მაშინებს, იმიტომ რომ ეს არის გარდაუვალია. ამიტომ ეს რისკი ჩემთვის არ არის. ეს არის ეპიდემიის ბუნებრივი განვითარების ლოგიკა, იმიტომ რომ ეს ვირუსი არსად არ წასულა. როგორც კი ჟანგბადს მეტს მისცემ, როგორც ალი ეს უფრო გაძლიერდება და იქნება უფრო მეტი. აქ რისკი არის რომ ჩვენ ზედმეტად არ მივცეთ გაქანების საშუალება რომ წაგვლეკოს. ანუ აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში როგორში აღმოჩნდა მარტის დასაწყისში იტალია. არ მივცეთ ცუნამის ეფექტი.. ეს რისკი შეიძლება განვიხილოთ რისკად. მაგრამ ის რომ გაიზრდება, ეს არის გარდაუვალობა.
მე მეშინია რომ ჩვენ თუ წინასწარ ვიზეიმებთ წარმატებას და მერე ბუნებრივად გაიზრდება რაოდენობა, ამას ჩავთვლით რომ დავიღუპეთ და მერე კიდევ უარესად შევშინდებით… ამის რისკი მაფიქრებს, რომ ასეთი განწყობის ფონზე, მოვლენათა ბუნებრივი განვითარება მარცხად შეიძლება აღვიქვათ და უარეს პანიკაში ჩავვარდეთ, ვიდრე იანვარში“, – განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების სპეციალისტმა დავით გზირიშვილმა.
ამასთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების სპეციალისტის აზრით, ეპიდემიასთან თანაცხოვრებისთვის უნდა მოვემზადოთ.
“არ მაქვს განცდა, რომ ფონს გავედით. ჩვენ კიდევ გვექნება დრო თუ რაღაც არ გვაქვს სათანადოდ მომზადებული, ახლა მოვამზადოთ ამ ეპიდემიასთან თანაცხოვრებისთვის, არა დიდი გალავნის იქეთ, არამედ რეალურად შევხვდეთ ერთმანეთს და ვისწავლოთ და გავუმკლავდეთ; მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ იდეალური იქნებოდა, თუ ამ დროს გამოინახებოდა ადამიანური რესურსები, ვინც იფიქრებდა იმაზე, ეს ძლიერი რყევა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სტრუქტურული ცვლილებებისთვის, თუნდაც იგივე ეკონომიკის სტრუქტურის შესაცვლელად, რადგან მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც თვლის, რომ ტურიზმი არის ეკონომიკაში განმსაზღვრელი და არა – სხვა სექტორები. მე მიმაჩნია, რომ ეს სამწუხარო ფაქტია“, – თქვა გზირიშვილმა, რასაც საუბრის მოდერატორის გიორგი ისაკაძის კითხვა-რეპლიკა მოჰყვა: „სხვა სექტორები-ც ტურიზმთან ერთად, არა?“
“მე ვამბობ იმას, რომ როდესაც ტურიზმზეა ასე დამოკიდებული ქვეყანა და მისი საზოგადოების კეთილდღეობა, ეს ძალიან დასანანია. მე არ ვიცი, მაგალითად, ქიმიური წარმოება საფრანგეთში რამდენად შენელდა პროცენტულად, რადგან ლოგიკურად ასეთი სფეროების მგრძნობელობა ეპიდემიასთან ნაკლებია, ის აგრძელებს მუშაობას. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ტურიზმი ქვეყანას ვერ ააყვავებს. ამ დასკვნებს გამოვიტანთ თუ არ გამოვიტანთ, ისევ დამოკიდებულია იმაზე, რომ კი იქნებიან ადამიანები ვინც ამაზე იმუშავებს, დაწერს, მაგრამ მერე ვინმე ასახავს ამას გეგმაში თუ – არა, მეეჭვება“, – აღნიშნა მან.
დატოვე კომენტარი